Category: ახალი ამბები

  • საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – “კვირის პალიტრა”

    საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ოთხძრავიანი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 „ჰერკულესი“ ჩამოვარდა – ინფორმაციას კვირის პალიტრა ავრცელებს.

     

    თვითმფრინავი აზერბაიჯანის განჯის აეროდრომიდან აფრინდა და დაახლოებით რვა კილომეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა, როდესაც დაბლა ვარდნა დაიწყო.
  • ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიებას კითხვები არასდროს არ ჰქონია – ხმალაძე

    “ახლა უკვე დროა კერძო სექტორში ვიმუშავო, ეს იყო მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ მეტი არაფერი” – აცხადებს, ირაკლი ხმალაძე, რომელიც მაისში ივანიშვილის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, დღეს კი ირაკლი  კობახიძის ბრძანებით თანამდებობიდან გათავისუფლდა.

    “სახელმწიფო სტრუქტურებში ვიმუშავე უკვე ოცი წელი, ზუსტად ოცი წელი შემისრულდა ცოტა მეტი და ვფიქრობ, საკმარისია, მათ შორის, ამ ოცი წლის მანძილზე მაღალ თანამდებობებზე მაქვს ნამუშევარი.[…] ყოველწელს ამოწმებდა ჩემს დეკლარაციას ანტიკორუფციული სამსახური, ყოფილა შემთხვევა, რომ უზუსტობის გამო დავჯარიმებულვარ, მაგრამ არ მქონია ისეთი დარღვევა დეკლარაციის შევსების დროს, რომელიც შეიძლება კითხვების საფუძველი ყოფილიყო.” – ასე ხსნის ხმალაძე თანამდებობიდან წასვლის მიზეზს.

     

  • სხვას როგორ ეძახით „ნაცებს“, როცა თავად „ნაცმოძრაობაში“ აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი „ნაცი“, რამდენიც „ოცნებაშია“ – შარაშიძე “ოცნებას”

    სხვას როგორ ეძახით „ნაცებს“, როცა თავად „ნაცმოძრაობაში“ აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი „ნაცი“, რამდენიც „ოცნებაშია“ – შარაშიძე “ოცნებას”

    „თქვენ სხვას როგორ ეძახით „ნაცებს“, როცა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი „ნაცი“, რამდენიც დღევანდელ „ოცნებაშია“ პორტირებული, წახალისებული და დაწინაურებული. შორს რომ არ წავიდეთ, რამდენიმე დღის წინ, 7 ნოემბერს 18 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასტიკად იძალადა ადამიანებზე თბილისის ქუჩებში, ძალის გამოყენებით შეწყვიტა ტელეკომპანია „იმედის“ მაუწყებლობა და ამ ყველაფრიდან 18 წლის თავზე, არც მეტი არც ნაკლები, თბილისის მერად მესამე ვადით გყავთ ადამიანი, რომელიც 7 ნოემბრის ამ საშინელი დარბევის შემდეგ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად რჩებოდა. განათლების მინისტრად გყავთ ადამიანი, რომელიც ზუსტად 7 ნოემბრის პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე სასტიკი სასჯელაღსრულების სისტემის პირველი პირის მოადგილე და მისი მარჯვენა ხელი იყო, რომელიც თუ იმით აპირებს ციხის ბუნტზე პასუხისმგებლობისგან გაქცევას, რომ თურმე ბუნტის დროს შვებულებაში იყო, ძალიან ცდება! სიას აღარ გავაგრძელებ, ყველას ჩამოთვლას ვერც ჩემი და ვერც ჩემი თანაგუნდელების პოლიტიკური გამოსვლებისთვის გამოყოფილი დრო ვერ ეყოფა იმდენი ყოფილი „ნაცია“ ამ დარბაზშიც და მთავრობაშიც. მაგრამ ყველაზე მთავარი, რის გამოც თქვენ უკვე აღარ განსხვავდებით “ნაცებისგან” არის ის, რომ არა თუ უარი არ თქვით, არამედ შეისისხლხორცეთ და წარმატებით აგრძელებთ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დანერგილ ძალადობას, უსამართლობას და კორუფციას.

    რაც შეეხება 4 ოქტომბერს, თქვენ არ გაწყობთ, ხალხმა გაიგოს სიმართლე 4 ოქტომბერზე. სიმართლე კი არის ის, რომ ეს იყო “ოცნების” და “ნაცების” მიერ მოწყობილი პროვოკაცია. პროვოკაცია, რომელიც არ აღკვეთეთ და ძალაუფლების შენარჩუნების გამო ქვეყანა ასეთ რისკებში შეიყვანეთ. და თუ ეს ასე არ არის, მაშინ აგვიხსენით, რას გულისხმობდა თქვენი პრემიერი, ბატონი კობახიძე იმაში, რომ ვინმე „ანიტას” “ოცნება” უხდიდა ფულს და თქვენი მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირები აწვდიდნენ საიდუმლო ინფორმაციას?! და რა გინდათ ხალხს დააჯეროთ, რომ “ოცნების” მიერ მოსყიდული ანიტა აპირებდა “ოცნების” ხელისუფლების დამხობას “ოცნების” ფულით? ან რატომ არ დაიწყეთ გამოძიება და რატომ არ დაკითხეთ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პირდაპირ დაადო ხელი საკუთარ თანაპარტიელებს “ოცნებასთან” ფარულ გარიგებაში და ნიკა გვარამიას 40 მილიონის “ოცნებისგან” აღებაში? ანუ რა გამოდის, “ოცნება” ფულს უხდიდა “ანიტას” “ოცნების” დამხობაში და ნიკა გვარამიას 40 მილიონით აფინანსებდა “ოცნების” წინააღმდეგ და ამის მერე გინდათ დააჯეროთ ხალხს, რომ თქვენ ებრძვით “ნაცებს”? სინამდვილეში, “ნაცებს” თქვენ კი არ ებრძვით, ჩვენ ვებრძვით! თქვენ კი „ნაცებს“ იყენებთ და როცა გჭირდებათ აცოცხლებთ, რადგან დასუსტებული და გამქრალი „ნაცები“ საფრთხობელას როლს სათანადოდ ვეღარ შეგისრულებენ.

    ყველაზე მეტად სამწუხარო კი ის არის, რომ ამ უაზრო და ქვეყნისთვის არაფრის მომცემ პოლიტიკურ მანიპულაციებს ეწირება ჩვენი ქვეყნის რეალური ინტერესები, ზიანდება სახელმწიფო, ხალხი კი დაუცველია და მისთვის არავის სცალია“,

    ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

  • დასავლეთი საქართველოსთან ჰიბრიდულ ომს აწარმოებს – ზახაროვა

    “შეგახსენებთ, რომ “ჰიბრიდული ომის” კონცეპტი ამერიკელმა სამხედრო თეორეტიკოსებმა გამოიგონეს და პირდაპირ დაიწყეს მისი აქტიური გამოყენება. მცირე ხნის წინ სომხეთის მეზობელ საქართველოში “კოლექტიური დასავლეთის” ქვეყნებმა ხელახლა გამოავლინეს თავი მთელი “ჰიბრიდული სილამაზით”: უხეშად ჩაერივნენ შიდაპოლიტიკურ პროცესში, აღვივებდნენ “მაიდანისეულ” განწყობებს, უარყოფდნენ თბილისის განვითარების გზის არჩევის თავისუფლებას, დაკავებული იყვნენ ღია პოლიტიკური შანტაჟით, ემუქრებოდნენ ისედაც ილუზიური ევროპერსპექტივის ჩამორთმევით.ჩვენთვის მსგავსი მიდგომა უცხოა. ყოველთვის პატივს ვცემდით და პატივს ვცემთ ნებისმიერი ერის სუვერენულ არჩევანს. ამასთანავე, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ განცხადებები “ჰიბრიდულ ომზე” სომხეთის წინააღმდეგ ისმის იმ ფონზე, როცა [სომხეთის] რესპუბლიკაში მიმდინარეობს გამოძიებები ჩვენს ქვეყანასთან კავშირების განვითარების მხარდამჭერთა მიმართ, თითქოს ბოლო წლებში სხვა ქვეყნებში, მაგალითად მოლდოვაში, დამუშავებული სქემის მიხედვით.”

    აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა.

  • კობახიძის გადაწყვეტილებით ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

    ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ირაკლი ხმალაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

    “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ირაკლი ხმალაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 10 ნოემბრიდან.” – ნათქვამია ბრძანებაში.

    ირაკლი ხმალაძე ივანიშვილის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მაისში დაინიშნა.

  • მიწისქვეშ მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია 283 ძირი კანაფი – შსს-მ 1 პირი დააკავა

    ნარკოდანაშაულის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 1985 წელს დაბადებული რ.რ. დააკავეს.მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა – შენახვაში, ასევე, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობაში და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანაში.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რ.რ.-ს, საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთში, ფარულად, მიწის სიღრმეში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას ახდენდა.

    აღნიშნული ტერიტორიის ჩხრეკისას პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 283 ძირი მცენარე კანაფი და 3 კილოგრამამდე გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორი”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

    დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • გზავნილია, ან წავალთ ქვეყნიდან, ან 7-დან 15-წლამდე ციხეში, რისი გემოც გაგვასინჯეს – ჯაფარიძე

    გზავნილია, ან წავალთ ქვეყნიდან, ან 7-დან 15-წლამდე ციხეში, რისი გემოც გაგვასინჯეს – ჯაფარიძე

    გვეუბნებიან, რომ როდესაც ახლა, ცოტა ხანში, გამოვალთ ციხიდან, ქვეყანა უნდა დავტოვოთ, თუ არ გვინდა, დიდი ხნით აქ მოხვედრა, რისი გემოც გაგვასინჯეს. ან წავალთ აქედან, ან 7-იდან 15-წლამდე ციხეში. ესაა გზავნილი , – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში წერს.

    „2025 წლის 7 ნოემბერია აქ, 17:30, ბადრაგი აღებს საკნის კარის სარკმელს და მეკითხება, წავალ თუ არა ჩემს სასამართლო პროცესზე, რომელიც 19:00 საათზეა თურმე ჩანიშნული.

    წამით ვფიქრობ, სხვებიც თუ იქნებიან, ხომ არ წავიდე, ერთად მაინც ვიქნებით, გავერთობით სასამართლოს “აბეზიანნიკში”, მაგრამ გონებაში გავდივარ პოტენციური გამომსვლელების სიას, ვხვდები, რომ არც ერთი ახლა იქ წამსვლელი არაა და ბადრაგს უარით ვუშვებ.

    ასე მომილოცეს “დიდი ოქტომბრის რევოლუციის” 108 წლისთავი. ბავშვობაში ამას ბრეჟნევი აკეთებდა. ბრეჟნევს ბადრაგი სჯობს.

    ჩანაწერები, რომლებსაც ქართულენოვანი რუსული არხები ატრიალებენ, ფარული რომ არ არის, ნებისმიერი მიხვდება, სრულიად უგონო ადამიანის გარდა.

    დედაენის ბაღში ხდება ამბავი. ხელში მეგაფონი მიჭირავს, რომ ხალხს კარგად გავაგონო და როცა ეგეც არ მეყო, “დროასგან” ბორბალ მოტეხილი დინამიკი ვითხოვეთ მიკროფონით. “ფარულობა” მეტი სიმძაფრისთვის სჭირდებათ. ვითომ იმუშავეს, გამოავლინეს, მიაგნეს.

    მაგრამ მაგ ჩანაწერებთან მიმართებაში “ფარულობა” არ არის მთავარი. ეგ ჩანაწერები გაკეთებულია 2021 ან 2022 წლებში, როცა მე და „ლაკას“ [ელენე ხოშტარია] უარი გვაქვს ნათქვამი საპარლამენტო მანდატებზე, სარჩელი გვაქვს შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში, მანდ ვაპროტესტებთ 2020 წლის გაყალბებულ არჩევნებს და ვმსჯელობთ, ეგ პროტესტი როგორ გავხადოთ უფრო მრავალრიცხოვანი.

    2024 წლის არჩევნები ჯერ მომხდარიც კი არ არის. შესაბამისად, რასაც არ უნდა ვამბობდეთ მანდ (ყველა სიტყვას ხელს ვაწერ) მე და ლაკა, ეგ ვერანაირად ვერ იქნება კავშირში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის ამბებთან.

    ეს უბრალოდ ინფორმაციისთვის, თორემ მიაბან, არც ეგაა პრობლემა.

    ლაკას რას ტენიან ჩემგან და გიორგისგან განსხვავებულს, ზუსტად ვერ გავიგე ამ ბრალის დადგენილებიდან, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, ნალაპარაკებია რამე თუ ნამოქმედარი, მეც ვაწერ ყველაფერზე ხელს.

    ერთადერთი, რაც ცოტა დამაბნეველია – მილიონები დახარჯეს იმაში, რომ ხალხისთვის დაეჯერებინათ, ლაკა კრემლიდან ფინანსდებაო და ახლა უნდა ამტკიცონ, რომ უკრაინის აგენტია. სულ ვფიქრობდი, რომ რაღაცით მატა ჰარის ჰგავდა.

    ჩვენთვის წაყენებული ეს ბრალი შეიძლება იყოს კავშირში ევროკომისიის გაფართოების ანგარიშთან. ალბათ ასეცაა. თუმცა სხვა მიზანიც აქვს. რეალურად ჩვენ გვეუბნებიან, რომ როდესაც ახლა, ცოტა ხანში გამოვალთ ციხიდან, ქვეყანა უნდა დავტოვოთ, თუ არ გვინდა, დიდი ხნით აქ მოხვედრა, რისი გემოც გაგვასინჯეს. ან წავალთ აქედან ან 7-იდან 15-წლამდე ციხეში. ესაა გზავნილი.

    მე არ მგონია დასაძრახი, რომ ადამიანი გაექცეს დიქტატორულ რეჟიმს, რომელიც მას სიცოცხლის ან სიცოცხლის ნაწილის წართმევას უპირებს, მნიშვნელობა არ აქვს არც იმას, რამდენია ეს სიცოცხლის ნაწილი, 1 დღე თუ 15 წელი.

    ყველას ერთი ცალი სიცოცხლე გვაქვს და მე არასდროს მჯეროდა, რომ რაიმე თანდაყოლილი ვალდებულება მოგვყვება, ეს სიცოცხლე ისე გავხარჯოთ, როგორც ჩვენ არ გვსურს. ეს ჩემთვის ნიშნავს, რომ თავისუფალი არ ხარ. ანუ ადამიანი არ ხარ.

    ერთადერთი, რაც მაღიზიანებს ხოლმე არის, როცა დიქტატურას ან დიქტატურის შედეგად შექმნილ უპერსპექტივობას გაქცეული ადამიანი:

    ა) აქ დარჩენილებს ასწავლის როგორ უნდა დიქტატურასთან ბრძოლა.

    ბ) ამტკიცებს, რომ ის იქ უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე თუნდაც რუსთაველის ერთი რიგითი დემონსტრანტი.

    ერთი სიცოცხლე მაქვს მეც და ამ სიცოცხლეში “პოლიტიკოსზე” არანაკლებ მნიშვნელოვანი როლები მაქვს ისევე, როგორც ნებისმიერ ადამიანს, რომელიც კრუზოსავით კუნძულზე არ ცხოვრობს.

    ძმა, ქმარი, მამა, მეგობარი, მასწავლებელი.

    თითქმის ნახევარი ჩემი ცხოვრება დავხარჯე იმაში, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს, ვსწავლობდი და გარშემო ყველგან ვასწავლიდი – როგორია ადამიანების სამყარო და როგორი წესებით უნდა მოვაწყოთ ის, რომ ყოველ შემდეგ თაობას უკეთესი დავახვედროთ. ჩემს ხელში გაუვლია ასობით ახალგაზრდას.

    განსხვავებით უბრალო პროფესორისგან, მე ვცხოვრობ იმას, რასაც ვასწავლი.

    ამიტომ, მიუხედავად იმისა, გვერდიდან როგორ ჩანს, სიმართლე იმაშია, რომ ახლა არჩევანი არ მაქვს გასაკეთებელი, რადგან არჩევანი არ მაქვს. ეს არჩევანი მე დიდი ხნის წინ გავაკეთე. ციხე თუ ქვეყნიდან წასვლა – ჩემთვის ყველაფერი იმის გამოცდაა, რისიც მწამს.

    დიდი უსამართლობა ამ ამბავში ისაა, რომ არჩევანი არ აქვს არც ნატას, არ აქვთ არც ჩემს შვილებს, ჩემს ძმას, ბიძაჩემს, მეგობრებს. ყველა ჩემთვის საყვარელ ადამიანს მოუწევს ისევ გააგრძელოს ცხოვრება იმ არჩევანში, რომელიც მე ოდესღაც გავაკეთე. ეს რომ ასეა, ყველაზე უკეთ იცის იმან, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდება – ნატამ.

    ბევრჯერ მიფიქრია, რომ ოდესმე ნატასთან ერთად გავაკეთებდი სიებს ჩვენი საყვარელი ტრეკების/მუსიკის, წიგნების და ფილმების – ჩვენი შვილებისთვის.

    არ ვიცი, რატომ გინდა ადამიანს, რომ შენმა შვილებმა იმავეს მოუსმინონ, იმავეს უყურონ, იგივე წაიკითხონ, რაც შენ მოგწონს. ალბათ, ქვეცნობიერად ფიქრობ, რომ თუ იგივე სამყაროებს ეზიარება, შენნაირი გახდება. არის ამაში რაღაც ეგოისტური.

    არასოდეს მახასიათებდა ე.წ ნივთებთან მიჯაჭვულობა. იშვიათად, რომ რამე შევინახო დიდი ხნით. ნაჩუქარი თუ არ არის, ნებისმიერი რამე შემიძლია გავაჩუქო დაუფიქრებლად. “..დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, დოკუმენტის N D20007853123KN “ არის, რასაც არასოდეს გავაჩუქებ და შევუნახავ შვილებს.

    შემიძლია ვურჩიო შვილებს – წაიკითხონ სახარება, რომ გაიგონ სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანების სისასტიკე ყველაზე კეთილ ადამიანთან მიმართებაშიც კი.

    ვურჩიო – წაიკითხონ კაფკა, რომ გაიგონ, როგორი შეიძლება იყოს უსულო და უგონო ადამიანების მიერ შექმნილი აბსურდული სამყარო.

    ვურჩიო – უყურონ ჩაპლინს, რომ ნახონ, რამდენად სასაცილო შეიძლება იყოს ბოროტება.

    ვურჩიო – წაიკითხონ შალამოვი, ბუკოვსკი, რომ გაიგონ რა იყო საბჭოთა კავშირი.

    ან, შემიძლია ვურჩიო – ყურადღებით წაიკითხონ ჩემი ბრალის დადგენილება. ძალიან მინდა ოდესმე ჩემმა შვილებმა ისევე იცინონ ამ დოკუმენტზე, როგორც მე ვიცინი ახლა. ეგ სიცილი იქნება ყველაფრის კომპენსირება, ყველაფრის – რასაც გადის ჩემი ოჯახი ეს წლებია.

    ყოველდღიურად მიდის საუბარი იმაზე, ნეტა რა მდგომარეობაშია რეჟიმი. უჭირს თუ მყარადაა.

    კარგად რომ იყოს, ანუ რომ იცოდეს, რომ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია, ამდენ სიგიჟეებს არ იზამდა.

    მაგრამ 10 წელი რომ ვერ ბედავ სალაპარაკოდ დაუჯდე ადამიანებს და ბოლოს იგივე ადამიანებს 7-15 წლიანი ციხით ემუქრები მხოლოდ ლაპარაკის გამო, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ დაქირავებული ფიზიკური ძალაღა შერჩათ.

    არსად წასვლას, რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ. მე დავრჩები ჩემს ქვეყანაში, რომლის ღალატსაც მაბრალებენ თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ კიდევ ერთი აბსურდის სურათი დავხატო – როგორ არ გარბის მოღალატე, როცა ამის შანსი აქვს.

    მადლობა ყველას, ვინც მეხმიანება, მაგრამ მართლა არ მჭირდება გამხნევება. იქეთ გავამხნევებ ბევრს.

    გადით რუსთაველზე.

    როცა დაიღლებით, როცა მოგბეზრდებათ, როცა დეპრესია შემოგიტევთ, მაშინ ადექით და გადით რუსთაველზე.

    ნუ უყურებთ ამას როგორც საქმეს, როგორც ვალდებულებას. გაერთეთ ამით, იკაიფეთ. შეხედეთ რუკას, ნახეთ ვინ გებრძვით და ვერ გაჩერებთ. როგორ შეიძლება ამით ვერ იკაიფოთ?

    შეხედეთ, რა დღეში არიან. ყველაფერი აქვთ – თითქმის აბსოლუტური ძალაუფლება, ფული, დაქირავებული კუნთები და რას დაემსგავსნენ? პირბადეებს დასდევენ. მეტყველების უნარზე უარი თქვეს. ყოველ დღე უფრო სასაცილოები ხდებიან.

    ნუ ბრაზდებით ამაზე. იცინეთ, გაერთეთ, იკაიფეთ. მონსტრი აქციეთ კლოუნად. ასე იწყება ჩამოშლა“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

  • თბილისის მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის ნაცვლად რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება

    თბილისის მთავარი ნაძვის ხე წელს პარლამენტის წინ არ დაიდგმება – ნაძვის ხეს რესპუბლიკის მოედანზე დადგამენ. საახალწლო ღონისძიებებისთვის 8 280 000 ლარი დაიხარჯება.

    “2026 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით 2025 წლის 12 დეკემბრიდან 2026 წლის 14 იანვრის ჩათვლით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია “საახალწლო ქალაქის” მოწყობას, მრავალფეროვანი გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას გეგმავს. “საახალწლო ქალაქი” 2025 წლის 12 დეკემბერს ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონიით გაიხსნება.

    ქალაქ თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება მრავალფეროვანი თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები, ფოტოზონები, დეკორირებული ჯიხურები და დახლები, თაღები, დეკორირებული ნაძვის ხეები, საციგურაო ყინულის მოედანი შესაბამისი დეკორაციით, ქუჩების და ფასადების თემატური მორთულობები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, თოვლის ბაბუას (სანტას სახლი) და სახელოსნო. გაიმართება საახალწლო სოფლის გახსნის ღონისძიება, სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები.

    მოეწყობა მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები, ღია კინოთეატრი, ზღაპრის გმირების მსვლელობა, ღონისძიებაზე მისულ დამთვალიერებლებს დახვდებათ თოვლის ბაბუა (სანტა) დამხმარე მსახიობებთან ერთად.

    მოეწყობა კვების და საგამოფენო სივრცეები, გასტრონომიული ზონები, “საშობაო ბაზარი” და “ტკბილეულის ფესტივალი”.

    საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში 2025 წლის 31 დეკემბერს, გრანდიოზული საახალწლო გალა კონცერტი გაიმართება.” – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

  • გზების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის და კიდევ 4 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

    “ოცნების” პროკურატურამ  გზების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის და კიდევ 4 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.  პროკურატურა აცხადებს რომ მათ მიმართ დევნა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოტენებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტებზე დაიწყო.საქმე ეხება სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, 2023 წლის 21 თებერვალს ხიდის ჩანგრევის ფაქტს.

    საქართველოს პროკურატურამ, სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, 2023 წლის 21 თებერვალს ხიდის ჩანგრევის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტებზე, 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი.

    საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და სამშენებლო კომპანია ,,Akkord’’-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 11.5 კილომეტრიანი მონაკვეთის და სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე. აღნიშნულ სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურებას ახორციელებდა ოთხი საერთაშორისო კომპანიისგან შემდგარი ერთობლივი კონსორციუმი, რომლის ადგილზე საქმიანობის ყოველდღიური კონტროლი თავის მხრივ ევალებოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტს.

    პროექტის მიმდინარეობისა და ხიდის მშენებლობის პერიოდში, საზედამხედველო კომპანიის არცერთი უფლებამოსილი ექსპერტი საქართველოში არ იმყოფებოდა და მშენებლობაზე საზედამხედველო ფუნქცია რეალურად არ ხორციელდებოდა, რაც ასევე ცნობილი იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის.

    მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოში არ მყოფი, საერთაშორისო კომპანიის ექსპერტი მაინც ადასტურებდა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების მიერ ყალბად შედგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებს, რასაც ასევე ხელს აწერდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი.

    მსგავსად შედგენილი, ყალბი აქტების საფუძველზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ლევან კუპატაშვილის მეშვეობით ადგილზე არ მყოფ საერთაშორისო ექსპერტს, თითქოსდა გაწეული მომსახურებისათვის მაინც ჩაერიცხა ანაზღაურება 1 172 539 ლარის ოდენობით, ხოლო პროექტის განმახორციელებელი კომპანია, შეუსრულებელი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ხიდის ჩანგრევა, თაღლითურად დაეუფლა 3 859 678 ლარს.

    შემდგომი აღდგენითი სამუშაოებისთვის დამატებით დაიხარჯა 12 მილიონ ლარზე მეტი თანხა, საერთო ჯამში აღნიშნულით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 16 მილიონ ლარზე მეტი, დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

    ზემოხსენებულ ფაქტზე, დაკავებულ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამშენებლო კომპანიის დირექტორსა და პროექტის მენეჯერებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ასევე, დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საერთაშორისო კომპანიების ერთობლივი კონსორციუმის ჯგუფის ხელმძღვანელ-ინჟინერს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში დახმარებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტებზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად ასევე 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურა ყველა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით
    დადგენილ ვადაში მიმართავს.

    საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა კომპანიებისა თუ თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულის გამოკვეთის მიზნით“, – აცხადებენ პროკურატურაში.

  • ვიდრე ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტია და მე პრემიერი, აშშ-ის სანქციები უნგრეთს არ შეეხება – ორბანი

    „ხელი ჩამოვართვით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აშშ-ის მიერ ნავთობთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებისგან უნგრეთის განუსაზღვრელი ვადით გათავისუფლების შესახებ. სანამ ის იქ პრეზიდენტია და მე აქ პრემიერ-მინისტრი, სანქციები არ იქნება,.[…] რუსული ენერგორესურსების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების ძალაში შესვლა უნგრეთში შობამდე კომუნალური გადასახადების ორ-სამჯერ გაზრდას და ბენზინის ფასების ათასი პროცენტით ზრდას გამოიწვევდა. ეს ნამდვილი კატასტროფაა“,

    ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი Facebook-ში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.