Category: ახალი ამბები

  • ეს ადამიანი, მასხრად იგდებს ქართულ სახელმწიფოს – პაპუაშვილი ფიშერზე

    “საზოგადოებამ კი არა, მე როგორ შევხედო, ის ვეღარ გამიგია. აბსოლუტურად აღმაშფოთებელია, ეს ადამიანი მასხრად იგდებს ქართულ სახელმწიფოს, ქართულ საზოგადოებას, ყველაფერს, რაც კი დაკავშირებულია დიპლომატიასთან.

    […] ახლა მე პირადად ველოდები, რა ნაბიჯებს გადადგამს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რადგან, ეს ადამიანი, ფაქტია, რომ მასხრად იგდებს ქართულ სახელმწიფოს.

    მამუკა ცუცქირიძე, ადამიანი ჩვეულებრივად ლანძღავს ეკლესიას, პატრიარქს, მოსაყდრეს, მოიხსენიებს ეგზარქოსებად, ამ ადამიანთან იღებს ფოტოს და უცხადებს სოლიდარობას.

    ამიტომ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლა უნდა ჩამოყალიბდეს, ბოლოსდაბოლოს, რა უნდათ მათ. კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ გვქონდა იმედი, რომ გერმანიის ელჩი გააცნობიერებდა ვენის კონვენციის მნისვნელობას, გადაიკითხავდა კიდევ ერთხელ შესაბამის მუხლებს და ამ ყველაფრის შემდეგ თავს მაინც შეიკავებდა. არ გასულა რამდენიმე დღე და უკვე მასხრად აგვიგდო მთელი საზოგადოება…”

    აცხადებს ივანიშვილის წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის რუსთაველის გამზირზე მისვლასთან დაკავშირებით.

  • შსს მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმებს ზრდის

    შსს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციისთვიის ჯარიმებს ზრდის.
    მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც:

    100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;

    50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;

    50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;

    50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;

    დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე.

    დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

    ასევე, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

    ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.

    საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა.

  • 12 წლის გერის გაუპატიურებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

    12 წლის გერის გაუპატიურებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

    12 წლის გერის გაუპატიურებასა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

    “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ძალადობით 12 წლის გერი გააუპატიურა. ასევე დაზარალებულის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.”

    გადაწყვეტილება ფოთის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

    “სამართალდამცავებმა ბრალდებული 2025 წლის 24 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) და 11 პრიმა 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

    ფოთის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.” – წერია უწყების განცხადებაში.

  • აღადგინოს საქართველომ სასამართლო დამოუკიდებლობა – ჰოლანდი

    “რეგიონში არსებული სხვა გამოწვევები ჩვენ კვლავ გვაშფოთებს. მოვუწოდებთ საქართველოს, აღადგინოს სასამართლო დამოუკიდებლობა, გააუქმოს კანონები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას ზღუდავს და გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული ოპოზიციის წარმომადგენლები.

    “ბატონო დირექტორო, გაერთიანებული სამეფო ODIHR-თან თანამშრომლობის გაგრძელებას ელოდება, რათა რეგიონში სტაბილური, მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებების, მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას ერთად შევუწყოთ ხელი”.

    აცხადებს გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი ნილ ჰოლანდი.

  • 5 დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტის დედას, რომელიც იზოლატორში მყოფ შვილს წამლებს აწვდიდა

    გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით, 5 დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტის დედას, ფატი ბაგრატიას, რომელიც იზოლატორში მყოფ შვილს წამლებს აწვდიდა – გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.

    ფატი ბაგრატია სასამართლო სხდომას ვერ ესწრებოდა, რადგან ამ დროს ის ზესტაფონიდან თბილისში მოემგზავრებოდა. მოსამართლე ენუქიძემ სხდომის გადადებაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

    ფატი ბაგრატიას შვილი – ბაია  მარგიშვილი ზესტაფონის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. 29 ოქტომბერს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ბაია მარგიშვილი „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ დამნაშავედ ცნო და 14 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

    ბაიას მარგიშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ყოველდღიურად უწევს მედიკამენტების მიღება, რომელსაც დედა აწვდიდა. აქედან გამომდინარე, ადვოკატებმა მოითხოვეს ფატის მიმართ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოფარგლულიყვნენ, მოსამართლე ნინო ენუქიძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

    „ბაიას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხი და დედა ყოველ დღე აწვდის შესაბამის მედიკამენტებს. იმის გამო რომ რეჟიმს ის ზესტაფონში ჰყავს, ფატი ყოველ დილას მიდის დიდუბის სადგურში, შემდეგ ზესტაფონში და დღის ბოლოს უკან.“ – განაცხადა ფატის ადვოკატმა, მარიკა არევაძემ.

    ადვოკატის აცხადებდა, რომ  აუცილებელია ბაიას გადმოყვანა ზაჰესის იზოლატორში და ფატის პროცესის გადადება, მინიმუმ ბაიას გათავისუფლებამდე. მოსამართლე ნინო  ენუქიძემ არც ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

  • ბევრად მეტი ბადრაგი დამყვება ვიდრე ადრე, ეტყობა ეშინიათ, სხვები არ შემოვიერთო და რევოლუცია არ მოვაწყო – სააკაშვილი

    ბევრად მეტი ბადრაგი დამყვება ვიდრე ადრე, ეტყობა ეშინიათ, სხვები არ შემოვიერთო და რევოლუცია არ მოვაწყო – სააკაშვილი

    „ამჯერად ციხე მთლიანად გავსებული დამხვდა. ბევრად მეტი ბადრაგი დამყვება ვიდრე ადრე, ეტყობა ეშინიათ სხვები არ შემოვიერთო საკნიდან და რევოლუცია არ მოვაწყო.

    და კიდევ ერთი ძალიან ნიშანდობლივი მომენტი, საკანში ტელევიზორში მარტო რუსული არხები მაქვს თუ არ ჩავთვლით ერთ აზერბაიჯანულ არხს. დერეფანში კი პატიმრების მოძრაობაზე უზარმაზარი საცობებია.

    ძალიან ბევრი ჩემი მხარდამჭერის გამოხმაურება იყო და ყველას დიდი მადლობა“

    ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი წერილშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

  • ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

    ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.

    გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.

    პროკურატურის ცნობით, “გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს, იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ.

    აღნიშნული ფაქტი გიორგი გახარიას ინიციატივითა და მონაწილეობით ფართოდ გაშუქდა მედიაშიც. როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი.

    ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები. აღნიშნული ქმედებით გიორგი გახარიამ განზრახ გადაამეტა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია”.

  • 14, 15 და 16 ნოემბერს, ღამით, ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება

    14, 15 და 16 ნოემბერს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გაწმენდითი სამუშაოების გამო, უსაფრთხოების მიზნით, 00:00-დან 06:00 საათამდე,  საავტომობილო გადაადგილება სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

    “შეზღუდვა შეეხება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთასთან არსებული გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.  შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით”. – ნათქვამია მერიის მიერ გავრძელებულ ინფორმაციაში.

  • შესაბამისი სტრუქტურა გადაწყვეტს, მოითხოვოს თუ არა ექსტრადიცია – ვოლსკი გახარიაზე

    შესაბამისი სტრუქტურა გადაწყვეტს, მოითხოვოს თუ არა ექსტრადიცია – ვოლსკი გახარიაზე

    „გამოძიებას მტკიცებულებათა ერთობლიობა აქვს გამოსაქვეყნებელი. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შესაბამისი სტრუქტურა მიიღებს – მოითხოვოს თუ არა ექსტრადიცია, მაგრამ რეალურად, თუ შევხედავთ ვითარებას – საკმაოდ მძიმე შედეგი დაუდგა საქართველოს და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ჩორჩანას საგუშაგოს სიახლოვეს ცხოვრებდა. საოცრება ის არის, რომ [გახარიას] ამ ნაბიჯზე არავისთან შეთანხმება არ ჰქონია. ჩნდება არგუმენტირებული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს განზრახ იქნა ჩადენილი იმისთვის რომ შეტაკება მომხდარიყო ან რუსეთს უფრო მკაცრი და ხისტი ზომები მიეღო საქართველოს მიმართ, რაც შემდეგ პროცესების განვითარებას გამოიწვევდა. პროკურატურისთვის ეს მოსაზრებები საგულისხმოა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ფაქტი მხოლოდ ის არის, რომ საქართველომ უშველებელი ტერიტორია დაკარგა და კვლავ გაიზარდა საოკუპაციო ზონა.

    რაც შეეხება 20 ივნისის თემას. გარდა იმისა, რომ სტრასბურგმა მოითხოვა გამოძიება იმ გადაცდომების, რაც პოლიციამ ჩაიდინა, ისიც გასათვალისწინებელია, თავად პოლიცია რა მდგომარეობაში ჩააყენა ხელმძღვანელობამ, ამ შემთხვევაში გახარიამ. რამდენიმე საათის განმავლობაში იდგნენ ამ გააფთრებული შტურმის წინააღმდეგ, არ ინძრეოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, გაიტაცეს, რამდენიმე მათგანს წაართვეს ეკიპირება, დაამცირეს და ამის შემდეგ განვითარდა პროცესები, რომლის გამოძიებაც სტრასბურგმა მოითხოვა. ამ შეფასებების ერთობლიობა უნდა იყოს გამყარებული ფაქტებით და რასაკვირველია, ამ შემთხვევაში შესაძლოა შესაბამისმა სტრუქტურებმა ექსტრადირება მოითხოვონ“,

  • ბრალის დაზუსტება სურთ, მიზანს ვერ ვხედავ დამძიმების, ისედაც აბსურდული მუხლებია ბრალში – თუთბერიძე პაატა ბურჭულაძეზე

    “ბრალის დაზუსტება სურთ, მიზანს ვერ ვხედავ დამძიმების, ისედაც აბსურდული მუხლებია ბრალში” – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

    „პოლიტიკური ანგარიშსწორება შედის შურისძიების ახალ ეტაპზე. ვერავითარ ინდიკატორს ვერ ვხედავ, რომ ეს ეტაპი იქნება უფრო მსუბუქი, ვიდრე ეს იყო წინა ეტაპზე, პირიქით მგონია, რომ რეპრესიების ახალი ტალღა არის მოსალოდნელი ქვეყანაში.

    გუშინ გვიან შეგვატყობინეს, რომ ბრალის დაზუსტება სურთ, რა მიზნითაც მოვედით ბრალდებულებისა და პოლიტიკური პატიმრების სანახავად და ბრალის ახალი ფორმულირების გასაცნობად. შინაარსი უცნობია, შესაძლებელია ეს ტექნიკური ხასიათის ან შინაარსობრივი ცვლილება იყოს. ორივე მოსალოდნელია. მიზანს ვერ ვხედავ ბრალის დამძიმების, ისედაც აბსურდული მუხლებია ბრალში მოცემული და არ მგონია, რომ სხვა მოცემულობა დაგვხვდეს.

    პროკურატურის წარმომადგენლები უკვე შესულები არიან და მეც შევდივარ”,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.