Category: არქივი

  • ავსტრალიის ზოოპარკის მომვლელმა კარანტინში მყოფთა გასამხიარულებლად პირდაპირ ეთერში იცეკვა(ვიდეო)

    ავსტრალიის ქალაქ მელბურნის ზოოპარკმა პირდაპირ ეთერში ვოლიერების მაცხოვრებელთა ლაივ ვიდეოების ჩართვა დაიწყო. სამეთვალყურეო კამერების პირდაპირი ტრანსლაცია ზოოპარკმა იმ ადამიანების გასართობად გადაწყვიტა, ვინც კორონავირუსის გამო კარანტინში ან თვითიზოლაციაში აღმოჩნდა. თუმცა ყველაზე პოპულარული გახდა ვიდეო, რომელშიც ცხოველები საერთოდ არ ჩანან. ზოოპარკის ერთ–ერთმა მომვლელმა გადაწყვიტა კორონავირუსის გამო კარანტინში გამოკეტილი ხალხი თავისებურად გაემხიარულებინა და ჟირაფების ვოლიერში კამერის წინ იცეკვა. ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში მომენტალურად გახდა პოპულარული.

  • პირველი ინფიცირებული მან მიიღო და გაუშვა- როგორ აისახა სპეც.ტანსაცმლის კვალი ქართველ ექიმზე

    ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი ბერიძემ სოციალურ ქსელში ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტის, ეკა ნაფეტვარიძის ფოტო გამოაქვეყნა. მისი თქმით, მას სახეზე სპეციალური ტანსაცმლის კვალია ამჩნევია. 

    ,,ეკა ნაფეტვარიძე ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტია. მის სახეზე სპეციალური ტანსაცმლის კვალია ასახული. პირველი Covid 19-ზე დადებითი პაციენტი მან მიიღო და მანვე გაუშვა სახლში გამოჯანმრთელებული. ეკას გვერდით პროფესიონალთა გუნდი დგას თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით. კიდევ არაერთი მედიკოსის ასეთ ფოტოს იხილავს საზოგადოება. პ.ს არც კი იცოდა რისთვის გადავიღე ეს ფოტო. ჯერ არც უნახავს მგონი. ისევ ეკიპირება და ისევ ბოქსებში პაციენტებთან”,- წერს ბერიძე ფეისბუქზე.

    უახლესი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 67 პაციენტიდან, 9 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

  • ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლისთვის გადაიდო

    იაპონიის პრემიერმინისტრის, შინცო აბეს თქმით, მან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დირექტორთან შეთანხმებას მიაღწია. ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები დაახლოებით ერთი წლით გადაიდება.

    ,,2021 წლის ზაფხული არის ყველაზე ბოლო დრო, როდესაც ოლიმპიური თამაშები ჩატარდება”, – განაცხადა იაპონიის პრემიერმინისტრმა.

    გუშინ, კანადამ და ავსტრალიამ საკუთარი სპორტსმენების გუნდის თამაშებზე გაგზავნაზე უარი თქვა.

    თვის დასაწყისში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამბობდა, რომ ოლიმპიური თამაშები დათქმულ დროს, 24 ივლიდან 9 აგვისტომდე გაიმართებოდა.

  • მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი მოეწყო

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი მოეწყო.

    უწყების ცნობით, საველე ჰოსპიტალის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა ტექნიკურად სრულად არის აღჭურვილი. საკარანტინო ზონას კი, შსს დრონებით აკონტროლებს.

    ,,ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით მოეწყო ტრიაჟის კარავი, სადაც საჭიროების შემთხვევაში მოხდება პაციენტების მდგომარეობის შეფასება, ასევე გამართულია ბოქსირებული და სტანდარტული პროცედურების შესაბამისი კარვები. ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.

    საველე ჰოსპიტალის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საკარანტინო ზონას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონებით სრულად აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები”,- აცხადებს შსს.

    23 მარტს მარნეული და ბოლნისი კარანტინში მოექცა. 62 წლის ქალს, რომელიც მარნეულში ცხოვრობდა და მკურნალობდა, კორონავირუსი დაუდგინდა. აკაკი ზოიძის ინფორმაციით, მას 1700-მდე კონტაქტი ჰყავს.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 67 შემთხვევა ფიქსირდება.

  • კორონავირუსისთვის შექმნილი ფონდის ანგრიშზე 5 მლნ-მდე ლარია შეგროვილი- ბიზნესომბუდსმენი

    ბიზნესომბუდსმენის მიხეილ დაუშვილის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო შექმნილ StopCov ფონდის ანგარიშზე 5 მილიონ ლარამდეა შეგროვილი.

    მისი თქმით, ამ თანხის ხარჯვისას პრიორიტეტი იქნება სოციალურად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა.

    ,,ფონდში ჩარიცხული თითოეული თეთრი და ლარი დაიხარჯება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც ჩარიცხვა, ისე ამ თანხების ხარჯვა იქნება სრულად გამჭვირვალე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საჯარო ინფორმაციის სახით, მიიღოს ინფორმაცია, თუ რა მიზანს და საჭიროებას მოხმარდა ფონდში აკუმულირებული თანხა”, – თქვა მიხეილ დაუშვილმა.

    StopCov ფონდი მთავრობის ინიციატივით შეიქმნა მას შემდეგ, რაც კერძო სექტორმა და მოქალაქეებმა კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარების სურვილი გამოთქვეს. საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, ყველა ინიციატივა ერთ პლატფორმაზე გაერთიანდება და ეს გაამარტივებს კომუნიკაციას. არსებობს საიტი Stopcov.ge-ც, რომელზეც კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია იდება.

  • მთავრობის გადაწყვეტილებით ჩერდება ან გადაიდება უძრავ ნივთებთან დაკავშირებული აღსრულებები, შენობების დემონტაჟი, ადმინისტრაციული საჩივრების ვადები

    “დგინდება ნოტარიუსების საქმიანობების განსხვავებული წესი, რომელსაც დაადგენს იუსტიციის სამინისტრო“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

    ირაკლი ჩიქოვანმა საჯარო სერვისებთან დაკავშირებული შეზღუდვები განმარტა.

    „ჩერდება ან გადაიდება უძრავ ნივთებთან დაკავშირებული აღსრულებები, შენობების დემონტაჟი; ჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის და განხილვის ვადები,“- თქვა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.

  • მძღოლები, რომლებმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარეს ჯერჯერობით არ დაჯარიმდებიან

    საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ის მძღოლები, რომლებმაც სავალდებულო ტექინსპექტირება ვერ გაიარეს არ დაჯარიმდებიან. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს. საგანგებო მდგომარეობის გამო ტექინსპექტირების ცენტრებს მუშაობა არ შეუჩერებიათ და სერვისის პირობები არ შეუცვლით, თუმცა მძღოლების ნაწილი სათადარიგო ნაწილებს ვერ შოულობს და ამის გამო ტექინსპექტირების გავლას ვერ ახერხებს. 

    ჟურნალისტის კითხვაზე ნათია თურნავამ უპასუხა:

    „ პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩვენ დავუშვით და არ აგვიკრძალავს ტექმომსახურების სერვისების ფუნქციონირება, ისინი მოემსახურებიან როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს. რაც შეეხება ჯარიმებს, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე ჯარიმები არ დაეკისრებათ და ეს გადავადებულია. ასე, რომ შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს საგანგებო ვითარების პირობებში იმოქმედებს“.

    შეგახსენებთ, “ჭკვიანი კამერები” აჯარიმებენ იმ ავტომობილების მძღოლებს, რომლებსაც სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ.

    ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 50 ლარია, იურიდიულისთვის კი – 200 ლარი.

  • რა შემთხვევაშია ნებადართული 10-ზე მეტი პირის თავშეყრა

    პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, განმარტა, რა დროს არ მოქმედებს დაწესებული შეზღუდვა და ნებადართულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა.

    • 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ მას არ შეუჩერდა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის გამო.
    • 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია სამედიცინო, საჯარო, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში.
    • თავშეყრის შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.
    • 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია იმ კერძო დაწესებულებაში, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას. ისინი ვალდებულები არიან, დაიცვან 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია და დაემორჩილონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.

    21 მარტს კორონავირუსის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რის მიხედვითაც 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა. 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.  ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 67 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 გამოჯანმრთელდა, 3 მძიმედაა.

  • ორი თვის ჩვილი, რომელსაც მოგზაურობის ისტორია აქვს, გურჯაანიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

    გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ორი თვის ჩვილი გადაიყვანეს.

    გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა კაპანაძის ინფორმაციით, ბავშვს აქვს თურქეთში მოგზაურობის ისტორია, აღენიშნებოდა ხველა და სხვა საეჭვო სიმპტომები, რის გამოც გადაწყდა, რომ ის ინფექციურ საავადმყოფოში გადაეყვანათ.

    „ბავშვი თურქეთის მოქალაქეა, დედა ჰყავს ქართველი, აქვს თურქეთში მოგზაურობის ისტორია, ამიტომ გადაწყდა ის ბინაზე არ დაგვეტოვებინა და თბილისში გაგვეგზავნა“,- განაცხადა კაპანაძემ.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ბავშვის ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა ფიქსირდება. მთლიანობაში ინფიცირებული 67 ადამიანია.

  • საგანგებო მდგომარეობის პირობებში ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადარგვა გრძელდება

    მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადარგვა გრძელდება.

    ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, ხეების გადარგვის პროცესი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატში მიმდინარეობს.

    ინჟინერი ზაალ ხასიას განმარტებით, ისინი ჯებირებს აწყობენ, რაც გეგმური, ინფრასტრუქტურული სამუშაოებია. კითხვაზე , თუ რატომ არ უკეთიათ ადგილზე დასაქმებულებს პირბადეები და სპეციალური აღჭურვილობა, პასუხობს, რომ გაარკვევს.

    21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყანაში კორონავირუსის 67 შემთხვევაა დაფიქსირებული.