Author: news

  • შსს-ს გაფრთხილება ოპოზიციას

    {{ARTICLEIMAGE}}

    შინაგან საქმეთა სამინისტრო 20 დეკემბერს, კახეთში დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.


    უწყების განცხადებით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია. თუმცა, ის უნდა ხორციელდებოდეს მშვიდობიანი ფორმით და არ უნდა ლახავდეს სხვა პირთა უფლებებს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
    “დაუშვებელია შეკრების და მანიფესტაციის ჩატარების დროს შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების ბლოკირება, ხოლო კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე – გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა. ამასთან დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა. პოლიცია 20 დეკემბერს, დაიცავს გურჯაანში დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილების გამოხატვის თავისუფლებას. ბრალდებულ დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების სასამართლო განხილვის პარალელურად დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს შეუძლიათ, ისარგებლონ მშვიდობიანი შეკრების უფლებით და აზრის დაუბრკოლებლად გამოხატვის თავისუფლებით კანონით დასაშვებ ფარგლებში და დადგენილი წესით. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა არ დაირღვეს კანონი, უზრუნველყოფილი იქნეს საზოგადოებრივი წესრიგი და სახელმწიფო ინსტიტუტების შეუფერხებელი საქმიანობა. ამ მიზნით და შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას. საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”,წერია შსს-ს განცხადებაში.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გურჯაანში დაანონსებულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 20 დეკემბერს, დილის 09:00 საათიდან გურჯაანის გარკვეულ ქუჩებზე, კერძოდ: დ. გურამიშვილის, შ. რუსთაველის, ი. ნონეშვილის და თავისუფლების ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება. აქციის დასრულებისთანავე აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა სრულად აღდგება.

  • ტრამპი:მოუთმენლად ველი აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას

    {{ARTICLEIMAGE}}
    აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

    მისალოც წერილში წერია, რომ აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კეთილდღეობასა და დემოკრატიულ განვითარებას, ასევე, საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას დასავლეთში.

    ქალბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კეთილდღეობასა და დემოკრატიულ განვითარებას, ასევე საქართველოს მეტ ინტეგრაციას დასავლეთთან. მე ველოდები აშშ-ისა და საქართველოს ახლო პარტნიორობის გაგრძელებას სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას. ჩვენ მადლიერი ვართ თქვენი ქვეყნის მიერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის და ქართველი სამხედროების მიერ გაღებული მსხვერპლისთვის. საუკეთესოს გისურვებთ თქვენ და ქართველ ხალხს“,წერია დონალდ ტრამპის წერილში, რომლის შინაარსს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

    როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს გაიმართა. საქართველოს ახალი პრეზიდენტი სამუშაოდ ათონელზე მდებარე რეზიდენციაში განთავსდა.

  • რუსეთში ბანკებს ვალუტის კურსის მაჩვენებელი ტაბლოების გამოყენება აეკრძალათ

    {{ARTICLEIMAGE}}
    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ვალუტის კურსის მაჩვენებელ ტაბლოების კრძალავს. 18 დეკემბერს ხელმოწერილი კანონით, რუსეთის ცენტრალურ ბანკს დაევალა გადაწყვიტოს, როგორ მიაწვდიან ბანკები და სხვა საფინანსო ინსტიტუტები კლიენტებს ინფორმაციას ვალუტის გაცვლის კურსის შესახებ.

    ტაბლოების აკრძალვის ინიციატივით წელს ცენტრალური ბანკი გამოვიდა. მისი შეფასებით, აკრძალვა ვალუტის გამცვლელ უკანონო ობიექტებთან ბრძოლას ხელს შეუწყობს

    ვალუტის გასაცვლელი ჯიხურები რუსეთში ჯერ კიდევ 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლამდე გამოჩნდა. ძლიერი ინფლაციისა და ეკონომიკური დესტაბილიზაციის გამო ელექტრონულ ტაბლოებზე, თუ პლასტმასისა და მუყაოს აბრებზე, ხშირად იცვლებოდა რიცხვები.

    ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები ხშირად იყენებენ ვალუტის კურსის მაჩვენებელი ელექტრონული ტაბლოების ფოტოებს რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ეკონომიკური პრობლემების საილუსტრაციოდ.

    წყარო – რადიო თავისუფლება

  • მსოფლიოს ულამაზესი ქალების დილის რიტუალები

    {{ARTICLEIMAGE}}

    მსოფლიოს ულამაზესი ქალების დილის რიტუალები


    როგორ იწყებთ დღეს და რას აკეთებთ დილაობით – ეს ლამის პირდაპირ აისახება თქვენს გარეგნობაზე. როდის გაიღვიძეთ? მიირთვით თუ არა საუზმე? ივარჯიშეთ თუ არა დილით? ეს ყველაფერი მთელ დღეზე ახდენს გავლენას. დილით, საღ გონებაზე სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და გეგმების დასახვაც კარგია. მოდით ვნახოთ როგორ ატარებდნენ და ატარებენ დილას წარსულში და ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალები.

    მერლინ მონრო

    დავიწყოთ გასული საუკუნის კულტად ქცეული მერლინ მონროთი. 1954 წელს ერთ–ერთ ინტერვიუში მონრომ განაცხადა: “ბევრი ამბობს, რომ უცნაური ჩვევები მაქვს საკვებთან დაკავშირებით. მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. დილით სანამ შხაპს მივიღებ, ერთ ჭიქა რძეს ვაცხელებ, შიგ ორ უმ კვერცხს ვაგდებ, ჩანგლით კარგად ვთქვეფ და მივირთმევ. შემდეგ კი ვიტამინებს ვსვამ. ეჭვი მეპარება, რომ ამაზე კარგი საუზმე არსებობდეს გოგოსთვის, რომელიც ბევრს მუშაობს.“

    ალესანდრა ამბროსიო

    ლონდონი, პარიზი, ლოსანჟელესი ან მშობლიური ბრაზილია – მისი დილის რიტუალები უცვლელი რჩება, მიუხედავად იმისა მსოფლიოს რომელ წერტილში იღვიძებს სუპერმოდელი. “ვცდილობ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების უმრავლესობა დილით, საღ გონებაზე მივიღო. გაღვიძების შემდეგ დროს იოგას და პილატესს ვუთმობ. არ მჭირდება თავს ძალა დავატანო რომ ვივარჯიშო. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია“ ამბობს ალექსანდრა. დილის სავალდებულო პროგრამაში შედის მედიტაციაც. პოდიუმების ვარსკვლავის იდეალური საუზმეა ზეთში ოდნავ შემწვარი ავოკადო კვერცხით და რა თქმა უნდა, ყავა.

    როზი ჰანთინგტონ უაითლი

    როგორ შეიცვალა ამ მშვენიერი გოგონას რაციონი ფეხმძიმობის დროს უცნობია, თუმცა ფეხმძიმობამდე როზი თავისი სილამაზის საიდუმლოებების ჟურნალისტებს გულახდილად უზიარებდა. მათ შორის დილის რიტუალებს. პირველი და ყველაზე საყვარელი წესი დილაობით ძაღლის 15 წუთიანი გასეირნებაა. სახლში დაბრუნების შემდეგ საუზმე მისი პალეოდიეტის შესაბამისად. შემდეგ სუნამოს წვეთი ყურსუკან და ვარჯიში ბალეტის ელემენტებით. ვარჯიშის შემდეგ მწვანე სმუზი, წერილებზე პასუხის გაცემა და მსუბუქი მაკიაჟის გაკეთება. მისი მთავარი სისუსტე ყავაა. ამბობს, რომ დილით სანამ ყავას არ დალევს სრულიად უუნაროა.


    სტელა მაქსველი

    მას რაიმე განსაკუთრებული რიტუალი არ გააჩნია. პირველ რიგში ტელეფონს ამოწმებს – სოციალურ ქსელებს და ელექტრონულ ფოსტას. ამის შემდეგ შხაპი, ყავა, მაკიაჟი. სულ ეს არის. 

    ჯენიფერ ლოპესი

    მსოფლიოს ერთერთი ყველაზე ლამაზი ქალის დილის ორი მნიშვნელოვანი შემადგენელი ბავშვები და ფიტნეს ვარჯიშია. ერთ–ერთ ინტერვიუში ჯეი ლომ დაიჩივლა, რომ ტყუპები მას ექვს საათზე აღვიძებენ და საუზმის მომზადებას სთხოვენ. ეს მაღვიძარაზე უკეთ აფხიზლებს. დედობრივი ვალის მოხდის შემდეგ ყოველდღიურად სავარჯიშოდ მიდის და დაახლოებით ერთი საათი ვარჯიშობს. ეს მის ფიგურას აშკარად ეტყობა.

    კარლი კლოსი

    “მიყვარს ვარჯიში დღის პირველ ნახევარში. სახლში ყოველთვის ყველაზე ადრე ვიღვიძებ. ყავას ვსვამ და პირდაპირ სავარჯიშო დარბაზში მივდივარ. თუნდაც 20 წუთი ვივარჯიშო, ეს მთელი დღე ენერგიას მაძლევს. შემდეგ შხაპს ვიღებ და კბილებს ვიხეხავ. ძალიან მობილიზებული ვარ. მოსამზადებლად დიდი დრო არ მჭირდება. რაც შეეხება საუზმეს, ჩემი საყვარელი ვარიანტია ომლეტი ისპანახით, ავოკადო და ცუკინი. “ – ამბობს მოდელი.

    მირანდა კერი

    დილის რიტუალებს არ მალავს ლამაზმანი მირანდა კერი. “ჩემი დილა შვილთან ჩახუტებით და ჩაკრებზე მედიტაციით იწყება, რომელიც ისეა შემუშავებული, რომ დღეს ნათელი, პოზიტიური ენერგიით იწყებთ. გარდა ამისა, მინიმუმ 20 წუთს ვარჯიშს ვუთმობ – იოგას ან პილატესს“– ამბობს კერი. ენერგიის მოსამატებლად მოდელი თავის საფირმო სმუზის ამზადებს – დიდი რაოდენობით ვიტამინებით და მინერალებით. მისი რეცეპტი ასეთია: ერთი ქოქოსის წვენი, ნახევარი ჭიქა ნუშის რძე, სუფრის კოვზი აკუას ფხვნილი, ერთი სუფრის კოვზი გოჯის ნაყოფი, ერთი სურის კოვზი სპირული, ერთი სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი, ერთი სუფრის კოვზი ჩიას მარცვლები, ერთი სუფრის კოვზი ვეგანური პროტეინის ფხვნილი და ერთი კოვზი ქოქოსის ზეთი. შხაპის მიღებამდე ქერი ტანს მშრალი ჯაგრისით ამუშავებს. მისი თქმით ეს ცირკულაციას და ლიმფოდრენაჟს უწყობს ეხლს, გარდა ამისა გარქოვანებული უჯრედების მოსაშორებლად არის საჭირო.

    კარა დელევინი

    პირველი, რასაც კარა დილაობით აკეთებს მისი ერთგვარი ფსიქოლოგიური რიტუალია. სამ გვერდს წერს. სულერთია რაზე, ანუ ყველაფერზე. “ეს ბევრად რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მაგრამ სწორედ დილის ცნობიერების ნაკადიდან შეიძლება გამოწურო ყველაზე საღი და საინტერესო იდეები“ – ამბობს ის.

    ოდრი ჰეფბერნი

    ცნობილია, რომ ოდრი არასოდეს ამბობდა უარს საუზმეზე. კლასიკური ვარიანტი ოდრისგან ასეთია – ორი კვერცხი და ხორბლის ტოსტის ნაჭერი. იდეალური ფიგურის შესანარჩუნებლად მსახიობი თვეში ერთხელ დეტოქსიკაციას იტარებდა.

    ჯენიფერ ენისტონი

    ამერიკელი მსახიობი მსოფლიოში არა მხოლოდ მსახიობის ოსტატობით, არამედ მშვენიერი გარეგნობით არის ცნობილი. როგორ ახერხებს ფორმის შენარჩუნებას? ჯენიფერის აზრით მისი ახალგაზრდობის საიდუმლო დილით ადრე ადგომაა. მსახობი დილის ხუთ საათზე იღვიძებს და ერთ ჭიქა თბილ წყალს სვამს ლიმონით. ამის შემდეგ ბანაობა და 20 წუთიანი მედიტაცია მოდის. ენისტონის საყვარელი საუზმეა პროტეინების კოქტეილი კოლაგენით, რომელიც მისი თქმით “გეხმარება, რომ მთელი დღე შიგნიდან ანათებდე.“ შემდეგ კი პირად ტრენერთან ერთად ვარჯიში – 40 წუთიანი იოგა, შემდეგ კი სპორტდარბაზი.

  • საქართველოში ტურისტების შემცირებისთვის, რუსეთი საზღვართან კურორტების განვითარებას გეგმავს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოში ტურისტული ნაკადის შემცირების მიზნით, რუსეთი საქართველოს საზღვართან მდებარე ორი კურორტის განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ოლგა გოლოდეცმა რეგიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

    “ხალხი საქართველოში დადის, მილიონი ადამიანი კვეთს საქართველოსთან საზღვარს. ეს ძალიან დიდი ფულია. ისე უბრალოდ ხომ არ კვეთენ საზღვარს. იქ სამთო კურორტებზე სრიალებენ, ჭამენ, ცხოვრობენ და ასე შემდეგ. ახლა საქართველოს საზღვართან ორ კურორტს განვავითარებთ. კარგი ბუნებრივი პირობები გვაქვს ტურისტული სექტორის განვითარებისთვის”, განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.

    მან უკვე მისცა დავალება რეგიონების ხელმძღვანელებს, იფიქრონ როგორ მოიზიდონ როგორც უცხოელი ტურისტები, ისე რუსეთის მოქალაქეები.

  • ოპოზიციაში ელიან, რომ დავით კირკიტაძეს სასამართლო პატიმრობას შეუფარდებს

    {{ARTICLEIMAGE}}


    “ნაციონალურ მოძრაობის” წევრს გიორგი ბარამიძეს მოლოდინი აქვს, რომ გურჯაანის სასამართლო დღეს დავით კირკიტაძეს პატიმრობას შეუფარდებს. ბარამიძის თქმით, ხელისუფლებას სურს, რომ შიგნიდან დაანგრიოს “ნაციონალური მოძრაობა”, თუმცა ბარამკიძის აზრით, ასეთი ნაბიჯები ხელისუფლებას დაასუსტებს და პირიქით, მას მოუწევს ძალაუფლების დათმობა მშვიდობიანი გზით.



    “ეს არის ნერვების თამაში, ხელისუფლებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო”, – ასე ამცნო გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 19 დეკემბერს, გურჯაანში, სასამართლოსთან შეკრებილებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დაკავებული წევრის დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი დღეს ჩაინიშნა. დღის განმავლობაში ოპოზიცია სასამართლოსთან აქციას მართავდა და პროტესტის ანალოგიურ ზომას ამ წუთებშიც მიმართავს.


    ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს დავით კირკიტაძეს ბრალი დღეს წარუდგინეს”, პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის დარღვევას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლას ედავება. ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ავრცელებს. ასევე ცნობილი გახდა, რომ კირკიტაძე მშრალ შიმშილობას იწყებს.


    “ბრალდების შინაარსში წერია, რომ ინაუგურაციაზე უცხოელი სტუმრებისა და უამრავი სტუმრის გამო პოლიციის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, გადაკეტილიყო კონკრეტული მაგისტრალი, რის გამოც მომიტინგეები და მათ შორის დავით კირკიტაძე არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და თავს დაესხა მაგისტრალზე განთავსებულ ავტობუსში მყოფ პოლიციელს და მიაყენა ხელის და ფეხის დარტყმით ფიზიკური დაზიანება”,ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, გამოძიების ფარგლებში იგი 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა, რაც ჯარიმას ან  2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროცესი დღეს 10:30 საათზე გაიმართება.


  • საგარეო უწყება: ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, გაემგზავროს საფრანგეთში სამუშაოს საძიებლად

    {{ARTICLEIMAGE}}
    საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, გაემგზავროს საფრანგეთში სამუშაოს საძიებლად. ეს შეეხება მხოლოდ კვალიფიციურ სპეციალისტებს და იმ კონკრეტულ პროფესიებს, რომელთა იდენტიფიცირება მოხდება”, აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.

    როგორც ცნობილია, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკვე მოახდინა საქართველოს და საფრანგეთის მთავრობებს შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაცია. მას საფრანგეთის პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი.

    “ძალიან სასიხარულოა, რომ ხელშეკრულება რატიფიცირებულ იქნა საფრანგეთის პარლმენტის მიერ და სულ ახლახან მას ხელი მოაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ხელშეკრულების თანახმად, საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ, აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია საფრანგეთში ან საქართველოში და შემდგომ დაუბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ხელშეკრულების გაფორმება არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქე გაემგზავროს საფრანგეთში სამუშაოს საძიებლად. ეს შეეხება მხოლოდ კვალიფიციურ სპეციალისტებს და იმ კონკრეტულ პროფესიებს, რომელთა იდენტიფიცირება მოხდება”, აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა.

    მინისტრის მოადგილის განცხადებით, პროფესიონალი ექსპერტების გაცვლა მოხდება მხოლოდ იმის შემდეგ, რაც შეირჩევიან ისეთი პროფესიონალები, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ მოთხოვნებს. ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა შემდგომი ტექნიკური სამუშაოების განხორციელებაში საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობას.

    “საქართველო დიდი ხანია, მუშაობს ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებთან, მათ შორის მინდა აღვნიშნო ისეთი წარმატებული მაგალითები როგორიცაა პოლონეთი და ესტონეთი, სადაც საქართველოს მოქალაქეები გარკვეული პერიოდით იმყოფებიან და მუშაობენ. ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ ისინი დაბრუნდებიან საქართველოში და ამ ამაღლებულ კვალიფიკაციას მოახმარენ ქვეყანას”,განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


    შეთანხმება ითვალისწინებს საფრანგეთში დასაქმების მიზნით დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტებზე, ასევე საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლის (მათ შორის ფილიალის) კურსდამთავრებულ სტუდენტებზე, რომლებსაც სურთ საფრანგეთში პროფესიული გამოცდილების მიღება, შემდგომში საქართველოში დაბრუნების პერსპექტივით. (შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას საფრანგეთში, ისე პირიქით, საფრანგეთის მოქალაქეების დასაქმებას საქართველოში).


    ხელშეკრულება არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიც არის  ბინადრობის მოწმობის ვადები, სამუშაო ადგილის  კვოტები. შეთანხმებით წელიწადში, ახალგაზრდა სპეციალისტებზე გამოყოფილია 150 კვოტა, როგორც  საფრანგეთის, ისე  საქართველოს მოქალაქეებისთვის. ხოლო  ყველა სხვა კატეგორიაზე – 500 კვოტა ჯამში.


  • საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში ლეგალურად მუშაობის შანსი უჩნდებათ

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რა პირობებით შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში მუშაობას.

    “საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ, აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია საფრანგეთში ან საქართველოში და შემდგომ დაუბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ხელშეკრულების გაფორმება არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქე გაემგზავროს საფრანგეთში სამუშაოს საძიებლად. ეს შეეხება მხოლოდ კვალიფიციურ სპეციალისტებს და იმ კონკრეტულ პროფესიებს, რომელთა იდენტიფიცირება მოხდება.” – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი.

    საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკვე მოახდინა საქართველოს და საფრანგეთის მთავრობებს შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაცია. მას საფრანგეთის პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი.

    შეთანხმება ითვალისწინებს საფრანგეთში დასაქმების მიზნით დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტებზე, ასევე საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლის (მათ შორის ფილიალის) კურსდამთავრებულ სტუდენტებზე, რომლებსაც სურთ საფრანგეთში პროფესიული გამოცდილების მიღება, შემდგომში საქართველოში დაბრუნების პერსპექტივით. (შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას საფრანგეთში, ისე პირიქით, საფრანგეთის მოქალაქეების დასაქმებას საქართველოში).


    ხელშეკრულება არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიც არის  ბინადრობის მოწმობის ვადები, სამუშაო ადგილის  კვოტები. შეთანხმებით წელიწადში, ახალგაზრდა სპეციალისტებზე გამოყოფილია 150 კვოტა, როგორც  საფრანგეთის, ისე  საქართველოს მოქალაქეებისთვის. ხოლო  ყველა სხვა კატეგორიაზე – 500 კვოტა ჯამში.