Author: news

  • მაიკლ ჯექსონის სექსუალური სკანდალი და დოკუმენტური ფილმი სანდენსის კინოფესტივალზე

    {{ARTICLEIMAGE}}24 იანვარს დაიწყება ცნობილი “სანდენსის“ კინოფესტივალი, რომელზეც რეჟისორ დენ რიდის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს უჩვენებენ სახელწოდებით “ნევერლენდის დატოვებისას“.

    ფილმი სექს სკანდალის ისტორიას იხსენებს, რომელიც პოპ მუსიკის მეფეს შეემთხვა. 2003 წელს ის პედოფილიაში დაადანაშაულეს, თუმცა სასამართლომ მსახიობი უდანაშაულოდ ცნო, რადგან მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არასაკმარისი იყო.
    თუმცა, ახლა უკვე ფილმის მთავარი გმირები უეიდ რობსონი და ჯეიმს სეიფჩაკი ყვებიან, როგორ სცადა მაიკლ ჯექსონმა მათზე ზემოქმედება, როცე ერთი ათი წლის იყო, მეორე კი შვიდის.

    უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე მამაკაცებმა სასამართლოს წინაშე დაიფიცეს, რომ მაიკლს მათთვის არასოდეს მიუყენებია ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანი. თუმცა მოგვიანებით, უეიდ რობსონმა და ჯეიმს სეიფჩაკმა სარჩელი შეიტანეს სასამართლოში მორალური კომპენსაციის მოთხოვნით. ეს სარჩელები სასამართლომ არ მიიღო.

    მომღერლის მეგობრებს ფილმის ჩვენებაზე ძალიან მწვავე რეაქცია ჰქონდათ და განაცხადეს, რომ ეს გარდაცვლილი მსახიობის სახელის ანგარების მიზნით გამოყენების მორიგი მცდელობაა.

  • მსახიობები, რომლებსაც ინტიმური სცენების გამო რცხვენიათ

    კინოკადრში შიშველი სხეულით ვეღარავის გააკვირვებ, თუმცა როგორც ირკვევა არიან მსახიობები, რომლებიც აღიარებენ, რომ ზოგიერთი სცენის გამო უხერხულობას გრძნობენ.

    შერონ სტოუნი – “ძირითადი ინსტინქტი“

    ამ ფილმის ხსენებისას მაყურებლის უმრავლესობას ალბათ ცნობილი სცენა ახსენდება, როცა შერონ სტოუნის გმირი ქვედა საცვლის გარეშე ფეხს ფეხზე გამომწვევად გადაიდებს. თუმცა ეს ეპიზოდი ფილმში შესაძლოა არც ყოფილიყო.

    შერონ სტოუნი ამტკიცებს, რომ არც კი იცოდა როგორ გულახდილ სცენაში მოუწევდა მონაწილეობა. ფილმის რეჟისორმა, პოლ ვერხოვენმა მსახიობს უშუალოდ მორიგი ეპიზოდის გადაღების წინ სთხოვა ქვედა საცვალი გაეხადა, რადგან ის კაბაში ცუდად ჩანდა. შერონი დათანხმდა, ისე რომ ეჭვი არაფერზე აუღია. მხოლოდ პრემიარაზე ნახა რა კონტექსტში გამოიყენა რეჟისორმა მისი უსაცვლობა და რა სცენა ჩართო ფილმში. როგორც ამბობენ, ამის გამო ვერხოვენს მსახიობმა სილაც კი გააწნა. ვერ გეტყვით, რამდენად შეეფერება ეს ინფორმაცია სიმართლეს, თუმცა ფაქტია, რომ სცენა ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი გახდა.

    ჯენიფერ ლოურენსი – “მგზავრები“

    {{ARTICLEIMAGE}}

    ჯენიფერ ლოურენსს შიშველი სხეულის გამოჩენის არ რცხვენია, თუმცა ზოგიერთი მორალური ნორმა უხერხულობას უქმნის. მაგალითად, ფილმ “მგზავრების“ გადაღებისას ლორუნსმა პარტნიორ კრის პრატთან ერთად ინტიმური სცენები ითამაშა. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ როგორც მსახიობი ამბობს, ის , რომ პრატი ცოლიან იყო, ჯენიფერს უხერხულობაში აგდებდა. უხერხულობის დასაძლევად ლოურენსმა ალკოჰოლს მიმართა, თუმცა როგორც თვითონ აღიარებს მეტისმეტი მოუვიდა და ამიტომაც სრულიად არ ახსოვს, როგორ გადაიღეს ეს სცენა.

    ქეით უინსლეტი – “ტიტანიკი“

    ამ მსახიობს პურიტანელობაში ნამდვილად ვერ დაადანაშაულებ. ის თამამ სცენებში მონაწილეობას მშვიდად უყურებს და არც კადრში სხეულის გამოჩენას ერიდება. თუმცა, ჯეიმს კამერონის ფილმ “ტიტანიკში“ ცნობილი ეპიზოდი მისთვის პირველი შიშველი სცენა იყო. უინსლეტი აღიარებს, რომ ძალიან რცხვენოდა კამერის წინ გახდა და დღემდე ნანობს, რომ “ამდენი რამ გამოაჩინა“.

    ჰოლი ბერი – “მონსტრების მეჯლისი“

    უცნაური იქნებოდა მსახიობს იმ ფილმში მონაწილეობა ენანა, რომელმაც მას “ოსკარი“ მოუტანა. და მართლაც, ჰოლი ბერი არ ნანობს რომ ფილმში გაშიშვლება მოუწია. თუმცა მსახიობი დარწმუნებულია, რომ “მონსტრების მეჯლისი“ ასეთი დიდი რაოდენობის ძალადობის სცენების გარეშეც შეიძლებოდა გადაღოთ და ამით ფილმს არაფერი დააკლდებოდა.

  • გრიპის ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოში ლაბორატორიულად გრიპით კიდევ ორი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა. ვირუსით ქუთაისის კლინიკაში  ახალგაზრდა, ბათუმის საავადმყოფოში კი 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში დეკემბრის ბოლოს, მძიმე მდგომარეობაში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი მკურნალობის დაგვიანებაა. 11 იანვრის მონაცემებით, გრიპის ამ სეზონზე ლაბორატორიულად გარდაცვალების 15 შემთხვევა დადასტურდა.

  • საქართველოს პრეზიდენტმა ცესკო-ს წევრობის კანდიდატები წარადგინა

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ ადგილზე ორი კანდიდატი წარუდგინა.

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის გიორგი შარაბიძის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო წარმოშობილ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ღია კონკურსით შეირჩა ორი კანდიდატურა, თავად გიორგი შარაბიძე და ნათია იოსელიანი.

    გიორგი შარაბიძემ 2013 წლის დეკემბერში დაიკავა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. ნათია იოსელიანი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმების და სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების განყოფილების სპეციალისტია.

  • რუსი ტურისტების თვალით დანახული “აფხაზური კოშმარი“

    {{ARTICLEIMAGE}}ოკუპირებული აფხაზეთი რუსი ტურისტებისთვის მუდმივად ღია და ხელმისაწვდომია. რუსი ტუროპერატორები მრავალი წელია საკუთარ მოქალაქეებს აფხაზეთში დასასვენებლად სხვადასხვა პაკეტებს სთავაზობენ და აფხაზეთს “ქვეყნად“ მოიხსენიებენ. ზუსტი სტატისტიკა, ყოველწლიურად რამდენი ადამიანი ჩადის რუსეთიდან აფხაზეთში დასასვენებლად არ იძებნება, თუმცა ბოლო წლებში ტურისტების ნაკადი ოკუპირებულ აფხაზეთში რომ შემცირდა ამას რუსი ტუროპერატორები ადასტურებენ. 2018 წელს აფხაზეთში მდებარე სასტუმროებმა და პანსიონებმა ფასები მნიშვნელოვნად შეამცირეს, თუმცა შარშანდელთან შედარებით ტურისტების რაოდენობამ მაინც იკლო. ზაფხულში apsnypress–თან საუბარში ადგილობრივი სასტუმროების წარმომადგენლებიც აცხადებდნენ, რომ სასტუმროების დატვირთვა 30–50%-მდე მერყეობდა და დამსვენებელთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო.

    ამის მიზეზი არაერთია. რა თქმა უნდა, დიდი კონკურენცია სხვადასხვა უცხოური კურორტების მხრიდან ერთ–ერთი მთავარია, თუმცა აფხაზეთი რუსებისთვის ტერიტორიული სიახლოვის და სიიაფის გამო მაინც მიმზიდველად რჩებოდა. როგორც ჩანს, ეს უპირატესობები ვეღარ წონის იმ უსიამოვნებებს, რაც ტურისტებს აფხაზეთში ელით.

    თვით იმ გვერდებზეც კი, რომლებზეც ტურისტებს აფხაზეთში დასვენებას სთავაზობენ, რამდენიმე გაფრთხილებაა აფხაზეთში მოსალოდნელი პრობლემების შესახებ:

    პირველი და მთავარი პრობლემა, რის შესახებაც ტურისტებს აფრთხილებენ საქონელზე და მომსახურებაზე არანორმალურად გაზრდილი ფასებია. გარდა ამისა, ტურისტების მოტყუება აქ როგორც ჩანს ჩვეულებრივი მოვლენაა – შესაძლოა დეგუსტაციისას სრულიად სხვა ღვინო ან თაფლი გაგასინჯონ, ყიდვისას კი სულ სხვა მოგცენ. ძირითადად ტურისტებს გაყალბებულ პროდუქტს სთავაზობენ, როგორც ადგილობრივ ღვინოს ან თაფლს.

    რუსული საიტები ხაზს უსვამენ, რომ “აფხაზეთთან დაკავშირებული პოლიტიკური სიტუაციის და 1992–93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის მიუხედავად აქ სიტუაცია სტაბილურია “ და აქ რუსი ტურისტების მიმართ დადებითად არიან განწყობილნი, თუმცა პოტენციურ ტურისტებს მაინც აფრთხილებენ, რომ ქვეყანაში წვრილმანი ქურდობა და თაღლითობა მეტისმეტად გავრცელებულია და არ ღირს სასტუმროს ნომერში ან მანქანაში ნივთების უმეთვალყურეოდ დატოვება. ე.წ. ჯიბის ქურდობა ტურისტებისთვის ერთ–ერთ მთავარ საფრთხედ რჩება. თუმცა იყო შეიარაღებული თავდასხმის ფაქტებიც. მაგალითად, 2016 წელს რუსი ტურისტებით სავსე ავტომანქანა გზაზე ავტომატებით დაცხრილეს. 2017 წლის ივლისში რუსი დამსვენებლების ოჯახს პლაჟზე თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა.

     

    ერთ–ერთი ვებ-გვერდი ტურისტებს ურჩევს მასპინძლებს მთელი ფული თავიდანვე არ გადაუხადონ საცხოვრებლისა და სხვადასხვა მომსახურებისთვის, რადგან “სტუმარი ძირითადად მხოლოდ იქამდე აინტერესებთ, სანამ ფული აქვს და მის დახარჯვას აპირებს. როგორც კი ფულს გადაუხდით, თავიდან კეთილი და მომღიმარე მასპინძელი უცებ იცვლება და სულაც აღარ აინტერესებს თქვენი ბედი. “

    ყველაზე მეტ ინფორმაციას აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ რუსული ინტერნეტ ფორუმები იძლევა, რომლებზეც ტურისტები საკუთარ შთაბეჭდილებებს აზიარებენ. ბევრი მათგანი წერს, რომ აფხაზეთში დასვენება უყვარს მისი სიიაფის და საოცარი ბუნების გამო. თუმცა კომენტარების დიდი ნაწილი ისეთ სურათს ხატავს, რომელიც იქ ჩასვლის სურვილს ნაკლებად ტოვებს.

    ყოველი მეორე დამსვენებელი აღნიშნავს:

    ტელეფონის და სხვადასხვა ნივთების ქურდობას.

    სასტუმროების და პანსიონატების მძიმე მდგომარეობას, საშინელ სერვისს.

    საშიშ მდგომარეობას გზებზე, ავარიების დიდ ალბათობას და მილიციის კორუმპირებულობას.

    ადგილობრივების უხეშ დამოკიდებულებას, თაღლითობას, პროდუქტებზე გაზრდილ ფასებს, ნაყალბევ პროდუქტს, ანტისანიტარიას, მოწამვლას, ცუდ სამედიცინო მომსახურებას. უსიცოცხლო, დამთრგუნველ გარემოს და დანგრეულ შენობებს.

    გთავაზობთ იმ ტურისტების რამდენიმე კომენტარს ვინც აფხაზეთში 20018 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე დაისვენეს.

    აფხაზეთი – არა! არა! არა!

    ამ ზაფხულს ადლერში ვისვენებდი და გადავწყვიტე აფხაზეთში ექსკურსიაზე წავსულიყავი. ამხანაგებო, ეს სულ სხვანაირად წარმომედგინა. გზები ვიწროა , მძღოლები წესებს არ იცავენ და შემხვედრ მანქანას არ ერიდებიან, გზაზე ძროხები სეირნობენ და იქვე სძინავთ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. გარშემო მარტო ნანგრევებია. ადგილობრივები რუსებს ძაღლებივით ექცევიან. დაჟინებით გთავაზობენ ფოტოს გადაღებას ხან ფრინველებთან, ხან ქუდით, ხან ძველისძველ ფაფახს დაგახურავენ და მერე ამაში ფულს გთხოვენ. გზაც აგვებნა და მაღაზიის გამყიდველს ვკითხეთ როგორ წავსულიყავით. თუ რამეს იყიდით გეტყვით, თუ არადა არ გეტყვითო მაღაზიის გმყიდველმა. რიწის ტბაზე ვისადილეთ. 350 რუბლად ფაფა, ორი ნაჭერი ყველი და ორი ნაჭერი ხორცი გვაჭამეს, რომელიც დაძველებულ მწვადს გავდა. საშინლად მოვიწამლე. არაფერი იქ არ ჭამოთ. ტუალეტები საშინელია და თან ფასიანი. გართობა – ნოლი. რაც არ უნდა გადამიხადონ იქ აღარ წავალ. სანახავი არაფერია.

    04 ოქტომბერი 2018
    ევგენი

    არ წახვიდეთ აფხაზეთში დასასვვენებლად. დღისით, მზისით გაგქურდავენ. მილიცია არ მუშაობს, თავისებს არ წირავენ. რუსები არ უყვართ. მაღაზიებში გატყუებენ.

    ალა

    17 ნოემბერი 2018

    ყველაზე საშინელი მოგზაურობა მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე. (არადა ბევრს ვმოგზაურობ.) ყოველთვის თან მაქვს სადეზინფექციო სპრეი, სალფეტკები და ა.შ. მთელი ჩემი ხანგრძლივი მოგზაურობების მანძილზე პირველად ისე მოვიწამლე, რომ ორი კვირაა რეაბილიტაციას ვცდილობ. არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ არაფერი ბაზარში, არც ადგილობრივი პროდუქტების მაღაზიაში. არანაირი წვენი, “შინაური ღვინო“ (სინამდვილეში ფხვნილისგან გაკეთებული კონცენტრატია). საშინელი ჭუჭყი, ანტისანიტარია, ძროხები, რომლებიც თავისუფლად დასეირნობენ და იქ მოისაქმებენ, სადაც მოუნდებათ, რაღაცნაირი ტოქსიკური მტვერი, ჰაერშიც კი. საზოგადოებრივი ტუალეტები – ჯოჯოხეთი დედამიწაზე. თუ აფხაზეთში მოხვდით, ჯობს საერთოდ არ ჭამოთ საჭმელი, რადგან წვენის, ყველის, “მთის თაფლის“ მაგივრად აქ გაუგებარ ნარევს ყიდიან. რაც გავსინჯე, ყველაფერი საშინლად უგემური და ხელოვნური იყო. სასტუმროს მფლობელები, რომლებიც თვითონაც რუსები არიან, პოსტფაქტუმ გამომიტყდნენ, რომ სასტუმროს ტერიტორიის გარეთ, რომელიც სამმეტრიანი ღობით არის დაცული მხოლოდ გადაუდებელ საქმეებზე გადიან.

    დისტანციის, პირადი სივრცის, ტაქტის, კეთილმეგობრობის განცდა ადგილობრივებისთვის უცხოა. ყველგან დაძაბული, ეჭვიანი მზერით გხვდებიან. “სულიერების ქვეყანა“ შექმნილი მითია, რომელიც ჯერჯერობით კარგად იყიდება. უკანა გზაზე საზღვრის გადმოლახვისას ბედნიერებისგან ვტიროდი, თითქოს ციხიდან გამოვედი. არადა როგორ ვოცნებობდი იქ წასვლაზე, როგორი კაშკაშა ფოტოები იდება ბლოგებზე აფხაზეთიდან… ადგილობრივი ბუნების სილამაზე აღარც კი მახსენდება სამწუხაროდ. საშინელი და მძიმე შეგრძნება დამიტოვა ამ მოგზაურობამ. ქვეყანა (თუ შეიძლება ქვეყანა ეწოდოს) წარსულშია ჩარჩენილი…. და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ომი იქ ჯერ არ დამთავრებულა.

    28 სექტემბერი2018
    კატერინა ვლადიმეროვნა

    აფხაზეთის პლიუსები და მინუსები

    მინუსები:
    1. საზღვრის გადალახვა. 2012 წელს ათ წუთში გავიარეთ. 2016 წელს ერთი საათი ვიდექით ხალხის მასაში: პატარა დარბაზი, არანაირი დასაჯდომი. ბავშვები ტირიან.
    2. აფხაზეთში ყველგან ქურდობენ: სამარშუტო ტაქსებში, პლაჟზე, პანსიონატში შეიძლება თქვენი არყოფნისას ოთახიდან რაღაც მოგპარონ.
    3. თუ ტალღებზე ნებივრობა გადაწყვიტეთ სიურპრიზებისთვის მზად იყავით… გვერდით მოულოდნელად შეიძლება ნამწვავები, პოლიეთილენის პარკები, საფენები ამოტივტივდეს. დიახ, დიახ!
    4. გაგრის პარკი მიგდებული და მოუვლელია.
    5. დამღლელია ექსკურსიები ხანგრძლივი გაჩერებებით და დეგუსტაციებით. ჯობს თქვენ თვითონ იაროთ სამარშრუტო ტაქსით ახალი ათონიდან სოხუმამდე და ა.შ. ან მანქანით მთებში ჩანჩქერებთან და ტბებთან.
    6. სამედიცინო დახმარების არარსებობა. აფთიაქებში ბევრს ვერაფერს იპოვნით, თუ რამე დაგემართათ.
    7. ბავშვების გასართობი არაფერია.

    პლიუსები:
    1. ზღვა სულ განსხვავებულია… გუდაუთაში მწვანე ფერი დაჰკრავს, ბიჭვინთაში ფირუზისფერი. ზოგან წყალი გამჭვირვალეა.
    2. მომეწონა გუდაუთის ქალაქის პლაჟი. სუფთაა. არის ნაგვის ურნები, ტუალეტი, კაფე, უფასო შეზლონგები.
    3. შედარებით იაფი საზკვება.
    4. ბუნება მშვენიერია.
    თუ მინუსებზე თვალს დახუჭავ, აფხაზეთშიც კი შეიძლება დასვენება.

    15 ივნისი, 2018
    ევა ურმანი

     

    2018 წლის აგვისტოში სოჩიდან ექსკურსიაზე წავედით აფხაზეთში. კოშმარი საზღვრისპირა ტუალეტებიდან დაიწყო. ბოდიშს გიხდით დეტალებისთვის, მაგრამ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ამ მხრივ კოშმარია. ტუალეტები ფასიანია, თუმცა ხარისხზე არ აისახება. რაც ვიყიდეთ ყველაფერი გადავყარეთ, დაფნის ფოთლის და ჩაის გარდა. ჩურჩხელა დადნა და ჩამოიღვენთა. თხილი დამტვრევის შემდეგ დამპალი აღმოჩნდა. 2 კილო ნაჭუჭიანი თხილიდან 100 გრამი გასუფთავებული თხილი ძლივს გამოვიდა. წითელი ღვინო ჩეგემი და რადედა, რომლებიც აქციზურ მარკიან ბოთლებში იყო სახლში გავხსენით და შევძრწუნდით. ვარდისფერი, დამტკბარი, ამღვრეული სითხე. თან ეს ბოთლები თვითმფრინავით, ჩემოდნით ვატარეთ. ყოველი კილო ოქროს ფასი ღირს. თანაც გამყიდველმა, რომელმც ღვინო მოგვყიდა გვითხრა, როგორ გველოდებიან ჩვენ, რუსებს რომ თავისი შესანიშნავი საქონელი მოგვყიდონ. რა თქმა უნდა, ბუნებით და ახალი ათონის მღვიმეთი აღფრთოვანებულები დავრჩით, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი… საშინელებაა. რისი იმედი აქვთ აფხაზეთის მაცხოვრებლებს, რომ ტურისტი ჩამოვიდა და ყველაფერში შეიძლება მოატყუო? ხალხო, ფრთხილად იყავით. არაფერი არ იყიდოთ. იქნებ ინტერნეტის ძალა დაეხმაროს ვინმეს. 

    26 სექტემბერი 2018
    ნადინი

     

    ამაზე საშინელი დასვენება არ მახსოვს

    ყოველთვის შეყვარებული ვიყავი აფხაზეთზე. მშვენიერი ფართე პლაჟები, გამაოგნებელი ბუნება, საოცარი ჰაერი, გემრიელი საჭმელი, კავკასიური სტუმართმოყვარეობა. მაგრამ წლევანდელი დასვენება ისეთი იყო, მტერს არ ვუსურვებ. ბიჭვინთაში, ზღვასთან ახლოს ვიქირავეთ ბინა, მაგრამ დასვენება ვერ მოვასწარით. იმავე დღეს გაგვქურდეს. საღამოს როცა სასეირნოდ წავედით ოთახში ფანჯრიდან შეძვრნენ. ნახმარი ნივთებიც კი წაიღეს, ელექტრონიკაზე რომ არაფერი ვთქვათ. ყველაფერს თან ხომ ვერ ატარებ? ან იმაზე ხომ ვერ იფიქრებ სად გადამალო, რომ ქურდმა ვერ იპოვოს? ტრუსების ამარა დაგვტოვეს კიარა, ტრუსებიც კი მოგვპარეს. საშინელ დღეში ჩავვარდით. როგორც მერე გაირკვა, ჩვენს ჩასვლამდე ერთი დღით ადრე ჩვენი ზედა ბინა გაძარცვეს. ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ხელისუფლებას უბრალოდ არ უნდა ქვეყანაში წესრიგი დაამყაროს. არადა, ერთი ბეწო ქვეყანაა და ყველა იცნობს ადგილობრივ ნარკომანებს და დამნაშავეებს. საზღვარზე მებაჟემ გვითხრა, რომ აფხაზეთში ქურდობა ისე ყვავის, როგორც არსად სხვაგან. ჩვენ იქ არასდროს აღარ წავალთ და არც ახლობლებს ვურჩევთ იქ წასვლას. არ მინდა დასვენებისას ნერვების წყვეტა. პრობლემები სახლშიც მეყოფა.


    07 სექტემბერი 2018
    ოლგა

  • პრემიერის გადაწყვეტილებით, “ტამიფლუს“ ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს

    {{ARTICLEIMAGE}}

    პრემიერის გადაწყვეტილებით, "ტამიფლუს“ ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს. ამის შესახებ solostudio.agency/-ს პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს:

    “საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს. აღსანიშნავია, რომ პრეპარატი თავიდანვე უფასოდ მიეწოდებოდათ ორსულ და სოციალურად დაუცველ პირებს. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ გარკვეული პერიოდის – პიკის განმავლობაში, “ტამიფლუ“ უფასო იყოს ყველასთვის, ვისაც ექიმის დანიშნულება ექნება.
    მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ავადობის შემცირებას”.

    ამ თემაზე ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ:”დღეს დილიდან დავიწყეთ შესრულების მექანიზმების გაწერა და ვფიქრობ, რომ ხვალ დღის პირველი ნახევრიდან დავიწყებთ ამის განხორციელებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობისთვის მოქალაქეების ჯანმრთელობა მართლაც პრიორიტეტულია. მიუხედავად იმისა, რომ სუფთა ეპიდემიოლოგიურად ამის საჭიროება არ იყო, ეს იყო პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული ძალიან სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ გვექნება საშუალება, დღესვე გავიაროთ ეს საკითხი, თუმცა ეს არის პირველი მონახაზი”.



    “ტამიფლუ” საქართველოში გაიაფდა, რა ღირს პრეპარატი ევროკავშირსა და ამერიკაში

  • აშშ მოსამართლეების საკითხით დაინტერესდა:შეხვედრა იუსტიციის საბჭოში

    {{ARTICLEIMAGE}}

    აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა. აუდიენცია დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. იუსტიციის საბჭოში გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარები არ გაკეთებულა, თუმცა მედია ვარაუდობს, რომ შეხვედრა მოსამართლეთა შერჩევის საკითხს უკავშირდებოდა. ეს ის თემაა, რომელიც მმართველ გუნდში დაპირისპირების საგანი გახდა.


    თავდაპირველად, ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების სია დაასახელა. საკუთარი მოვალეობის შესრულება კი გედევან ფოფხაძეს გადააბარა, რომელიც მანამდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. საპარლამენტო უმრავლესობის ბოლო შეკრებაზე, რომელსაც ბესელია არ ესწრებოდა, გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს. ეკა ბესელია ლონდიდან დაბრუნების შემდეგ აცხადებდა, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის დავალება მან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისგან მიიღო. ბესელიას თქმით, ამ თემაზე არაერთხელ შედგა საუბარი მასსა და ირაკლი კობახიძეს შორის და მათ შორის – ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობითაც. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თვლის, რომ პოსტის დატოვებით მან მოსამართლეთა საკითხის შეჩერებას მიაღწია, ახლა კი პარლამენტიდან ამ საკითხის გაწვევას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ ბესელია მმართველი პარტიის ლიდერ ივანიშვილის პოზიციაზე საუბარს თავს არიდებდა და ამბობდა, რომ ის “ქართული ოცნების’ ლიდერის წინააღმდეგ არ წავიდოდა, თუმცა უკვე 10 იანვარს ივანიშვილმა ბესელიას საწინააღმდეგო პოზიცია გავრცელებულ განცხადებაში დააფიქსირა.
    “ოცნების” ლიდერის განცხადება გუნდის ნაწილის პოზიციებს დაემთხვა, ბესელიას კი ივანიშვილი გუნდურობის პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებს.

  • “ტამიფლუ” საქართველოში გაიაფდა, რა ღირს პრეპარატი ევროკავშირსა და ამერიკაში

    {{ARTICLEIMAGE}}

    ფარმაცევტულმა კომპანიებმა ანტივირუსულ პრეპარატ “ტამიფლუზე” ფასების დაწევა დაიწყეს. “ავერსის” აფთიაქებში “ტამიფლუს” ფასი ამჟამად 68 ლარია. პე-ეს-პეს სააფთიაქო ქსელშიც “ტამიფლუ” უკვე თითქმის თვითღირებულების ფასად იყიდება. “პრეპარატ “ტამიფლუს” მწარმოებლისგან შესაძენი ფასი 67,26 ლარია, ხოლო ქსელში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი. მედიკამენტი იყიდება ყოველგვარი მოგების გარეშე. შესაბამისად, აპელირება იმაზე, რომ აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებია, მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება”, – პე-ეს-პეს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი თორნიკე გურული.

    მედიკამენტ “ტამიფლუს” 10 კაფსულის ღირებულება საქართველოში 72.00 ლარიდან 99 ლარამდე მერყეობდა. ამის გამო 10 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ფარმაკოლოგიურ კომპანიებს მოუწოდა, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და შეძლებისდაგვარად ანტივირუსული პრეპარატის “ტამიფლუს” ფასი დაწიონ. მინისტრი ამბობს, რომ კომპანიებს ამის საშუალება აქვთ.


    თავად ფარმაცევტული კომპანიების განცხადებით კი, ისინი “ტამიფლუს” რეალიზებას ყოველგვარი მოგების გარეშე ახდენენ. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ტამიფლუს” მწარმოებლებისგან 67.26 ლარად ყიდულობენ, ხოლო სარეალიზაციო ქსელში კი მისი ფასი 68 ლარს შეადგენს.

    “გვინდა მოგახსენოთ, რომ ასოციაციის წევრი კომპანიები პრეპარატ “ტამიფლუს” მწარმოებლისგან იძენენ 67,26 ლარად, ხოლო ქსელებში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი და იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე. შესაბამისად, აპელირება მასზედ, რომ ფარმაცევტული კომპანიები აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ – მიზანმიმართულად მომზადებული “შავი პიარია”, შეცდომაში შეყავს მოსახლეობა და ემსახურება მხოლოდ უარყოფითი განწყობის შექმნას, წერია ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

    რა ღირს “ტამიფლუ” ევროკავშირსა და ამერიკაში – ამ თემაზე გამოცემა BM.ge-მ სტატია მოამზადა: ამერიკაში, 75 მილიგრამიანი Tamiflu -ს საშუალო, დისკონტირებული ფასი ადგილობრივ აფთიაქებში დაახლოებით, 145 დოლარია (ანუ დაახლოებით 387 ლარი). ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი აბი Tamiflu საშუალოდ 7-8 დოლარი (ანუ დაახლოებით, 18-20 ლარი) ღირს.

    იგივე პრეპარატს ონლაინ-აფთიაქებიც ყიდიან. მათი დისტრიბუცია ამერიკასა და კანადაში ძირითადად ავსტრალიიდან, ინდოეთიდან, ახალი ზელანდიიდან და გაერთიანებული სამეფოდან ხდება. ე.წ. შიფინგის საშუალო ფასი 9 ამერიკული დოლარია (ანუ დაახლოებით, 24 ლარი). ამ დათქმებით Tamiflu-ს საშუალო ფასი ამერიკისა და კანადის ონლაინ-აფთიაქებში 70-დან 90 ამერიკულ დოლარამდე (ანუ დაახლოებით 187-დან 240 ლარამდე) მერყეობს.

    FDA-ის ანუ ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას რეგისტრირებული აქვს Oseltamivir-ი, აქტიური ნივთიერება, როგორც Tamiflu-ს ე.წ. ჯენერიკი. 75 მილიგრამი ოსელტამივირის ფოსფატის 10 კაფსულის ფასი 81-დან 125 ამერიკულ დოლარამდე (ანუ დაახლოებით 216-დან 333 ლარამდე) მერყეობს.

    ევროკავშირში 75 მილიგრამი Tamiflu-ს ან მისი ჯენერიკი სახელწოდების – Oseltamivir-ის ბრენდის კაფსულა საშუალოდ, დაახლოებით, 113 ევრო (ანუ დაახლოებით, 347 ლარი) ღირს. ევროკავშირში ამერიკისგან განსხვავებით, ფასთაშორისი განსხვავების თვალსაზრისით, მეტი მნიშვნელობა ენიჭება მწარმოებელს, ვიდრე იმას – ჯენერიკია თუ არა. იგივე ოდენობის მედიკამენტი ოღონდ სხვა მწარმოებლის მიერ წარმოებული (Roche Pharma ან Roche Farma) ხელმისაწვდომია საშუალოდ 24 ევროდ (ანუ დაახლოებით,74 ლარი).

    აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყნებშიც მომხმარებლები მუდმივად ჩივიან, რომ რიგ შემთხვევებში სიცოცხლისთვის აუცილებელი პრეპარატი ძალიან ძვირი ღირს. როგორც, მაგალითად, შარშან დაახლოებით, ამ დროს – 2018 წლის თებერვალში ABC -ი აშუქებდა, იგივე ამერიკაში ასეთი შემთხვევა მოხდა: 3 და 7 წლის გოგოების დედას, შერილ კრაუტჰამერს Tamiflu-ში შეიძლება ითქვას, ამ დროისთვის რეკორდული ფასის – 450 ამერიკული დოლარის (ანუ დაახლოებით, 1200 ლარი) გადახდა მოუწია. მწარმოებლები მაშინ ამბობდნენ, რომ 75-მილიგრამიანი Tamiflu-ს ბრენდის 10 კაფსულის საბითუმო ფასი დაახლოებით 152 ამერიკული დოლარი (ანუ დაახლოებით 405 ლარი) იყო. რაც შეეხება საქართველოს, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ინფორმაციით, სააფთიაქო ქსელებში Tamiflu-ს გასაყიდი ფასი 68 ლარია.

    გარდა ამისა, რადიო თავისუფლების ცნობით: ტამიფლუს ფასი ქვეყნების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავვდება.

    აზერბაიჯანში მედიკამენტი დაახლოებით 70 ლარი ღირს (45 მანათი).

    სომხეთში მისი ფასი 123 ლარია (22500 დრამი), თუმცა ის ბოლო რამდენიმე წელია დეფიციტშია.

    უკრაინაში ტამიფლუ 48 ლარი (507 გრივნა) ღირს.

    რაც შეეხება ევროკავშირს, ესტონეთში ტამიფლუს ფასი 52 ლარია (17,17 ევრო). გერმანიის სააფთიაქო ქსელებში კი პრეპარატის შეძენა 116 ლარადაა შესაძლებელი (38 ევრო).

    ტამიფლუს მწარმოებელი Roche group-ია. სწორედ ამ კომპანიისგან იძენენ სხვადასხვა ქვეყნები აღნიშნულ მედიკამენტს. ჯანდაცვის მინისტრი კონტრაქტის გამო, ვერ ამბობს, თუ რა უჯდება ტამიფლუს შეძენა სახელმწიფოს. რაც შეეხება სააფთიაქო ქსელებს, ფასის შესახებ გაჩენილ კითხვებს “ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ” უპასუხა. ასოციაციის თქმით, მათი წევრი კომპანიები ანტივირუსულ პრეპარატს მწარმოებლისგან 67,26 ლარად იძენენ.