Category: ახალი ამბები

  • მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის განაჩენის გამოცხადება გადადო

    ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართა. მზია ამაღლობელმა,  დასკვნითი სიტყვა თქვა, რის შემდეგაც, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განაჩენი არ გამოაცხადა და ის 6 აგვისტოსთვის გადადო.

  • წულუკიანის კომისიამ დასკვნის პროექტი დაამტკიც და სექტემბერში გასაჯაროვდება

    წულუკიანის კომისიამ დასკვნის პროექტს კენჭი უყარა და “ერთხმად მიიღო”. ხვალ, 5 აგვისტოს კომისიას უფლებამოსილების ვადა ეწურება, რის შემდეგაც,  430-გვერდიანი დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება.

    დასკვნა ჯერჯერობით არ გასაჯაროვდება – მისი სრულად წარდგენა და გამოქვეყნება სექტემბერში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი.

    “ბიურო როცა ჩათვლის საჭიროდ, კანონმდებლობით დადგენილი წესებით და ვადაში, ჩანიშნავსსხდომა, რომელზეც ჩვენ ამ დასკვნით წარვდგებით. ჩვენი ვარაუდით, ეს იქნება სექტემბრის პირველივე დღეებში და სწორედ პლენარულ სხდომაზე გასაჯაროვდება დასკვნა. უფრო მეტიც, მოხდება ამ დასკვნის პუნქტობრივი განხილვა.[…]

    პარლამენტს აქვს ამის შესაძლებლობა, შესანიშნავი სტამბა, თანამშრომლები. კარგი იქნებოდა, პლენარული სხდომისთვის გარეგნულად სამუშაო ვერსიით კი არა, არამედ, მაგალითად, დასტამბული, წიგნის სახით, დიზაინერი რომ თავის წვლილს შეიტანს, ასეთი ფორმით შევთავაზოთ თითოეულ ჩვენს კოლეგას. და პლენარული სხდომის მერე დავბეჭდოთ მეტიც, იმისთვის, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებმა წაიკითხონ.

    … ასევე, ბატონი თენგიზი [შარმანაშვილი] ხშირად ამბობს თარგმანთან დაკავშირებითაც, რომ ითარგმნოს, რადგან ამ დასკვნას ვინც წაიკითხავს, ნახავს, რომ ზოგიერთი უცხო ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება თუ შეფასება საქართველოს მოქალაქისთვის, განსაკუთრებით იმისთვის, ვინც ნაციონალური მოძრაობის დანაშაული თავის თავზე იწვნია, არის ხოლმე სრულიად გაუგებარი. და ამას განაპირობებს ის, რომ მოცემულმა უცხო ქვეყნის წარმომადგენლებმა არც კი იციან, რაში იცხოვრა საქართველომ 2003-დან 2012 წლამდე. ეს დასკვნა მათ უნდა დაეხმაროთ ჩვენს გაგებაში, საქართველოს გაგებაში და იმ ქართველების გაგებაში, რომლებიც დღეს საქართველოში უმრავლესობაში არიან და აღარ სურთ ნაციონალური მოძრაობის და მათთან დაკავშირებული პირების ხელისუფლებაში მოსვლა.

    ამიტომ, რაკი ქართული მათ არ იციან, ბატონი ალუდა [ღუდუშაური] მიანიშნებდა, რომ ქართული განსაკუთრებული ფენომენი და ენაა, ეს მართლაც ასეა, ალბათ, უნდა ვისურვოთ, რომ ითარგმნოს ეს მინიმუმ ინგლისურ ენაზე, ამიტომ დღეიდან დავძრავდით პროცედურებს როგორც თარგმანის, ასევე პირველ რიგში, დაბეჭდვის მიმართულებით” – თქვა წულუკიანმა.

  • მოკვლევა დავიწყეთ ინფორმაციაზე, რომ ფიშერი ხაზარაძისგან ბინას ქირაობს – შემოსავლების სამსახური

    მოკვლევა დავიწყეთ ინფორმაციაზე, რომ ფიშერი ხაზარაძისგან ბინას ქირაობს – შემოსავლების სამსახური

    შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინას ქირაობს.

    “მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩისთვის, ერნსტ პეტერ ფიშერისთვის სავარაუდოდ იჯარით გაცემისას, საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების თაობაზე.

    საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა და ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გატარდება კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები”. – წერს შემოსავლების სამსახური.

  • 92 წლის ასაკში კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა

    92 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია.

    შენგელაიამ კინორეჟისურის განათლება მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში მიიღო. კარიერა კინოსტუდია „მოსფილმში“ დაიწყო, ხოლო 1960 წლიდან მუშაობა განაგრძო „ქართულ ფილმში“. მისი დებიუტი — „თეთრი ქარავანი“ — 1963 წელს თამაზ მელიავასთან ერთად გადაიღო.

    ელდარ შენგელაიას ეკუთვნის ისეთი კინოკლასიკად ქცეული ფილმები, როგორიცაა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „ცისფერი მთები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ლეგენდა ყინულის გულზე“ და სხვა.

  • მედვედევის განცხადების შემდეგ, ტრამპმა 2 ბირთვული წყალქვეშა ნავის რუსეთის სიახლოვეს განლაგების ბრძანება გასცა

    შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 2 ბირთვული წყალქვეშა ნავის რუსეთის სიახლოვეს განლაგების ბრძანება გასცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

    ტრამპმა მედვედევის განცხადებას, “უკიდურესად პროვოკაციული” უწოდა, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2 ბირთვული წყალქვეშა ნავი შესაბამის რეგიონებში განთავსდეს – ”იმ შემთხვევისთვის, თუ ეს უგუნური და გამაღიზიანებელი განცხადებები მხოლოდ სიტყვებზე მეტი აღმოჩნდება”.

    ”რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის ( რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა) უკიდურესად პროვოკაციული განცხადებების საფუძველზე, გავეცი ბრძანება, რომ 2 ბირთვული წყალქვეშა ნავი შესაბამის რეგიონებში განთავსდეს – იმ შემთხვევისთვის, თუ ეს უგუნური და გამაღიზიანებელი განცხადებები მხოლოდ სიტყვებზე მეტი აღმოჩნდება. სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ხშირად მათ შეიძლება მოულოდნელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ვიმედოვნებ, რომ ეს შემთხვევა ერთ-ერთი მათგანი არ იქნება. მადლობა, რომ ყურადღება მიაქციეთ ამ საკითხს” – აცხადებს დონალდ ტრამპი.

    ”ტრამპის მიერ ჩემს მიმართ გამოთქმული მუქარის შესახებ მის პირად ქსელში Truth Social-ში, რომელსაც მან ჩვენს ქვეყანაში ოპერირება აუკრძალა – თუ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ზოგიერთი სიტყვა აშშ-ის ძლევამოსილ პრეზიდენტში ასეთ ნერვულ რეაქციას იწვევს, მაშინ რუსეთი ყველაფერში მართალია და გააგრძელებს საკუთარი გზით სიარულს,” – განაცხადა მედვედევმა. 

    ცნობისთვის, თავდაპირველად ტრამპის განცხადებას, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად პუტინისთვის მიცემული ვადის 10 დღემდე შემცირების შესახებ მედვედევი გამოეხმაურა და ტრამპს მოუწოდა – “ნუ გაჰყვებით  მძინარე ჯოს გზას”. რაზეც ტრამპმა მედვედევს უპასუხა – “გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ექს პრეზიდენტს, რომ სიტყვებს დაუკვირდეს – ის ძალიან სახიფათო ტერიტორიაზე შედის!”

  • ამაღლობელის ადვოკატი დამაჯერებლად ასაბუთებს, რამდენი ტყუილი და ცრუ ჩვენება წარმოადგინეს მოწმე პოლიციელებმა  – ზურაბიშვილი

    ამაღლობელის ადვოკატი დამაჯერებლად ასაბუთებს, რამდენი ტყუილი და ცრუ ჩვენება წარმოადგინეს მოწმე პოლიციელებმა – ზურაბიშვილი

    „მზიას სასამართლო: სამი საათია, რაც ძალიან დეტალურად, ნათლად, კვალიფიციურად და დამაჯერებლად ადვოკატი ასაბუთებს, თუ რამდენი ტყუილი, რამდენი ცრუ ჩვენება წარმოადგინეს მოწმე პოლიციელებმა… ერთმანეთთან შეუთავსებელი სიცრუე, რომელიც „არ იფუთება”, ურთიერთსაწინააღმდეგო, წარდგენილ ვიდეო მტკიცებულებებთან შეუსაბამო… დაცვის კითხვებს გაუცემელი პასუხები, გამოუსწორებელი უზუსტობები, ცვალებადი ვერსიები, ბრალდების მხარის და მისი მოწმეების ( ყველა მოწმე პოლიციელია და “დაზარალებული პოლიციელის” თანამშრომელი)”.

    ბრალდების და მისი ბრალდებების სრული კოლაფსი…

    ჩვენ წინ იწერება „სისტემური სიცრუის ქრონიკა“,

     

    ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ეხმაურება.

  • მზია ამაღლობელის განაჩენი რეჟიმის განაჩენი იქნება – ლანა ღოღობერიძე

    “მზია – მთელი ცხოვრება თავისუფლებისათვის მებრძოლი, თანმიმდევრული და დაუდეგარი. ის ერთი პატარა ჟესტიც ხომ ამ თვისებების გამოვლინება იყო. და კიდევ – პასუხი კაცის მიერ ქალისთვის მიყენებულ შეურაცყოფაზე. ღირსეული ქალის პასუხი. ჩემთვის ის სწორედ ამ პიროვნული – ქალური – ღირსების სიმბოლოა. მისი განაჩენი რეჟიმის განაჩენი იქნება. ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ კონკრეტულად…

    როდესაც ვფიქრობ, რომ ამ სუსტი ჯანმრთელობის ქალმა, ვისაც დღეს თვალების, ანუ მხედველობის პრობლემები აქვს (!) შეიძლება წლები გაატაროს ციხეში, სული ყელში მებჯინება! კიდევ ერთხელ დაფიქრდი, მოსამართლევ! დღეს უთვალავი თვალია შენკენ მოპყრობილი! იქნებ მოხდეს სასწაული და შენში გაიმარჯვოს თანაგრძნობისა და სამართლიანობის განცდამ, რომელიც ასე ბუნებრივია ადამიანისათვის!”,

    აცხადებს რეჟისორი ლანა ღოღობერიძე.

  • ”გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი პატიმრობიდან!”  – შოთა არველაძე

    “თავისუფლება მზია ამაღლობელს! გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი პატიმრობიდან!”

    თქვა ამის შესახებ, შოთა არველაძემ “ტაბულასთან”.

  • ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია – გარემოს ეროვნული სააგენტო

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია – წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა, წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება. სააგენტოს მიერ გზის გახსნის რეკომენდაცია გაიცა.

    “მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგის შენაკადებში ღვარცოფული ნაკადების ფორმირება გამოიწვია. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მდინარე ყუროს და ჩხერეს ხეობები და სოფელ ცდოსთან მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადში განვითარებული მაღალი სიმკვრივის ღვარცოფული ნაკადი, რომელმაც დროებით თერგის კალაპოტი ჩახერგა.

    ამ დროისათვის შეგუბება გახსნილია და ხეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ასევე, მძლავრი ღვარცოფული ნაკადის გავლას ადგილი ჰქონდა მდინარე ამალი-დევდორაკის კალაპოტში, თუმცა მას დარიალის ხეობაში არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ზემოქმედება არ მოუხდენია.

    მსგავსი განგაშის სისტემის ეფექტიანობა გამოცდილი და აპრობირებულია საგზაო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარე ხეობებისათვის. აღნიშნული სისტემა შესაძლებლობას იძლევა, საჭირო შემთხვევაში, საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის უმოკლეს ვადებში შეიზღუდოს”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ერთიანი მიზანი არასაკმარისია, საჭიროა ერთიანი სამოქმედო სისტემა, ესაა 8-პუნქტიანი გეგმაც – ვაშაძე

    ერთიანი მიზანი არასაკმარისია, საჭიროა ერთიანი სამოქმედო სისტემა, ესაა 8-პუნქტიანი გეგმაც – ვაშაძე

    “4 ოქტომბრის ირგვლივ ატეხილი ამბავი აჩვენებს, რომ სანამ გადაწყვეტილებების მიღების წესზე არ შევთანხმდებით, მანამდე სულ ამ საგიჟეთში ვიქნებით. 8 პუნქტიან გეგმაში სწორედ ეს დავწერეთ, ერთიანობის ურღვეობისთვის უნდა შევთანხმდეთ გადაწყვეტილებების მიღების წესზე.

    მხოლოდ ერთიანი მიზანი საკმარისი არ არის, საჭიროა ერთიანი სამოქმედო სისტემა, სწორედ ეს არის 8 პუნქტიანი გამარჯვების გეგმაც.

    მთავარ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, როგორ ვაღწევთ კომპრომისს განსხვავებული პოზიციების დროს? „თუ არ მეთანხმები, მაშინ მტერი ხარ“ – არის მცდარი მიდგომა. 8 პუნქტში არის გადაწყვეტილებების მიღების ორი მექანიზმი – პარიტეტული საბჭო უმრავლესბით და შემდეგ ეტაპზე ზურას ინიცირებული ბაზა, სადაც მოხდება ხალხის პირდაპირი ჩართულობა გადაწყვეტილბებეის მიღებაში”,

    პატიმრობაში მყოფი ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიორგი ვაშაძე წერილს აქვეყნებს.