Category: არქივი

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 67-ს მიაღწია

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა.

    ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

    ამ დროისთვის, კარანტინში 3320 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 235 პირია. 67 ინფიცირებულიდან 9 გამოჯანმრთელდა.

  • ჯერჯერობით ყველა კლასტერი კონტროლდება, შეიძლება გავრცელების პიკი არც გვქონდეს- თამარ გაბუნია

    ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით ყველა კლასტერი კონტროლდება.

    მისი განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პიკი ძირითიადად მე-7-მე-8 კვირაში დგება, თუმცა საქართველოში შეიძლება ასეთი პიკი არც იყოს.

    ,,ჩვენ ზუსტად ვიცით, რომელი კლასტერი როდის ემატება, ეს ნიშნავს, რომ ჯერჯერობით, საბედნიეროდ ყველა კლასტერი კონტროლდება. ყველა დადებითი შემთხვევა ვიცით რასთან არის დაკავშირებული.

    რაც შეეხება იმას, თუ როდის ველოდებით პიკს, სხვადასხვა მოდელი ამბობს, რომ პიკი მოსალოდნელია, თუ არაფერს გავაკეთებთ, მე-7, მე-8 კვირაზე პირველი შემთხვევების გამოვლენიდან. ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ არის აქტიური სოციალური დისტანცირება, მთელი რიგი ღონისძიებები, ამდენად მე-7, მე-8 კვირის პიკი დიდი ალბათობით გადავადდება და ჩვენ შეიძლება არც არასდროს მივიღოთ პიკი. ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ იყოს ეტაპობრივი და თანმიმდევრული, თუ იქნება შემთხვევების მატება. საუკეთესო სცენარი არის, რომ შემთხვევების მატება და გამოვლენა იყოს ეტაპობრივად,“ – თქვა თამარ გაბუნიამ.

    ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ დღეს 66-ს მიაღწია. მათგან 3-ის მდგომარეობა მძიმეა, 9 კი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 .

  • კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულებამ 3.5 ლარს მიაღწია

    საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების კურსით ლარი მკვეთრად გაუფასურებას განაგრძობს.

    ამ დროისთვის საქართველოს ბანკში 1 დოლრი 3,5 ლარი ღირს, TBC ბანკში – 3,51 ლარი. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარის ფასი 3,43 ლარია.

    ეროვნულმა ბანკმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში 60 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა ლარი გაუფასურებას განაგრძობს.

  • 30 მარტიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება- გახარია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 30 მარტიდან საზოგადეობრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების პირდაპირ ეთერში ტრანსლირება მოხდება.

    მისი თქმით, იდეალურია, როცა მოსწავლეს მასწავლებელთან პირდაპირი შეხება აქვს, მაგრამ პანდემიის პირობებში ესეც წინდადადგუმული ნაბიჯია.

    ,,მოგეხსენებათ, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებულია. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 21 აპრილამდე, თუმცა ობიექტურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, შანსი იმისა, რომ აპრილის ბოლოს სასწავლო პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს. ამიტომ, განათლების სამინისტრომ ოპერატიულად მიიღო გარკვეული ნაბიჯები დისტანციური სწავლების გაძლიერებასთან დაკავშრებით და საერთოდ, ქვეყანაში ამ მიმართულების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

    ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და 30 მარტიდან უკვე დაიწყება პირდაპირ ეთერში კონკრეტული გაკვეთილები საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის. რა თქმა უნდა, იდეალურია, როდესაც მოსწავლეს კლასში მასწავლებელთან აქვს პირდაპირი შეხება, თუმცა იმ მდგომარეობაში, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით ამ პანდემიის პირობებში, ესეც წინგადადმული ნაბიჯია და ჩვენ მივესალმებით იმას, რასაც განათლების სამინისტრო და საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთობლივად აკეთებენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

    მან ინტერნეტ პროვაიდერებს მოუწოდა, გაითვალისწინონ სტუდენტების და მოსწავლეების ინტერესი, რათა მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან.

  • დილიდან ეპიდემიოლოგები და ოჯახის ექიმები მარნეულის მოსახლეობას ამოწმებენ

    მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ეთერ ლაფერაძის თქმით, დღეს დილის 9 საათიდან ეპიდემიოლოგები და ოჯახის ექიმები მარნეულის მოსახლეობას ინტენსიურად ამოწმებენ.

    გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, დღეიდან მარნეულში მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

    ,,დილის 9 საათიდან მობილური ჯგუფები, ეპიდემიოლოგები და ოჯახის ექიმები გავიდნენ მოსახლეობაში და ინტენსიურად მიმდინარეობს მოქალაქეების შემოწმება. გუშინ კორონავირისით ინფიცირებულ ქალთან უშუალო კონტაქტში მყოფი პირები გადამოწმდნენ და მათგან მხოლოდ ერთს ჰქონდა მცირე ტემპერატურა, ის თვითიზოლაციაში რჩება და მედიკოსების მხრიდან ინტენსიური მონიტორინგის ქვეშ იქნება.

    რაც შეეხება სადეზინფექციო სამუშაობს, აქამდეც ტარდებოდა მარნეულში, მაგრამ დღეიდან უფრო მასშტაბური სამუშაოები დაიწყება. ჩვენ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერად ვრეაგირებთ. იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა გაითვალისწინებს ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც ამ ვითარებაში ვაძლევთ მათ“, – განაცხადა ეთერ ლაფერაძემ.

    შეგახსენებთ, რომ მარნეული და ბოლნისი კარანტინში არიან მოქცეულები. მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა თავდაცვის სამინისტროს მიერ მკაცრად კონტროლდება.

  • “როგორც თბილისის მერი და როგორც ერთი მილანელი ბიჭი თქვენს გვერდით ვდგავარ“–კალაძე იტალიელებს მიმართავს

    თბილისის მერი, კახა კალაძე იტალიელებს მიმართავს. მიმართვას ის ინსტაგრამის გვერდზე აქვეყნებს:

    „სამწუხაროდ, დღეს მსოფლიო მძიმე რეალობის წინაშე დგას. მთელი გულით ვგულშემატკივრობ კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს. ასევე, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, თავდაუზოგავი და გმირული საქმიანობისთვის.

    ღრმა მწუხარებას და პატივისცემას გამოვხატავ მსოფლიოს ერთ-ერთი უსაყვარლესი ქვეყნის, იტალიისადმი, რომელიც ჩემი მეორე სახლია. ეს არის ქვეყანა, რომელმაც უდიდესი სიყვარულით, თანადგომით მიმიღო და მაჩუქა ჩემი ცხოვრების ყველაზე განსაკუთრებული წლები. შესაბამისად, ჩემთვის კიდევ უფრო გულსატკენია იმის ნახვა, თუ როგორ იტანჯება დღეს იტალია.

    როგორც თბილისის მერი და როგორც ერთი მილანელი ბიჭი თქვენ გვერდით ვდგავარ, ქართველ ხალხთან ერთად. ასეთ დროს აუცილებელია, რომ ერთად და ძლიერად ვიდგეთ. სწორედ ამ პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად, თბილისის სიმბოლო-ანძა, გავანათეთ იტალიის დროშის ფერებში. იტალია, თქვენთან ვართ და ამ გასაჭირს ერთად გადავიტანთ!თავს გაუფრთხილდით!“, – წერს კახა კალაძე ინსტაგრამზე.

    შეგახსენებთ, რომ იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულია 63 927 ადამიანი, გარდაიცვალა 6077. იტალია გარდაცვლილი პაციენტების მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

  • ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში 2 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ორი პირი – 1996 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1999 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.

    შსს–ს ინფორმაციით მათ ბრალი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლასა და სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობაში ედებათ.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 23 მარტს, მარნეულში, პოლიციელებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

    ჯგუფის მიერ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ვინ არის კორონავირუსით 5 ახალი ინფიცირებული – დეტალები

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 5 ახალი ინფიცირებული ამერიკის კლასტერიდანაა. მათ, როდესაც სიმპტომები გამოუვლიდანთ, ინფექციურ საავადმყოფოს მიმართეს.

    ეზუგბაია ამბობს, რომ მათგან ზოგი 7 , ზოგი 11 მარტს ჩამოვიდა საქართველოში და თვითიზოლაციაში ან კარანტინში იმყოფებოდნენ.

    ,,5-ვე პაციენტი ამერიკის კლასტერიდან არის, ჩამოსულები იყვნენ და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. სხვადასხვა დროს ჩამოსულები იყვნენ – ზოგი 7მარტს, ზოგი 11-ში, ზოგი მათ შორის პერიოდში. როგორც კი მათთან გამოვლინდა დაავადება, ტემპერატურისა და სხვადასხვა კლინიკური სიმპტომების სახით, მაშინვე მოგვაკითხეს გუშინ. ნაწილის დადასტურება მოხდა დღის პირველ ნახევარში აღებული ტესტებიდან და ნაწილის – დღის მეორე ნახევარში აღებული ტესტებიდან”,- ამბობს ეზუგბაიას.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ სულ 16 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება და როგორც დღეს გახდა ცნობილი, 5 პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსი.

    საქართველოში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 66-ს მიაღწია.

  • დღეს ინფექციურ საავადმყოფოს მეცხრე გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით დღეს მათ კლინიკას კორონავირუსით დაინფიცირებული და გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს, რაც ნიშნავს რომ გამოჯანმრთელებულთა რიცხვი საქართველოში 9–მდე გაიხრდება. 

    „66 დადასტურებული შემთხვევიდან 40 არის ჩვენს ცენტრში, 40-დან გუშინ ჩვენთან იყო 35 შემთხვევა და დაგვემატა  5  ახალი დადასტურებული შემთხვევა. ჩვენს ცენტრს გარეთ ჯამურად სხვადასხვა COVID 19-ის მიმღებ ცენტრებში არის  26 დადასტურებული შემთხვევაა.

    ამ ორმოციდან უკვე გაწერილია 8 გამოჯანმრთელებული შემთხვევა, ანუ ახლა კლინიკაში არის 32 პაციენტი, მათ შორის, 1 გამოჯანმრთელებული კვლავ რჩება კლინიკაში დამატებითი პროცედურებისთვის. ეს მეცხრე პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას.გამოდის, რომ ჯამში სულ 9 გამოჯანმრთელებულია,“ –აცხადებს ეზუგბაია.

    ეზუგბაიას ინფორმაციით 5  ახალ შემთხვევა ე.წ. ამერიკის კლასტერიდანაა. ისინი საქართველოში  აშშ-დან 7 ან 11 მარტს ჩამოვიდნენ და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

    ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235 პირი.

    ინფორმაციისთვის, 66 ადამიანიდან 8 გამოჯანმრთელებულია, 3 კი მძიმედაა.