Category: ახალი ამბები

  • ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო

    ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო

    სანქციები ბიძინა ივანიშვილს, მის გარემოცვასა და პროპაგანდისტულ მედიებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა  და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე მთელი მოსახლებისთვის –  ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 53 ხმით, 14-ის წინააღმდეგ, მიიღო რიგით მეორე კრიტიკული ანგარიში საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შესახებ. ანგარიში 2025 წელს მიმოიხილავს.

    დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, დაგმობილია დემოკრატიული უკუსვლა და „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმისკენ სვლა, რეპრესიული კანონების მიღება და პოლიტიკოსების და მოქალაქეების დაპატიმრება. ასევე ნათქვამია, რომ საქართველო კვლავ არ უერთდება რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აბსოლუტურ უმრავლესობას. ანგარიშით ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, მიიღონ კოორდინირებული შემზღუდავი ზომები ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკოსის, ოფიციალური პირისა და ხელშემწყობის წინააღმდეგ. დოკუმენტის მიხედვით ეს მოიცავს სანქციების სიების გაფართოებას, აქტივების ყოვლისმომცველ გაყინვას და სავიზო აკრძალვებს მათთვის, ვინც პასუხისმგებელია სახელმწიფოს მიტაცებაზე, რეპრესიებსა და რეჟიმის მიერ დაფინანსებულ პროპაგანდაზე. ანგარიში მოითხოვს დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და კომპანიების წინააღმდეგ.

    “ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, მიიღოს კოორდინირებული, ევროკავშირის მასშტაბის შეზღუდვითი ღონისძიებები ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკოსის, მაღალჩინოსნისა და ხელშემწყობის წინააღმდეგ — სანქციების სიების გაფართოების, სახელმწიფოს მიტაცებაში, რეპრესიებსა და რეჟიმის მიერ დაფინანსებულ პროპაგანდაში პასუხისმგებელ პირთა ქონების სრული გაყინვისა და სავიზო შეზღუდვების ჩათვლით. ევროპარლამენტარები დაჟინებით მოუწოდებენ ევროკავშირს, დაუყოვნებლივ დააწესოს პირადი, მიზანმიმართული სანქციები „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ, ხოლო ევროკავშირს მოუწოდებენ, გაყინოს მისი აქტივები და ითანამშრომლოს სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან. ანგარიშში ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროპულ საბჭოში ამ საკითხში ერთსულოვნება ვერ იქნება მიღწეული, წევრმა სახელმწიფოებმა გამოიკვლიონ სხვა კოლექტიური მექანიზმები ეფექტიანი და ერთიანი ევროკავშირის პასუხის უზრუნველსაყოფად.“–წერია ანგარიშში.

    ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სერიოზული გაგრძელების ფონზე, ევროპარლამენტარები სინანულით აღნიშნავენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა ნეგატიური ტენდენციების უკუქცევისთვის. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების ქართულ ხელისუფლებასთან ჩართულობა მკაცრად უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გადადგამს თუ არა ხელისუფლება ხელშესახებ და გადამოწმებად ნაბიჯებს – დემოკრატიული რეგრესის, რეპრესიების და რუსული სტილის ანტიევროკავშირული დეზინფორმაციის შეჩერების მიმართულებით. როგორც ანგარიშში წერია,  დოკუმენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც კვლავ მიისწრაფის ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის. ამასთანავე, მოხსენება ინარჩუნებს ევროპარლამენტის წინა პოზიციას საქართველოს პარლამენტის და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების შესახებ.

    ფრაგმენტი ანგარიშიდან  საქართველოს შესახებ

    ევროპარლამენტარები, რომლებიც დიდი ხანია, 2024 წლის ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, გმობენ „ქართული ოცნების“ მიერ სრული ავტოკრატიისკენ გააქტიურებულ სვლას. ეს მოიცავს: დაუსჯელობის სისტემის შექმნას პოლიტიკური რეპრესიებისთვის პასუხისმგებელი მაღალჩინოსნებისა და ინსტიტუტებისთვის; ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებადამცველების შევიწროებას; ოპოზიციური ფიგურების დევნას; ოპოზიციური ხმების, დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული შემზღუდველი კანონმდებლობის მიღებას; ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და პლურალისტური საარჩევნო გარემოს განადგურებას; საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ცენტრალიზებული კონტროლის დამყარებას; ასევე, სამართალდამცველთა მხრიდან მომიტინგეებზე, დაკავებულებსა და პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული პირების მიმართ ძალის გადაჭარბებული გამოყენების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებებს

    ანგარიშში ასევე არის მოწოდება, „ქართულმა ოცნებამ“ გაათავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები და აღნიშნავს, რომ ასეთი პატიმრების არსებობა შეუთავსებელია ქვეყნის ვალდებულებებთან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. დოკუმენტის თანახმად  „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი. როგორც ანგარიშშია ხაზგასმული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაზეც „ქართული ოცნება“ სრულად იქნება პასუხისმგებელი.

    “ევროპარლამენტი აღნიშნავს კომისიის წინადადებას, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში, როგორც „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევის პირდაპირი შედეგი; წუხს, რომ დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი ქართველი თანამდებობის პირებისთვის ევროკავშირის მასშტაბით ვიზების აკრძალვა შეუძლებელი გახდა უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო; აფრთხილებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაზეც სრულად პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ იქნება.“– ნათქვამია ანგარიშში

    ყოველწლიური ანგარიში, რომელზეც ევროპარლამენტში მუშაობა მიმდინარეობს, წარმოადგენს ევროპარლამენტის პასუხს ევროკომისიის გაფართოების ანგარიშებზე კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი სახელმწიფოების შესახებ. ამ შემთხვევაში ევროპარლამენტი აფასებს საქართველოს პროგრესს კომისიის 2025 წლის ანგარიშის საფუძველზე და მიიღებს რეზოლუციას, რომელიც წარმოადგენს პარლამენტის ოფიციალურ პოზიციას საქართველოს შესახებ. საკითხზე მომხსენებელია ლიეტუველი ევროპარლამენტარი „ევროპის სახალხო პარტიიდან“ რასა იუკნევიჩიენე. კომიტეტის სხდომაზე მან  განაცხადა,რომ , „ქათულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანების დასარწმუნებლად, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება არ აკმაყოფილებს ევროკავშირის კანდიდატობის კრიტერიუმებს.

     

    ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ამბობს:

    “მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მომხსენებელს ამ დოკუმენტის მომზადებაში მათი წარმოუდგენელი ერთიანობისთვის. როგორც ჩანს, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაერწმუნებინა სრულიად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები, პოლიტიკური ჯგუფები, პროევროპული პოლიტიკური ჯგუფები, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება არ აკმაყოფილებს ევროკავშირის კანდიდატობის არცერთ კრიტერიუმს. მეორეს მხრივ, ჩვენ ამ ანგარიშს ერევანში სპეციალური ფორუმის ფონზე ვიღებთ. ვფიქრობ, ყოველი პროდასავლურად განწყობილი ქართველი ბედნიერია, რომ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის მათი – ქართველების – იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა. ამ ეტაპზე მე მჯერა საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივის.“

    ანგარიშის პირვანდელ ვერსიას თან ერთვის ათობით შესწორების პროექტი, რომელთა უმეტესობაც ასევე კრიტიკულია ხელისუფლებისადმი, თუმცა ნაწილი მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ მთავრობას. მათ უმეტესობას კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტარების, რასა იუკნევიჩიენესა და მირიამ ლექსმანის შესწორების თანახმად, ევროპარლამენტი გმობს „იმედისა“ და „პოსტივის“ მიერ „ევროკავშირის წინააღმდეგ სისტემური დეზინფორმაციისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებას და იწონებს ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, დაეწესებინა ფინანსური სანქციები ამ ორი მაუწყებლისთვის. შესწორების კიდევ ერთ პროექტში, „იმედთან“ და „პოსტივისთან“ ერთად ნახსენებია „რუსთავი 2“,  სამივე ტელეარხი მოხსენიებულია, როგორც „ქართული ოცნების” რეჟიმის დე ფაქტო კომუნიკაციების დეპარტამენტი. ევროპარლამენტარები ასევე ითხოვენ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი პირების სანქცირებას. ანგარიში, რომელსაც საგარეო კომიტეტმა მხარი დღეს  დაუჭირა, პლენარულ სესიაზე კენჭისყრაზე ივნისში გავა.

  • ზელენსკი კობახიძეს იმიტომ შეხვდა, რომ კიდევ ერთხელ აჩვენა რუსეთს საკუთარი ძლიერი პოზიციები – სამადაშვილი

    ზელენსკი კობახიძეს იმიტომ შეხვდა, რომ კიდევ ერთხელ აჩვენა რუსეთს საკუთარი ძლიერი პოზიციები – სამადაშვილი

    „მიუხედავად კობახიძის მცდელობისა, რომ ევროპული წარმომადგენლობის, მათ შორის ბრიუსელის ე.წ ბიუროკრატიის შეხვედრა გამართულიყო ძალიან მაღალ დონეზე, რომელსაც ყოველდღე ლანძღავს კობახიძე, ბოჭორიშვილი და სხვები, მათ ამ შეხვედრაზე უარი მიიღეს. ეს საკითხი განიხილეს ბრიუსელში და კობახიძესთან შეხვედრა დღევანდელ ვითარებაში არ მიიჩნიეს მიზანშეწონილად. ცხადია, ასევე არ მიიჩნია მიზანშეწონილად არცერთმა სხვა მნიშვნელოვანმა ევროპელმა ლიდერმა. სწორედ ამიტომ ჩვენ ვნახეთ, რომ კობახიძეს არ ჰქონდა არცერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა არცერთ ევროპელ ლიდერთან. მსგავსი ფორმატები პირველ რიგში, სწორედ ამისთვის გამოიყენება. დღეს კობახიძესთან შეხვედრა არავის სურს. ზელენსკი სწორედ იმიტომ შეხვდა, რომ ამით მან კიდევ ერთხელ აჩვენა რუსეთს საკუთარი ძლიერი პოზიციები და შეხვდა იმ ხელისუფლების წარმომადგენელს, რომელიც არის რუსეთის მოკავშირე. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს და მის შიკრიკებს, რომელსაც ის აგზავნის ერევანში თუ სხვაგან, მათ დღეს ერთადერთი დავალება აქვთ მიღებული, გაუქმდეს ის სანქციები, რომელიც ივანიშვილს აქვს დაწესებული, როგორც რუსეთის მოკავშირეს. შესაბამისად, დღეს ივანიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაიმე პოზიტიური დინამიკა შეინარჩუნოს ზელენსკისთან ურთიერთობაში, რადგან ცხადია, ზელენსკის პოზიცია გადამწყვეტია დღეს საერთაშორისო პოზიციონირებაში”

    ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სომხეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა არცერთმა ევროპელმა ლიდერებმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

  • მოსკოვში უკრაინული დრონების თავდასხმის ასარიდებლად  მობილური ინტერნეტი გათიშეს

    მოსკოვში უკრაინული დრონების თავდასხმის ასარიდებლად მობილური ინტერნეტი გათიშეს

    მოსკოვში უკრაინული დრონების თავდასხმის ასარიდებლად მობილური ინტერნეტი გათიშეს. როგორც ქვეყნის ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის სამინისტრო აცხადებს, ეს დროებითი ღონისძიებაა და სახლის ინტერნეტი და Wi-Fi მუშაობს.

    რუსული პროპაგანდისტული მედია, სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოსკოვში და რუსეთის რეგიონებში ინტერნეტის  შეზღუდულია უკრაინული დრონების თავდასხმის თავიდან ასაცილებლად, რადგან მობილური ინტერნეტის გათიშვა დრონების დამიზნების სიზუსტეს ამცირებს.

    მოსკოვის ცენტრში მიუწვდომელია ის ინტერნეტ რესურსებიც კი, რომლებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს შეფერხებების დროს. შეუძლებელია მობილური ქსელებით ტექსტური შეტყობინებების გაგზავნაც.

    შეზღუდვა უკავშირდება 9 მაისის აღნიშვნის ღონისძიებას.

  • ვიზიარებ ზურაბიშვილის სულისკვეთებას, დავიწყოთ ფიქრი, რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ არალეგიტიმური ხელისუფლების წასვლის შემდეგ

    ვიზიარებ ზურაბიშვილის სულისკვეთებას, დავიწყოთ ფიქრი, რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ არალეგიტიმური ხელისუფლების წასვლის შემდეგ

    ვიზიარებ სალომე ზურაბიშვილის სულისკვეთებას, დავიწყოთ ფიქრი, რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების წასვლისა და მათ მიერ ჩადენილი სიბინძურეების ამოტივტივების შემდეგ,- ასე ეხმაურება პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, „ქართულ ქარტიაში“ ორი ცვლილება შეიტანონ.

    „სრულად ვიზიარებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო ფონდი ბიუჯეტიდან მოპარული ფულის ბავშვთა დაავადებების სამკურნალოდ გამოსაყენებლად. ასევე ვიზიარებ მის სულისკვეთებასაც, რომ დავიწყოთ ფიქრი, რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების წასვლისა და მათ მიერ ჩადენილი სიბინძურეების ამოტივტივების შემდეგ“, – წერს ხოშტარია.

  • შს მინისტრის მოადგილედ გაგა კირკიტაძე დაინიშნა

    შს მინისტრის მოადგილედ გაგა კირკიტაძე დაინიშნა

    შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გაგა კირკიტაძე დაინიშნა.

    “ახლად დანიშნულ მინისტრის მოადგილეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. გაგა კირკიტაძე 2025 წლიდან დღემდე იკავებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას.

    2018-2020 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტებს, ხოლო 2020-2021 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.სხვადასხვა პერიოდში მას ხელმძღვანელი პოზიციები ეკავა როგორც ფინანსთა, ისე თავდაცვის სამინისტროებში”. – ნათქვამია განცხადებაში.

  • ავტომობილი ლაიფციგის ცენტრში ხალხის მასაში შევარდა. პოლიცია ორი დაღუპულის შესახებ იუწყება

    ავტომობილი ლაიფციგის ცენტრში ხალხის მასაში შევარდა. პოლიცია ორი დაღუპულის შესახებ იუწყება

    გერმანიის ქალაქ ლაიფციგის ცენტრში ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა. პოლიციის მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა.

    ლაიფციგის მერმა ბურკჰარდ იუნგმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია. მისივე თქმით, დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობია, ხოლო შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია.

    „ეს შოკისმომგვრელია. ამ წუთას ერთადერთი, რაც შემიძლია, არის სოლიდარობა გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს“, — უთხრა იუნგმა ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე. „ყველა დანარჩენი დეტალი პოლიციისა და საგამოძიებო ორგანოების მუშაობის შედეგად უნდა დადგინდეს“.

    პოლიციის ცნობით, დაკავებული 33 წლის გერმანიის მოქალაქე მამაკაცია.

    საქსონიის პრემიერ-მინისტრმა მიხაელ კრეჩმერმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილს შესაძლოა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონოდა.

    „ეს სულის სიღრმემდე მზარავს“, — დაწერა მან X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. „მსგავსი ქმედება სიტყვებს გვაკარგვინებს და გვაიძულებს, მტკიცედ ვიმოქმედოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შემთხვევა სწრაფად და საფუძვლიანად იქნას გამოძიებული. კანონის უზენაესობა მთელი ძალით იმოქმედებს“.

    ლაიფციგის სახანძრო სამსახურის უფროსმა აქსელ შუხმა განაცხადა, რომ დაშავდა 22 ადამიანი, მათგან ორი — მძიმედ. მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე იმყოფება დაახლოებით 40 მეხანძრე და 40 პარამედიკოსი, ასევე ორი ვერტმფრენი.

    თვითმხილველების თქმით, Volkswagen-ის ჯიპმა, რომელშიც ერთი ადამიანი იმყოფებოდა, მაღალი სიჩქარით გაიარა ქვეითთა ზონაში.

    პოლიციამ დაადასტურა, რომ ქალაქის ცენტრში, გრიმაიშე-შტრასეზე, ავტომობილი რამდენიმე ადამიანს დაეჯახა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    მოგვიანებით მძღოლი დააკავეს და, პოლიციის განცხადებით, „ამჟამად ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს“.

    ბოლო წლებში გერმანიაში, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, ხალხის დიდ მასებში ავტომობილით შევარდნის არაერთი შემთხვევა მოხდა. მათი ნაწილი რელიგიური ან პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული, ნაწილი კი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებმა ჩაიდინეს.

    2025 წლის თებერვალში მძღოლმა, რომელიც მიუნხენში ქუჩაზე ხალხის კოლონაში შევარდა, ქალი და მისი ქალიშვილი მოკლა და დაახლოებით 30 ადამიანი დაჭრა. 2024 წლის დეკემბერში, აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ მაგდებურგში, საშობაო ბაზრობის სტუმრებზე ავტომობილის შევარდნის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. 2016 წელს კი ბერლინში 13 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც სატვირთო ავტომობილი ქალაქის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე შეკრებილ ხალხში შევარდა.

  • სომხეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

    სომხეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

    სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, კირ სტარმერმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

    „დღევანდელი ერთობლივი დეკლარაციით სომხეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ჩვენ ვხსნით ახალ და პერსპექტიულ თავს სომხეთ-ბრიტანეთის ურთიერთობებში“, – დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა X-ზე.

  • ბიზნესის საქმიანობაში უხეშ ჩარევას არ ვაპირებთ – ბიზნესთან თანამშრომლობით ვაპირებთ – კობახიძე ფასებზე

    ბიზნესის საქმიანობაში უხეშ ჩარევას არ ვაპირებთ – ბიზნესთან თანამშრომლობით ვაპირებთ – კობახიძე ფასებზე

    “ფასებთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისიამ ძალიან სიღრმისეული დასკვნა დადო. ფასწარმოქმნაში სტრუქტურული პრობლემები გამოვლინდა, რასაც ბიზნესთან თანამშრომლობის საფუძველზე, კონკრეტული ზომების დაპირისპირება სჭირდება. ამ მიმართულებით, ეს ერთადერთი სწორი გზაა. შესაძლებელია მიწოდების ჯაჭვის დამოკლება, რაც ფასების შემცირებას უზრუნველყოფს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს სტრუქტურული პრობლემები ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა, 1 და 2 დღეში ეს პრობლემა ვერ მოგვარდება, მაგრამ თუ სწორი მიდგომა იქნება, შესაძლებელია, საშუალოვადიან პერსპექტივაში დამოკლდეს მიწოდების ჯაჭვი ისე, რომ ფასნამატი 86%-დან გონივრულ ოდენობამდე შემცირდება. ეს არის ჩვენი ამოცანა და კომისიის დასკვნების შესაბამისად ვიმოქმედებთ.

    ჩვენ ბიზნესის საქმიანობაში უხეშ ჩარევას არ ვაპირებთ – ბიზნესთან თანამშრომლობით ვაპირებთ იმ სტრუქტურული პრობლემების მოგვარებას, რომელიც მიწოდების ჯაჭვშია იდენტიფიცირებული. გადასახადების შემცირებას რაც შეეხება, პოპულიზმი ზუსტად ეს არის”

    აცხადებს “ქართული ოცნების” პრემიერი, ირაკლი კობახიძე ფასებთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე საუბრისას.

  • მეგობრული და საინტერესო საუბარი იყო – კობახიძე ზელენსკიზე

    მეგობრული და საინტერესო საუბარი იყო – კობახიძე ზელენსკიზე

    „მე შინაარსზე ვერაფერს ვიტყვი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო დახურული შინაარსის შეხვედრა, დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, რაც შედგა ჩვენს შორის.

    თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. არსებითად ეს იყო ამ საუბრის საგანი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იყო საინტერესო და ძალიან მეგობრული საუბარი.

    უკრაინა ჩვენთვის არის მეგობარი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ტრადიციული ისტორიული მეგობრობა რაც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს ხალხებს, ამას უნდა გავუფრთხილდეთ მაქსიმალურად და ეს იყო მათ შორის ის სულისკვეთება, რომელიც პრეზიდენტს გავუზიარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ,”-

    თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ სომხეთში, ერევანში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე.

  • 8 წლის წინ სომხეთში არავინ ჩამოვიდოდა, თუმცა ნიკოლმა ქვეყანა რუსეთისგან მომავალი რისკებისგან გაათავისუფლა  – მაკრონი

    8 წლის წინ სომხეთში არავინ ჩამოვიდოდა, თუმცა ნიკოლმა ქვეყანა რუსეთისგან მომავალი რისკებისგან გაათავისუფლა  – მაკრონი

    ვფიქრობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის მიერ სომხეთში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაო ძალიან შთამბეჭდავია. მოდით, ვიყოთ გულახდილები: რვა წლის წინ აქ არავინ მოვიდოდა. რვა წლის წინ ეს ქვეყანა რუსეთის ფაქტობრივ სატელიტად განიხილებოდა. ნიკოლმა „ხავერდოვანი რევოლუცია“ მოაწყო და გადაწყვიტა, თავისი ქვეყანა რუსეთისგან მომავალი რისკისგან გაეთავისუფლებინა. ამის გამო მას ყოველდღიურად ესხმიან თავს. ის ფაქტი, რომ მან გადაწყვიტა, როგორც მშვიდობა, ასევე ევროპა, ძალიან ძლიერი სიგნალია“,

    ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა.