Author: news
-
რატომ არ უნდა მოვჭრათ ცოცხალი ნაძვის ხე საახალწლო დეკორაციისთვის?
ნაძვი სიმბოლურად დაკავშირებულია ახალ წელთან თუმცა ძალიან ცოტამ იცის რომ საახალწლო ნაძვის ხეებად ევროპაშიც და საქართველოში გამოყენებულია არა ნაძვი არამედ სოჭი. საქართველოში მხოლოდ კავკასიური სოჭია (Picea orientalis) გავრცელებული. ნაძვი და სოჭი საკმაოდ ნელა იზრდება. ნაძვს მხოლოდ 15 წლის მერე შეატყობთ მის ზრდას. ნაძვის გამრალვება შესაძლებელია გადაწვენით და დაკალმებით თუმცა ბუნებრივად თესლით მრავლდება. ძალიან მგრძნობიარეა ქარის, გვალვის, სინათლის ცვალებადობის მიმართ და მოითხოვს ასევე განსაკუთრებულ პირობებს.
სოჭი ძირითადად თესლით მრავლდება, თუმცა, ალპურ ზონაში მისი ვეგეტაციური (გადაწვენით) გამრავლებაც ხდება. თესლს ნაძვის მსგავსად აღმოცენების სუსტი უნარი აქვს, შესაბამისად, დათესვამდეც განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს. ასევე მგრძნობიარეა ტენის მიმართ და ვერ იტანს ჭარბტენიანობას. ახალგაზრდა ნერგი ზრდის დიდი ენერგიით ხასიათდება, სწორედ ამიტომ მიჩნეულია საახალწლო ნაძვის ხეების პლანტაციისთვის ყველაზე ხელსაყრელ სახეობად.წიწვოვნებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ გარემოს მდგრადობაში, ჟანგბადის გამომუშავებისა კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილების თვალსაზრისით. უმნიშვნელოვანესია კურორტოლოგიური და რეკრეაციული თვალსაზრისითაც. საქართველოს ბევრი გამაჯანსაღებელი კურორტის არსებობა განპირობებულია სწორედაც რომ წიწვოვანი ტყეების არსებობით.საახალწლო ნაძვის ხეებად გამოსაყენებელი მცენარეები(ზომით) არიან ნაძვისა და სოჭის ახალგაზრდა ხეები, რომლებმაც გადალახეს რთული პირობები, გაუძლეს ბუნებრივ სელექციას და წარმოადგენენ მომავალში ტყის არსებობის გარანტიას.
როდესაც ხეს მხოლოდ სადღესასწაულო დეკორაციისთვის ვჭრით ბუნებრივ ტყეში, ჩვენ რამდენიმე დღიან პერიოდს ვუპირისპირებთ მომავალი ათწლეულებისა და ასწლეულების პერიოდს, მოსართავ ნივთს – სუფთა ჰაერს და სხვა უამრავ ეკოსისტემურ სერვისს, რაც უნდა მივიღოთ ცოცხალი მცენარისგან ახლაც და მომავალშიც.ხშირია შემთხვევები როდესაც წიწვოვან ხეებს კენწეროში ჭრიან რათა სასურველი საახალწლო ნაძვის ხის ზომა მიიღონ.ასეთ დროს ხშირია სასიცოცხლო ფუნქციების შეწყვეტის ალბათობა, თუმცა, გადარჩენილი მცენარეც წყვეტს ზრდას და ვეღარ ასრულებს მის ძირითად, ეკოლოგიურ ფუნქციებს.თუ საახალწლოდ უპირატესობას მაინცდამაინც ცოცხალ ნაძვს ანიჭებთ, ასეთ შემთხვევაში უნდა შეიძინოთ სანერგეებსა და პლანტაციებში სპეციალურად საახალწლო ნაძვის ხეებად გამოყვანილი მცენარეები, რომლებსაც ახლავს წარმოშობის დამადასტურებელი ცნობა ან/და სერტიფიკატი. უმჯობესია, თუ მცენარეს დაფესვიანებულს, ქოთნით შეიძენთ და დღესასწაულის დასრულების შემდგომ ბუნებას დაუბრუნებთ, ან კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში გაგილამაზებთ დღესასწაულს.
გარდა ამისა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეახსენებს მოქალაქეებს, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე. ამასთან, თუ ქმედება დაცულ ტერიტორიებზე ხორციელდება, ჯარიმის ოდენობა 400-დან 500 ლარამდე იზრდება. კანონდარღვევა ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე, ან საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე. გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, სამართალდამრღვევს დაეკისრება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც. თუ ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, დგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
-
თამარ ჟვანია: პირველი თავმჯდომარე ვარ, რომელმაც სრული ვადა გავძელი და გავიტანე ბოლომდე
{{ARTICLEIMAGE}}
ცესკო-ში კენჭისყრის დასრულების შემდეგ თამარ ჟვანიამ შედეგებზე პირველი კომენტარი გააკეთა. მან საკუთარ უპირატესობაზე მიანიშნა და აღნიშნა, რომ მას განსხვავებული გამოცდილება აქვს.“მინდა აღვნიშნო, რომ პირველი თავმჯდომარე ვარ, რომელმაც სრული ვადა გავძელი და გავიტანე ასე ვთქვათ ბოლომდე და სრულყოფილად დავასრულე ჩემი პირველი ვადა, რომელიც დასრულდა ამ არჩევნების დასრულებისთანავე. მე ვფიქრობ, რომ ის გამოცდილება არც მე საარჩევნო ადმინისტრაციაში მივიღე არის ძალიან განსხვავებული იმ პერსპექტივიდან, რაც მე 5 წლის წინ მაგალითად მეგონა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში იყო”, განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ცესკო-მ ახალი თავმჯდომარე აირჩია. 8 ხმა მიიღო თამარ ჟვანიამ, 1 – ლადო ბოჟაძე. ცესკოს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას. ენმ-ს და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებს. მათ სხდომა პროტესტის ნიშნად კენჭისყრის დაწყებამდე დატოვეს.
ოპოზიციონერ დავით კირთაძის განცხადებით, კენჭისყრა ფარსია და ხელისუფლება აპირებს, დამსახურება დაუფასოს ცესკო-ს ყოფილ თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას და უპრეცედენტო გაყალბებისა და დარღვევების ფონზე ჩატარებული არჩევნების მიუხედავად, ის მეორე ვადით დატოვოს თავმჯდომარის თანამდებობაზე.
“როდესაც ხელისუფლება აყალბებდა არჩევნებს, ცესკო-ს არათუ რეაგირება მოუხდენია, არამედ, პირიქით, აღნიშნული გაყალბების პროცესში იყო ჩართული და შესაბამისად, ამ ადმინისტრაციის მიერ ხელშეწყობილმა პრეზიდენტმა დაუბრუნა ხარკი ასევე თავმჯდომარეს და წარმოადგინა უკან, რომელიც სავარაუდოდ, დღეს 14:00 საათზე იქნება არჩეული, განაცხადა დავით კირთაძემ.ლადო ბოჟაძე და მარიამ შელეგია შერჩევის ეტაპზე არათანაბარ და არაკონკურენტულ გარემოზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ თამარ ჟვანიასთან შედარებით მათი არჩევის შესაძლებლობა დაბალია.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ თამარ ჟვანიასთან კონკურენცია საკმაოდ რთულია, რადგან ის საარჩევნო ადმინისტრაციაში 5 წლის განმავლობაში მუშაობდა.
“ჩვენ ვერ ვართ თანაბარ პირობებში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თამარი არის მოქმედი თავმჯდომარე, აქ მხოლოდ ხმის მიცემაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ ის ამ ადამიანებთან მუშაობდა წინა 5 წლის განმავლობაში და მათთან აქვს როგორც პირადი, ასევე საქმიანი ურთიერთობები და აქედან გამომდინარე, მათთვის ჩვენთან შედარებით თამარი არის სწორედ საუკეთესო კანდიდატი”, ამბობს ბოჟაძე.
არათანაბარ პირობებზე საუბრობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი მარიამ შელეგიაც. მისივე თქმით, არასწორია, როდესაც ცესკო-ს წევრებს პარლამენტი ირჩევს, ხოლო თავმჯდომარეს თავად წევრები.
“არ არის სწორი როდესაც ცესკო-ს წევრს ირჩევს პარლამენტი , ხოლო ცესკო-ს თავმჯდომარეს, რომელსაც ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია უნდა გააჩნდეს, ირჩევს ის 12 წევრი, რომელიც წლების განმავლობაში ერთად მუშაობდნენ, ამიტომ ცოტა არათანაბარი პირობებია სხვა კანდიდატებს და მოქმედ თავმჯდომარეს შორის, რომელიც თვითონ აძლევს ხმას თავის თავს”, ამბობს შელეგია. -
ზვიად გამსახურდიას შვილი, რომელიც მე-11 დღეა შიმშილობს, კლინიკაში გადაიყვანეს
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც ძმასთან ერთად პროკურატურის შენობაში მე-11 დღეა შიმშილობს, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მას თავბრუსხვევა აღენიშნებოდა, ამიტომ გამოკვლევები უტარდება.
გამსახურდიების პროტესტის უკიდურესი ფორმის შემდეგ, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებაზე პარლამენტი კანონს დაჩქარებული წესით მიიღებს. დეპუტატები საკითხს კენჭს ერთ საათში ბიუროს სხდომაზე უყრიან.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახის ადვოკატი კი გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნას მოითხოვს. ამირან გიგუაშვილი ამბობს, რომ საქმის გამოძიებას ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი უნდა გაუძღვეს.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები მეთერთმეტე დღეა, პროტესტს უკიდურესი ფორმით გამოხატავენ. ისინი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ხანდაზმმულობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით მიესალმებიან, თუმცა ამბობენ რომ გამოძიების დროულად დასრულებაა საჭირო.
-
სამი მარტივი სავარჯიშო ცხოვრების შესაცვლელად
თუ გინდათ წარმატებული იყოთ, საკუთარი თავი უნდა გიყვარდეთ
არც ისე დიდი ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა საინტერესო კანონზომიერება აღმოაჩინეს: გარშემომყოფთათვის იმის გამჟღავნების შიშმა, რომ თქვენი მიღწევებით ამაყობთ, შეიძლება სერიოზულად დაამუხრუჭოს თქვენი კარიერული წინსვლა. როგორც წესი,ასეთი ქცევა დაბალი თვითშეფასებით არის გამოწვეული, განსაკუთრებით, თუ თქვენ გეჩვენებათ რომ თქვენი წარმატებები მხოლოდ ბედნიერი შემთხვევითობის ბრალია და არა იმის, რომ საკუთარი საქმის პროფესიონალი ხართ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ფსიქოლოგები რამდენიმე მარტივ სავარჯიშოს გვთავაზობენ, რომლებიც დაგეხმარებათ მთლიანად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება.
პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ, საიდან გაგიჩნდა ჩვევა, რომ საკუთარი მიღწევების გრცხვენოდეთ. აიღეთ მშობლების ძველი ფოტოები და დააკვირდით, როგორ იქცევიან ამ ფოტოებზე. გაიხსენეთ, ხშირად ამაყობდნენ თუ არა ისინი საკუთარი თავით და საუბრობდნენ იმაზე, რა წარმატებებს მიაღწიეს. თუ პირიქით, ცდილობდნენ ჩრდილში დარჩენილიყვნენ. რა დამოკიდებულება ქონდათ მათ თქვენი მიღწევებისადმი? რამდენად ხშირად გაქებდნენ სკოლაში მიღებული მაღალი ნიშნების გამო? ფსიქოლოგები თვლიან რომ ამ კითხვებზე პასუხები დაგეხმარებათ იმის გაგებაში, ხომ არ მოქმედებს თქვენს კომპლექსებზე მშობლების ქცევის მოდელი. თუ ასეა, შეძლებთ განსაზღვროთ ბავშვობიდან ჩადებულ რომელ “პროგრამას“ უნდა დაემშვიდობოთ სამუდამოდ.

არ უნდა დაივიწყოთ, რომ ჩვენი ხასიათი დაგროვილი გამოცდილების გავლენით ფორმირდება. ამიტომაც თუ ცხოვრებაში გლობალური ცვლილებები გინდათ, წარსულის ინვენტარიზაცია გააკეთეთ. ამ გზით შეძლებთ გაიგოთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. მაგალითად, უმაღლესი განათლების დიპლომის აღება შეგიძლიათ მიღწევების გრაფაში ჩაწეროთ. ამავე დროს აქცენტი არა მხოლოდ სანატრელ “ქაღალდის ფურცელზე“ უნდა გააკეთოთ, არამედ , მაგალითად, უამრავ უძილო ღამეზე, რომლებიც გამოცდების წინ გაატარეთ და იმაზე, რომ ათობით წიგნის წაკითხვას და გამოცდებისთვის მომზადებას მოკლე დროში ახერხებდით. მართალია ეს მიღწევები წარსულში იყო, მაგრამ კვლავ შეგიძლიათ ამ მიღწევებით იამაყოთ.
თეორიული ნაწილიდან დროა პრაქტიაზე გადავიდეთ. შეეცადეთ უახლოესი 90 დღის განმავლობაში სრულად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. ამისათვის არ არის აუცილებელი მაინცდამაინც სამსახურიდან წამოხვიდეთ ან ბოიფრენდს დაშორდეთ. დაიწყეთ იმით, რომ თქვენს მიერ ყოველდღიურ “გმირობებს“ სხვა თვალით შეხედეთ. თქვენი პატარა მიღწევები კოლეგებს და ახლობელ ადამიანებს გაუზიარეთ, შემდეგ კი უფრო შთამბეჭდავ აუდიტორიაზე გადადით. ამით არა მხოლოდ უფრო მეტად დააფასებთ საკუთარ შრომას, არამედ გარშემომყოვებისთვისაც და ხელმძღვანელობისთვისაც უფრო შესამჩნევი გახდებით.
-
ადამიანს ფინანსური მდგომარეობა სახეზე აწერია
კანადელ მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა აშკარა კავშირი ადამიანის სახის გამომეტყველებასა და მის ფინანსურ მდგომარეობას შორის. გინდათ იცოდეთ რა თანხა გაწერიათ პირდაპირი გაგებით შუბლზე? მიიღეთ ნეიტრალური, უემოციო სახე და მიდით სარკესთან.
{{ARTICLEIMAGE}}ფსიქოლოგებმა ტორონტოს უნივერსიტეტიდან ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის დროსაც მოულოდნელი დასკვნა გააკეთეს: თქვენმა ნეიტრალურმა, ანუ ყოველგვარ ღიად გამოხატულ ემოციას მოკლებულმა სახემ შეიძლება ბევრი ინფორმაცია გასცეს თქვენი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ყურადღებიანმა დამკვირვებელმა შეიძლება ისიც განსაზღვროს, რომელ სოციალურ კლასს მიეკუთვნებით. როგორც გაირკვა, წარმატებული თუ წარუმეტებელი ცხოვრებისეული გამოცდილება სახი ს ნაკვთებს ცვლის და მათ სრულიად კონკრეტულ ემოციურ კვალს ამჩნევს. ამასთან, თუ ადამიანი იმ კონკრეტულ მომენტში რაღაცით გაკვირვებულია, რამე უხარია ან პირიქით, ნაწყენია, მის სახეზე “ფინანსური მონაცემების“ ამოკითხვა უფრო რთულია. სწორი ინფორმაციის მისაღებად სახის მშვიდი გამომეტყველებაა საჭირო.
კვლევის ერთ–ერთი ავტორის, ფსიქოლოგ თორა ბიერნსდოტირის განცხადებით აქედან შეისძლება საინტერესო დასკვნა გამოვიტანოთ: “მდიდარი“ და “ღარიბი“ სახის ადამიანებს ნაცნობობის პირველივე წუთიდან ურთიერთობის განვითარების განსხვავებული შანსები აქვთ. განსაკუთრებით ძლიერად ამან გავლენა შეიძლება მოახდინოს სამსახურში მიღებისას გასაუბრების შედეგებზე. “ასეთი პირველი შთაბეჭდილება ადვილად იქცევა ხოლმე საკუთარი თავისთვის წარუმატებლობის წინასწარმეტყველების ახდენად. თქვენს მიმართ მოსაუბრის დამოკიდებულება ქვეცნობიერად ნაცნობობის პირველივე წუთიდან ჩნდება და თქვენს შანსებზე ახდენს გავლენას “– ამბობს ფსიქოლოგი
რა გზით მივიდნენ მეცნიერები ასეთ დასკვნამდე?
მათ რამდენიმე ათეულ მოხალისეს ფოტოს გადაღება შესთავაზეს მაქსიმალურად ნეიტრალური, ემოციებისგან დაცლილი სახით. ამის შემდეგ მონაწილეთა ფოტოები ჯგუფებად დაყვეს მათი შემოსავლების მიხედვით. შემდეგ კი ექსპერიმენტში მონაწილეთა კიდევ ერთ ჯგუფს შესთავაზეს ფოტოების დათვალიერება და გამოცნობა, რამდენად ფინანსურად უზრუნველყოფილი იყო ფოტოზე ნაჩვენები ადამიანი.

ვარაუდები ძირითადად გამართლდა. “დროთა განმავლობაში თქვენი სახე თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილების ანარეკლი ხდება – ამბობს პროფესორი ნიკოლას როული. მაგალითად მარტივად შეგვიძლია ამოვიცნოთ ადამიანი, რომელიც ხშირად განიცდის ბედნიერებას და კმაყოფილებას, საზოგადოებაში მაღალი და მყარი პოზიცია უკავია. ეს კი მის ფინანსურ სტაბილურობას ნიშნავს. სახის სწორი ნაკვთები და ნათელი მზერა ზოგად კეთილდღეობაზე მეტყველებს, ტუჩების დაშვებული კუთხეები და თვალებში უნებლიე დარდი კი წარუმატებლობაზე მიგვანიშნებს.
ჩვენ გვგონია ჩვენი ნეიტრალური, უემოციო სახე არაფერს მეტყველებს, არადა სწორედ ის გასთქვამს ჩვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.
საინტერესო დეტალი: “ფულადი დიაგნოზის“ სიზუსტე არანაირად იყო დამოკიდებული ექსპერიმენტში მონაწილეთა სქესზე და რასაზე. არც იმაზე, რა დრო ქონდათ კვლევის მონაწილეებს ფოტოების დასათვალიერებლად და შესაფასებლად. -
დღეს სალომე ზურაბიშვილის მრჩევლების ვინაობა გახდება ცნობილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მედიას სახელმწიფოს მეთაურის მრჩევლებს გააცნობს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილი თავისი გუნდის ამ ნაწილს 17:00 საათზე ათონელის რეზიდენციაში წარადგენს. როგორც ცნობილია, გასულ კვირას გახდა ცნობილი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლაშა ჟვანია ხელმძღვანელობს, საპარლამენტო მდივნად კი დიმიტრი გაბუნია დაინიშნა. ზურაბიშვილმა სწორედ დღეისათვის დააანონსა გუნდის სხვა წევრთა ვინაობის გამხელა. -
როგორ და სად დაიწყება მესამე მსოფლიო ომი
The National Interest-მა ის ცხელი წერტილები დაასახელა, საიდანაც 2019 წელს შეიძლება მსოფლიო ომი დაიწყოს.2019 წელს ყველაზე ცხელ რეგიონებად, სადაც შეიძლება მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს ისევ რჩებიან: სამხრეთ–ჩინეთის ზღვა, უკრაინა, სპარსეთის ყურე და კორეის ნახევარკუნძული. ამის შესახებ ჟურნალ The National Interest –ში აშშ–ს არმიის სამხედრო კოლეჯის პროფესორი, რობერტ ფარლი წერს.
ფარლის აზრით ერთ–ერთი ცხელი წერტილია სამხრეთ–ჩინეთის ზღვა, რომელშიც აშშ–სა და ჩინეთს შორის დაპირისპირება განვითარდა. ეს ორი ქვეყანა ერთმანეთთან სავაჭრო ომს აწარმოებს. ჯერჯერობით ბრძოლა ეკონომიკური სანქციებით და ტარიფებთან დაკავშირებული დავებით შემოიფარგლება, თუმცა ორმხრივი ურთიერთობების გაუარესების შემთხვევაში ავტორის აზრით კონფლიქტი შეიძლება ეკონომიკურ ფარგლებს გასცდეს.
მესამე მსოფლიო ომის დაწყების კიდევ ერთ ადგილად ფარლი უკრაინას ასახელებს. ის იხსენებს ქერჩის სრუტეში ცოტახნის წინანდელ ინციდენტს და აღნიშნავს, რომ ამან რეგიონში დაძაბულობის ზრდა გამოიწვია. ავტორი ვარაუდობს, რომ რუსეთი სავარაუდოდ არ არის დაინტერესებული სტატუს ქვოს დარღვევაში უკრაინაში არჩევნების წინ, რომელმაც სიტუაციაში შეიძლება გაურკვევლობა შემოიტანოს. აშშ–სა და რუსეთს შორის დაძაბულობის შენარჩუნების გათვალისწინებით მცირე რყევებმაც კი შეიძლება დაარღვიოს მყიფე ბალანსი, რომელიც რეგიონში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ნარჩუნდება.
{{ARTICLEIMAGE}}
მესამე ცხელ რეგიონად პროფესორის აზრით სპარსეთის ყურე რჩება. აქ დაძაბულობა ირანზე აშშ–ს ეკონომიკური ზეწოლისა და იემენში და სირიაში კონფლიქტების გამო იზრდება. რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის გამო აქ არასტაბილურობის ნებისმიერმა გამოვლინებამ შეიძლება გამოიძვიოს ღია შეტაკება აშშ–ს, რუსეთსა და ჩინეთს შორისაც კი.
დაძაბულობის მეოთხე წერტილი კორეის ნახევარკუნძულია, მიუხედავად აშშ–სა და კორეის სახალხო რესპუბლიკის ბოლოდროინდელი სამშვიდობო ინიციატივებისა. პროფესორის აზრით ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ურთიერთობები ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაფუჭდეს. უფრო მეტიც, კორეის საკითხთან დაკავშირებით უთანხმეობა სხვა მნიშვნელოვან მოთამაშეებს შორისაც არსებობს. ეს არის ჩინეთი და იაპონია.
ფარლის აზრით აშშ–სა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაფუჭება სამომავლოდ “უბედურების მომასწავებელია“. ცხელი წერტილები კი დროთა განმავლობაში შესაძლოა სხვა რეგიონებშიც გაჩნდეს. ამასთან, აშშ–ს სამხედრო ჰეგემონიის და არსებული მსოფლიო წესრიგის კრიზისი იმაზე მოწმობს, რომ უახლოესი მომავალი შესაძლოა უფრო საშიში იყოს, ვიდრე უახლოესი წარსული – წერს ფარლი.
კიდევ ერთი საფრთხე შესაძლოა ინდოეთ–პაკისტანის ურთიერთობიდან მოდიოდეს. ამ ორ ქვეყანას შორის ომი ნებისმიერ დროს უამრავი მიზეზით შეიძლება განახლდეს. მაგალითად, თუ პაკისტანის მიერ დასპონსორებული ტერორისტები კიდევ ერთ თავდასხმას განახორციელებენ ინდოეთში, შესაძლოა ამ უკანასკნელის მოთმინება ამოიწუროს. შესაძლოა სახელმწიფოები ომში ჩართული აღმოჩნდნენ იმ მოთამაშეების მიერ, რომლებიც სახელმწიფოგან უშუალოდ არ კონტროლდება. ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა წლებია გრძელდება. საქმის გართულების შემთხვევაში არ არის გამორიცხული საქმე ატომური იარაღის გამოყენებამდეც მივიდეს. სტატიის ავტორის აზრით ამ ორი ქვეყნის დაპირისპირების მიღმა ვერც აშშ და ჩინეთი დარჩებიან.
-
მეზობელი წავკისში მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიას ასახელებს
{{ARTICLEIMAGE}}
წავკისში მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიაზე მოკლულის მეზობელი საუბრობს. მისი ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა საქმის გასარჩევად სახლიდან გაიყვანეს. მეზობელი ამბობს, რომ სახლიდან გაყვანის მიზეზი მკვლელობამდე მომხდარი ერთი ფაქტი გახდა. კერძოდ კი, “ხანჯლით შეიარაღებულ პირებს ახალგაზრდებმა ავარიის დროს ავტომობილის სარკე გაუტეხეს და სწორედ ამას უკავშირდება მკვლელობაც”. მეზობელი იმასაც ამბობს, რომ საქმეზე ორი ადამიანია დაკავებული და ისინი ტაბახმელიდან არიან.
გუშინ საღამოს, წავკისში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ორი მამაკაცი მოკლეს. მათ ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. გარდაცვლილები 26 და 28 წლის ახალგაზრდები არიან. დაჭრილია კიდევ ორი ადამიანი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქირურგიული ჩარევის შემდეგ მათი მდგომარეობა სტაბილურია.
სამართალდამცავი უწყება დაპირისპირების ადგილზე ღამის განმავლობაში მუშაობდა. ჯერჯერობით უცნობია მომხდარის მიზეზი. ოფიციალური ინფორმაციით დაკავებული ამ დროისთვის არავინ არის.