Category: სლაიდერი

  • მეუფე იობი – დასრულდა ილია მეორის ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა

    მეუფე იობი – დასრულდა ილია მეორის ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა

    დასრულდა კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა. ჩვენ ვართ მიჯნაზე, რომ საქართველოში უნდა აირჩეს ახალი კათალიკოს-პატრიარქი – მომავალი ჩვენი არის ნათელი,- ამის შესახებ ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა ქადაგებისას განაცხადა.

    ის ამბობს, რომ ერი და ეკლესია სწორი გზით მიდის:

    “ ჩვენ ვართ მიჯნაზე, რომ საქართველოში უნდა აირჩეს ახალი კათალიკოს-პატრიარქი. მე მინდა გავიხსენო კირილე ათონელის წინასწარმეტყველება საქართველოსთან მიმართებით, რომ ბოლო ჟამს, საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნება ახალი იმპერიაო. ეს არ არის ფიზიკური და პოლიტიკური გაგებით იმპერია, ეს არის სულიერი გაგებით, რომ საქართველოში შეიქმნება სულიერი იმპერია. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა დაინახავს ქართულ სამოციქულო ეკლესიაზე ღვთის უდიდეს მადლს. ბევრი გახდება მართლმადიდებელი. მეორედ მოსვლის წინ უფალი მიმართავს საქართველოს – „აღსდექ საქართველო“ – აი, როგორც ლაზარეს მიმართა და მართლაც აღდგება ტაძარი და მასთან ერთად აღდგება საქართველო, როცა ეს დრო დადგება.

    ჩვენ ერთმანეთში უნდა დავრწმუნდეთ, რომ სწორედ ეს პროცესები იწყება საქართველოში, აღდგინების პროცესი – ბოლო ჟამს კეთილმსახური მეფისა და კეთილმსახური პატრიარქის ხელში გაბრწყინდება სრულიად საქართველო. ასე რომ, მომავალი ჩვენი, არის ნათელი. მომავალში იწყება საქართველოს სულიერი გაბრწყინება და მადლობა უფალს, რომ ჩვენი ერი და ჩვენი სამოციქულო ეკლესია მიდის სწორი გზით”, – აცხადებს მეუფე იობი, რომელიც პატრიარქობის ერთ–ერთ სავარაუდო კანდიდატად ითვლება.

  • გაფართოებულ სხდომაზე დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით – მეუფე ნიკოლოზი

    გაფართოებულ სხდომაზე დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით – მეუფე ნიკოლოზი

    “გაფართოებულ სხდომაზე დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით” – აცხადებს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.

    “გაფართოებულ სხდომაზე დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით, ხოდა ამხელა კრების ჩატარება არ არის ადვილი ტექნიკური თვალსაზრისით, ბოლო გაფართოებული კრება, რომელსაც მეც ვესწრებოდი, იყო 1995 წელს და ის ჩატარდა სვეტიცხოველში, მაგრამ მაშინ ამდენი ხალხი არ იყო, ხოდა, ახლა გადაწყდა, რომ სამების ტაძარში ტარდება, ოღონდ დასჭირდება ამას თავისი შეზღუდვები, დაცვა და ყველაფერი, მოკლედ, ამაზე ვიმსჯელეთ პროცედურა როგორი იქნება

    ჯიდევ ერთი სინოდი იქნება და რომელზეც გამოვირჩევთ კანდიდატებს, ამ სინოდზე, ესეც ალბათ დიდხანს გაგრძელდება” – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

  • აშშ-ის გააქტიურება არის ინტერესის დაფიქსირება, სადაც რუსული ფაქტორის მოგვარება გარდაუვალი ელემენტი იქნება  – ხოშტარია კობახიძე-რუბიოს საუბარზე

    აშშ-ის გააქტიურება არის ინტერესის დაფიქსირება, სადაც რუსული ფაქტორის მოგვარება გარდაუვალი ელემენტი იქნება – ხოშტარია კობახიძე-რუბიოს საუბარზე

    “ამერიკის გააქტიურება არის საქართველოს მიმართ ინტერესის დაფიქსირება, სადაც რუსული ფაქტორის მოგვარება გარდაუვალი ელემენტი იქნება. ეს, გარდა ჩვენი ინტერესისა, ამერიკის ინტერესებშიცაა. ამერიკის უმოქმედობა მეტი თავხედობის გასაქანს მისცემს რეჟიმს” – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

    „ამერიკის სახელმწიფო მდივნის ზარი კობახიძესთან განმარტებას მოითხოვს ჩვენგან, ოპოზიციისგან. მან შეიძლება გააჩინოს ლეგიტიმური კითხვები აღიარებასა და დემოკრატიული დღის წესრიგის აქტუალობასთან დაკავშირებით. ამასთანავე, თუ დავაკვირდებით კონტექსტს, ეს ზარი ჩვენთვის, საქართველოსთვის და არა რუსეთისთვის, კარგის ნიშანია. აქ უნდა დავუკვირდეთ მოვლენათა ჯაჭვს და კომუნიკაციის ფორმებს.

    აღიარება იქნებოდა საქართველოს დე -ფაქტო ხელისუფლების ოფიციალური ვიზიტი ამერიკაში. ამას დიპლომატიაში დიდი მნიშვნელობა აქვს. კომუნიკაცია შეიძლება იყოს ზეწოლა და შეიძლება იყოს აღიარება, გააჩნია ძალთა ბალანსს, თემატიკას, კომუნიკაციის ფორმას და კონტექსტს. ოფიციალური ვიზიტი გულისხმობს აღიარებას, სატელეფონო ზარი კი საქმიან მესიჯს ძლიერი სახელმწიფოსგან. მაგალითად, ვენსის ვიზიტი იყო ოფიციალური.

    კონტექსტი ამერიკის ,,ანტირუსული“ (ასე დავარქმევ, რადგან გაცხადებულად თუ არა, მაინც ასუსტებს რუსეთის პოზიციას) ქმედებები მოვიდა ჩვენს რეგიონში, ირანი, TRIPP. ირანის საკითხში ამერიკის ნეგატიური ინტერესის საგანს წარმოადგენს საქართველოში ირანის გავლენების გაძლიერება, რაც ჰადსონის კვლევამ უტყუარად აჩვენა. TRIPP-ის კონტექსტში საქართველოს დემოკრატიულობა და ნამდვილი მშვიდობა TRIPP-ის წარმატების ფაქტორია.

    ურთიერთობების კონტექსტი – სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ხაზგასმით საქმიანი ვიზიტი და ოპოზიციასთან კომუნიკაცია, გააქტიურებული კონგრესი, გაწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობა და „ოცნების“ იზოლაცია, უკვე შემდგარი ფაქტია. სანქციებს ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა.

    ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ამერიკის გააქტიურება არის საქართველოს მიმართ ინტერესის დაფიქსირება, სადაც რუსული ფაქტორის მოგვარება გარდაუვალი ელემენტი იქნება. ეს, გარდა ჩვენისა, ამერიკის ინტერესებშიცაა. ამერიკის უმოქმედობა მეტი თავხედობის გასაქანს მისცემს რეჟიმს. მკაფიო ზეწოლის პარალელური კომუნიკაცია ჩვენს ინტერესებშია.

    ახლა აქციების და ოპოზიციის როლი კიდევ უფრო იზრდება! საერთო ეროვნული მობილიზაციის ინიციატივა 26 მაისს კულმინაციის ძალიან დროული და სწორი საქმეა ამ მხრივაც! მოგვთხოვეთ პასუხი და ანგარიში ოპოზიციას ყველა საკითხზე, არ მოგვცეთ შეცდომების დაშვების ფუფუნება! ბოლომდე! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“, – ნათქვამია ელენე ხოშტარიას მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში.

  • ონლაინგამოცემები პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში გვექნება რეაგირება – პაპუაშვილი

    ონლაინგამოცემები პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში გვექნება რეაგირება – პაპუაშვილი

    ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რადიო თავისუფლებას, ტაბულასა და სხვა ონლაინგამოცემებს “აქვთ კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ.”

    პაპუაშვილმა ასევე თქვა, რომ ყველაფერს აკვირდებიან და ექნებათ რეაგირება.

    “მნიშვნელოვანია, რომ არავინ ჩაერიოს ეკლესიის გადაწყვეტილებებში და მათ შორის, იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ჯერ წინ აქვს წმიდა სინოდს და ასევე ჩვენ ძალიან დეტარულად დავაკვირდებით ვინ შეეცდება ეკლესიის საქმეებში ჩარევას.

    დღეს შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ არის გარე ჩარევის მცდელობები. მაგალითად, უცხოური დაფინანსების მქონდე პარტიული პროპაგანდისტული ჯგუფები, რადიო თავისუფლება, ტაბულა პირდაპირ ერევა სინოდის საქმიანობაში. პირდაპირ დაწყებული აქვთ კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ.

    ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია აქვთ რადიო თავისუფლებას, ტაბულას და ონლაინგამოცემებს – პუბლიკას, ნეტგაზეთს და ასე შემდეგ. აქვთ პირდაპირი საარჩევნო კამპანია სხვადასხვა სასულიერო პირის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ.

    ეს არის ზუსტად იგივე მეთოდი, რასაც ჩვენ ვხედავდით 2024 წელს, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები ერეოდნენ საქართველოს არჩევნებში. როგორც ევროკავშირის ელჩი ერეოდა 2024 წლის საქართველოს პოლიტიკურ არჩევნებში, დღეს ვხედავთ ჩვენ, მათ შორის, დიდი ალბათობით ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან ჩარევას ეკლესიის საქმეებში.

    კიდევ ერთხელ ამას ძალიან დეტალურად ვაკვირდებით, აქედანვე უნდა იცოდეს ყველამ, მათ შორის, უცხოელებმა, ვინც ამას აფინანსებს, რომ ეს ყველაფერი აღირიცხება, ყველაფერს ვაკვირდებით და ყველაფერზე გვექნება რეაგირება.” – თქვა პაპუაშვილმა.

  • მარნეულში 21 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით 22 წლის კაცი დააკავეს – შსს

    მარნეულში 21 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით 22 წლის კაცი დააკავეს – შსს

    შსს-ს ცნობით, მარნეულში 21 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით 21 წლის კაცი დააკავეს.22 წლის, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ე.ი. ცხელ კვალზე დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, მარნეულში, წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას  – 2005 წელს დაბადებულ უ.ბ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით, ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.დაჭრილი მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა”, – აცხადებს შსს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • დავუკავშირდი საქართველოს საგარეოს, შემდეგ შეხვედრა გავმართე – ირანის ელჩი

    დავუკავშირდი საქართველოს საგარეოს, შემდეგ შეხვედრა გავმართე – ირანის ელჩი

    ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი აცხადებს, რომ ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, შემდეგ კი შეხვედრა გამართა.

    “დღეს, ბოლო მოვლენების ანალიზისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შედეგების განხილვის მიზნით, ჯერ დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე. შედგა კონსტრუქციული საუბარი სპარსეთის ყურის ვითარების, ენერგეტიკის მომავლის, ორი ერისა და ორი ქვეყნის მრავალათასწლოვანი მეგობრული ურთიერთობების შესახებ, რომელიც მოიცავდა მნიშვნელოვან საკითხებს.

    ირანი ზეწოლის პირისპირ არ მოქმედებს ნაჩქარევად, არამედ ეყრდნობა შიდა სტაბილურობასა და საკუთარ სტრატეგიულ შესაძლებლობებს.

    ზედაპირული და მედიასაშუალებების ინტერპრეტაციებისგან განსხვავებით, დღეს ნათლად ჩანს, რომ ირანის ყოვლისმომცველი თავდაცვა ერთთვიანი პერიოდის შემდეგ ეფექტურია. მრავალი ქვეყანა, რომლის ბაზებსაც აშშ იყენებდა, უკვე იწყებს საკუთარი გათვლებისა და მიდგომების გადახედვას.

    ბოლო წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ დიდი ძალების ინტერვენციული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს მდგრად უსაფრთხოებას და ვერ იძლევა ეკონომიკური სტაბილურობის გარანტიას.

    რეალობა მარტივია: რეგიონული უსაფრთხოება თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების შედეგია და არა ძვირადღირებული საგარეო კონკურენციის გაფართოებისა”, – წერს ის Facebook-ზე.

  • შვეიცარიამ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო შეუჩერა

    შვეიცარიამ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო შეუჩერა

    3 აპრილიდან საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შვეიცარიაში შესასვლელად ვიზის ქონა სავალდებულო ხდება. აღნიშნული გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 1 აპრილის სხდომაზე მიიღო.

    დოკუმენტში წერია, რომ ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ გააძლიერა მესამე ქვეყნებისთვის ვიზის შეჩერების მექანიზმი. განახლებული წესები იძლევა შესაძლებლობას, სავიზო რეჟიმი დროებით დაწესდეს ახალი საფუძვლებით, მათ შორის:

    • მესამე ქვეყანასთან საგარეო ურთიერთობების გაუარესების გამო;
    • ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევის შემთხვევებში.

    გადაწყვეტილება ძალაში 12 თვის განმავლობაში დარჩება და იგი საქართველოს სხვა მოქალაქეებზე არ ვრცელდება.

    განცხადების მიხედვით, „შვეიცარიასა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის წესის გამარტივებასთან დაკავშირებით დადებული შეთანხმების რამდენიმე მუხლი შეჩერებულია“.

    „ევროკავშირმა ახლახან მესამე ქვეყნებისთვის ვიზების შეჩერების მექანიზმი გააძლიერა, რაც საშუალებას აძლევს, რომ სავიზო მოთხოვნები ახალ საფუძველზე დაყრდნობით დროებით დააწესოს. ეს მოიცავს ადამიანისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო, მესამე ქვეყნებთან საგარეო ურთიერთობების გაუარესებას. ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით ამ დებულებების ამოქმედება გადაწყვიტა. გასულ წელს საქართველოს მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ევროკავშირმა ქართველი დიპლომატებისა და საჯარო მოხელეებისთვის უვიზო მიმოსვლა 12 თვით შეაჩერა. ევროკავშირის გადაწყვეტილება წარმოადგენს შენგენის კანონმდებლობის შემდგომ განვითარებას, რომლის მიღებაც შვეიცარიის ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ნაბიჯი შესვლისა და ვიზების გაცემის შესახებ დადგენილების შეცვლას გულისხმობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • გორის მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

    გორის მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

    “გორის მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა” – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    “ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით, ქვეყანში შემუშავებულია პროგრამა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც ცხოველების დაცვა, ასევე, საფრთხე არ შეუქმნას ადამიანებს.

    აღნიშნული პროგრამა, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება, ითვალისწინებს ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და კასტრაცია/სტერილიზაციას, რაც საშუალებას მოგვცემს, დავიცვათ ისინი დაავადებებისგან, ასევე, დავიცვათ მოსახლეობის უსაფრთხოება.

    ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ჯერ მხოლოდ სატესტო არეალებზე დაიწყო (იმერეთი, კახეთი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და შესაბამისად, სიმართლეს არ შესაბამება გავრცელებული ინფორმაცია ძაღლების მასობრივი აყვანის შესახებ. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნული ლოკაციებიდან აყვანილ ძაღლებს ეტაპობრივად აბრუნებს აყვანის მიმდებარე ტერიტორიაზე. განსხვავებული მიდგომაა სკოლების, საბავშვო ბაღების, საავადმყოფოების ტერიტორიებიდან აყვანილი ცხოველების შემთხვევაში. ისინი ბრუნდებიან არსებული ტერიტორიების მოშორებით.

    რაც შეეხება ცხოველების დაწვის შესახებ გავრცელებულ სრულიად უსაფუძვლო და ცრუ ბრალდებებს, მსგავსი ხასიათის ტყუილების ტირაჟირება ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.

    აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ოპერატიულად შემოწმდა ქ. გორში, ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორია. გადამოწმების შედეგად, სამართალდარღვევა არ გამოვლინდა.

    მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს კუთვნილ ტერიტორიაზე მოწყობილია ინსინერატორი, რომლის ფუნქციონირებაზეც გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.

    გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესაბამისად, ინფექციების გავრცელების პრევენციის მიზნით, ინსინერატორში ხდება თავშესაფრის ბინადარი ცხოველების სამედიცინო მომსახურებით და მასთან დაკავშირებული კვლევების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების და გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაცია”, – წერს სურსათის ეროვნული სააგენტო.

  • მზია ამაღლობელის მიმართ ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი დაირღვა – ომბუდსმენი

    მზია ამაღლობელის მიმართ ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი დაირღვა – ომბუდსმენი

    მზია ამაღლობელის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი დაირღვა – ამის შესახებ ომბუდსმენის  ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2025 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აღწერს.

    “კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი (non bis in idem) დაირღვა მზია ამაღლობელის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში. პოლიციელებმა მზია ამაღლობელი დააკავეს ასკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ 2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შესასვლელთან ფასადზე აკრავდა სტიკერს, ასევე, პოლიციელებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო არაერთი მოწოდების მიუხედავად, შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, არ გაუთვალისწინებია. დაკავების ოქმის მსგავსი შინაარსისაა 2025 წლის 11 იანვარს შედგენილი პოლიციელის პატაკიც. სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 2025 წლის 14 თებერვალს, მზია ამაღლობელის მიერ 2025 წლის 11 იანვარს აქციაზე პოლიციის თანამშრომლებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სხვა პირების დაკავებისას, პოლიციისთვის ხელის შეშლის გამო. ამ საქმეზე, სასამართლოში ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მან მხოლოდ სტიკერი გააკრა (სხვა ქმედება არ ჩაუდენია), და ამის გამო მისი დაკავებისა და პასუხისგებაში მიცემის კომპეტენცია პოლიციას არ ჰქონდა. თუმცა, სასამართლომ მისი მხრიდან დაუმორჩილებლობა, რომელიც „სტიკერის“ გაკვრაში გამოიხატა, ასკ-ის 173-ე მუხლის ქვეშ სამართალდარღვევად განიხილა და სამართალდარღვევად ცნობას ერთ-ერთ საფუძვლად დაუდო. რამდენიმე თვეში, პოლიციამ კვლავ დაიწყო მზია ამაღლობელის მიმართ სამართალწარმოება, ამჯერად, ასკის 150-ე მუხლით, იმავე საფუძვლით, იმავე თარიღზე, ადგილზე, ფაქტსა და მოქმედებაზე მითითებით, რისთვისაც ის უკვე გასამართლებული იყო. კერძოდ, 2025 წლის 30 აპრილს შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 2025 წლის 11 იანვარს, აქციაზე, მზია ამაღლობელმა არ გაითვალისწინა პოლიციის მოთხოვნა და პოლიციის შენობის გარე ფასადზე გააკრა სტიკერი.

    ხსენებულ საქმეზე, სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა, სადაც ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპის შესაძლო დარღვევის რისკსა და მშვიდობიანი პროტესტის ფორმის სამართალდარღვევად გაუმართლებლად კვალიფიკაციის საშიშროებაზე მიუთითა“,- ნათქვამია ანგარიშში.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    2-4 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება.

    „3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი.

    ქ. თბილისში 2 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, 3-4 აპრილს კი ხანმოკლე წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 და 4 აპრილს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2-3 აპრილს დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება, 4 აპრილს კი +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 2 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2-3 აპრილს დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 4 აპრილს კი +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 2 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2-3 აპრილს დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება, 4 აპრილს კი +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 2 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.