Author: news

  • ჩუგოშვილი იუსტიციის საბჭოდან 5 წევრის გამოწვევის ინიციატივით გამოდის

    ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი თვლის, რომ ბესელიას კანონპროექტი სიტუაციიდან გამოსავალი არ არის.

    “ის მომენტი, რომელიც ახლა არსებობს უნდა გამოვიყენოთ სწორად, გამოვიყენოთ კეთილსინდისიერად და გამოვიყენოთ ისე, რომ რეალურად მივიღოთ სწორი მართლმსაჯულების პროცესი ქვეყანაში. ჩემი აზრით ეს გზა გადის ისევ პარლამენტზე, ისევ პარლამენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ პროცესზე”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პლენარულ სხდომაზე “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” ორგანული კანონის პროექტის განხილვის დროს.

    პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თავის გამოსვლაში ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც დღეს პარლამენტში გაიმართა “ძალიან რთული, ძალიან მძიმე დისკუსია”.

    “აქამდე მოვედით დაგვიანებული რეფორმით, რომელიც ჩემი აზრით დიდი ხნის წინ უნდა მიეღო ამ პარლამენტს ან წინა პარლამენტს და ეს პროცესები დაგვიანდა. და დაგვიანდა ერთი კონკრეტული მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ჩვენ ზომაზე მეტი ანგარიში გავუწიეთ მოსამართლე წევრებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეებს, რომლებისთვისაც ამხელა ანგარიშის გაწევა არ იყო საჭირო იმიტომ, რომ მოსამართლეები არ არიან კანონმდებლები, ისინი არ წერენ კანონებს. კანონებს წერენ პარლამენტის წევრები და ისევე როგორც პარლამენტის წევრები, ისინი არ ახორციელებენ მართლმსაჯულებას და არ იღებენ გადაწყვეტილებებს კონკრეტულ საქმეებზე. ფაქტი არის ის, რომ სწორედ ის კანონები, რომლებსაც უნდა განესაზღვრა როგორ უნდა დაინიშნოს სამართლიანად მოსამართლე, როგორ უნდა დაეკისროს სამართლიანად მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა, როგორ უნდა მიიღოს საბჭომ გადაწყვეტილებები, სწორედ ამ კანონების დაგვიანებამ და გაჭიანურებამ მოგვიყვანა ჩემი აზრით აქამდე”,განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

    არ ფიქრობს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, როგორც ასეთი განყენებულად მოცემული, არის არასწორი, თუმცა მთავარია, თუ რა ფორმით ხდება ეს და ამ კუთხით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მდგომაროება კრიზისში შეიყვანა.

    “მგონია, რომ ფორმა როგორ ვნიშნავთ, ვის ვნიშნავთ და როგორ მიიღება გადაწყვეტილებები – ეს ფორმა არის არასწორი და ვფიქრობ, რომ იუსტიციის საბჭომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ კრიზისში შესულიყო პოლიტიკური სიტუაცია. სამწუხაროდ, მე მაქვს ასეთი განცდა.

    ჩვენ მივეცით უფლება მოსამართლეებს, რომ აქამდე მოეყვანათ სიტუაცია და ეს პროცესი ასე რომ ვერ გაგრძელდება, მე მგონი, ყველა ვხვდებით. მე ახლა არ ვესაუბრები ოპოზიციას. მე პირველ რიგში ვესაუბრები ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვაცნობიერებ და ვხედავ, როგორ ღელავს ამ წუთში თითოეული ჩვენგანი, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ სულ ცოტა ხანში უნდა მივიღოთ.

    ვითარება გაგვირთულა, ასევე, დეკემბრის ბოლოს იუსტიციის საბჭოს მხრიდან სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებამ, იმ ფორმა, როგორც ჩვენ წარმოგვიდგინეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები, გაგვირთულა იმ განცხადებებმა, რომელსაც ვისმენთ მოსამართლეების მხრიდან სრულიად გასულს ყოველგვარი ჩარჩოებიდან სხვადასხვა პირების მიმართ, პარლამენტის წევრების მიმართ, ჩემი კოლეგების მიმართ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, მათ შორის იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელშიც მე ძალიან ბევრი წელი გავატარე და რომელსაც მე ძალიან დიდი პატივს ვცემ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიმართ. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ეს ადამიანები ამ ორგანიზაციის მიმართ”, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

    მისივე თქმით, დღევანდელი ვითარებით, ერთ მხარეს არის უკვე უვადოდ დანიშნული იმ მოსამართლეების უდიდესი რაოდენობა, ვიზეც ძირითადად მოდის საზოგადოების აგრესია. ასევე, ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი და ღირსეული მოსამართლე სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ჯერ კიდევ ელოდება დანიშვნას და ისინი არიან გამოსაცდელ ვადაზე.

    პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სხდომაზე წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება იმ ადამიანების მდგომაროება, რომლებიც უკვე განწესებული არიან უვადოდ, არ შეიცვლება.

    “ჩვენ ამ კანონპროექტით ვერაფერს შევცვლით. ისინი იყვნენ და აგრძელებენ მუშაობას, მაგრამ სამაგიეროდ 2024 წლამდე ჩვენ აღარ გვეყოლება ახალი უვადო მოსამართლეები. მე ვეცდები, რომ გითხრათ როგორ მოვიქცეოდი უმაღლესი საბჭოს და ამ მოსამართლეების ადგილას რომ ვიყო. მე ეს გუშინ საჯაროდ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ. მე რომ ვიყო იმ ადამიანების ადგილას და ვხედავდე, რომ ჩემი პერსონა, ჩემს მიმართ არსებული საზოგადოების აგრესიის დონე და ხარისხი იწვევს მთლიანად სასამართლოზე ასეთ დარტყმებს, უთუოდ გადავდგებოდი მე თვითონ. თავად დავტოვებდი მოსამართლის ადგილს და გავიხდიდი მოსამართლის მანტიას. უპირობოდ ასე მოვიქცეოდი, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენ სხვა კატეგორიის ადამიანებთან გვაქვს საქმე და როგორც ჩანს ისინი არ აპირებენ ასე მოიქცნენ”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

    პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში, ვიდრე წესები და რეგულაციები არ იქნება სახეზე, მანამდე უნდა შეწყდეს მოსამართლეების უვადოდ განწესება, ხოლო თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მაშინ პარლამენტმა უნდა გამოიწვიოს მის მიერ საბჭოში დანიშნული ხუთივე წევრი.

    “მგონია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და თქვას, რომ ვიდრე პარლამენტი არ მიიღეს კანონებს, ისინი არ დანიშნავენ და არ განაწესებენ მოსამართლეებს უვადოდ.

    აქ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა – როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში თუკი საბჭო ასე არ მოიქცევა და თუკი საბჭო ამ პირობას არ შეასრულებს? თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოკლე დროში არ გააკეთებს განცხადებას უვადოდ დანიშვნების შეჩერების თაობაზე, ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის ის, რომ პარლამენტმა გამოიწვიო ხუთივე წევრი, რომლებიც ჩვენ დავნიშნეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მოსამართლეები ჩვენ მიერ დანიშნული წევრების გარეშე ვერ მიიღებენ ვერანაირ გადაწყვეტილებას. ეს არის გამოსავალი. ისინი ყველა მოსამართლეს ნიშნავენ სწორედ ჩვენს მიერ დანიშნულ საბჭოს წევრების მხარდაჭერით და მათი ხმებით. კონსტიტუციის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის, რომელსაც წარადგენს საქართველოს პარლამენტი გათვალისწინებულია საკმაოდ მაღალი ქვორუმი. ახლა მინდა, მათ შორის ოპოზიციასაც მივმართო – ეს ქვორუმი არის 3/5 და ეს ამ სიტუაციაში ძალიან მაღალი ქვორუმია. იმ შემთხვევაში თუ იუსტიციის საბჭო განაგრძობს დანიშვნას მოსამართლეების, ვიდრე ჩვენ მივიღებთ კანონს და თუ ისინი არ იტყვიან და არ დადებენ პირობას იმის თაობაზე, რომ შეაჩერებენ ამ პროცესს და დაელოდებიან პარლამენტს და გამოიჩენენ სწორედ იმ ინსტიტუციურ პატივისცემას, რომელზეც არაერთხელ იყო ამ დარბაზში საუბარი, ჩვენ უნდა დავნიშნოთ მაღალი კვორუმით ხუთი ისეთი ადამიანი იუსტიციის საბჭოში, რომლის მიმართაც საზოგადოების ნდობა იქნება მაღალი და რომელთა გადაწყვეტილებებშიც ვიქნებით დარწმუნებული იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი გზა და არანაირი მექანიზმი, რომ სისტემიდან გავიყვანოთ ის ადამიანები, ის მოსამართლეები, რომელთა მიმართ საზოგადოების პროტესტი არის ძალიან მაღალი. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად ჩემი პატივისცემისა ჩემი კოლეგების მიმართ, ის კანონპროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი, არ არის სამწუხაროდ გამოსავალი სიტუაციიდან. ის არ არის რეალური გზა. ჩემი აზრით რეალური გზა არის ის, რასაც ძალიან გულწრფელად გთავაზობთ”,განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

    მისივე თქმით, ეს არის გამოსავალი, რომელიც განმუხტავს ვითარებას.

    “მგონია, რომ თუ უმრავლესობა ამ გზას აირჩევს, ერთი მხრივ, შეუნარჩუნებს ერთიანობას და მეორე მხრივ, პროცესებს წაიყვანს სწორი მიმართულებით. მე ეს მგონია ერთადერთი სწორი გზა ამ სიტუაციაში”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

  • ირმა ნადირაშვილი: მხარს ვუჭერ წარმოდგენილ კანონპროექტს არა იმიტომ, რომ ბესელიას რეფორმატორად მივიჩნევ

    მიიღებს თუ არა მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებული კანონპროექტი უმრავლესობის მხადაჭერას. ხანგრძლივი და მწვავე განხილვის პროცესში აღმოჩნდა, რომ შესაძლოა, ბესელიას კანონპროექტმა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერებაზე იმაზე, მეტი დეპუტატის მხადაჭერა მიიღოს ვიდრე უმრავლესობას წარმოედგინა. იურიდიული კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა დეპუტატებს მის მიერ მომზადებული კანონპროექტი პირველი მოსმენით წარუდგინა და ყველა იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც მმართველ უმრავლესობას დაუპირისპირდა.

    მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ გუშინ გადაწყვიტა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას მხარი არ დაუჭიროს, ქართულ ოცნებაში აღმოჩნდნენ დეპუტატები, ვინც ეს აზრი არ გაითვალსიწინა, საკუთარი გუნდის წევრების არგუმენტები არასაკმარისი აღმოჩნდა და მმართველ უმრავლესობას კანონპროექტის მხადაჭერისკენ მოუწოდებს.

    ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარს უჭერს პარლამენტის ყველა ოპოზოციური ფრაქცია. “ქართული ოცნება” კი არგუმენტებს არ ცვლის და ამბობს, რომ ბესელიას მიერ მომზადებული კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. პარლამენტის თავმჯდომარემ ისიც კი თქვა, რომ ამ კანონპროექტის მხადამჭერთა ნაწილმა კონსენსუსს “ნაციონალურ მოძრაობასთან” მიაღწია და ეს თვალშისაცემია. ირაკლი კობახიძის ამ განცახდებას ბესელიას და მისი მხახდამჭერების მწვავე შეფასებები მოყვა.

    ეკა ბესელიას კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დეპუტატებმა დღის ბოლომდე უნდა დაუჭირონ. სწორედ კენჭისყრის შედეგზეა დამოკიდებული ეკა ბესელია და მისი მხარდამჭერები დატოვებენ თუ დარჩებიან გუნდში.

    ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მიმდინარე სხდომა დატოვა

  • გურიის სოფლის მასწავლებელი მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის პრიზის ფინალისტებს შორის მოხვდა

    ქართველი მასწავლებელი, ვლადიმერ აფხაზავა მსოფლიო საუკეთესო მასწავლებლის პრიზის 10 ფინალისტს შორის დასახელდა. The Global Teacher Prize 2019 ყოველ ფინალისტს პატარა სიუჟეტს უძღვნის, რომელიც მის გვერდზეა გამოქვეყნებული. მათ შორის არის ჩიბათის საშუალო სკოლის მასწავლებლის, ვლადიმერ აფხაზავასადმი მიძღვნილი სიუჟეტი.  ეს პრიზი Varkey–ს ფონდის ინიციატივაა, რომელიც გამარჯვებულ მასწავლებლებელს 1 მილიონ დოლარს ჯილდოდ გადასცემს, როგორც განსაკუთრებულ მასწავლებელს, რომელმაც საკუთარ პროფესიას ბევრი რამ შესწირა.
    ვლადიმერ აფხაზავა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანი დაიბადა. 2010 წლიდან მუშაობდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად. 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. მისი მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს, რათა ისინიდამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ, შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება. 2003 წელს მან დააფუძნა ბანაკი, სადაც მოსწავლეები არაფორმალურ განათლებას იღებდნენ. ბავშვებმა ბანაკს “ლადოს ბანაკი” უწოდეს. მისი ბევრი აქტივობა თუ ინიციატივა მთლიანად სასკოლო საზოგადოებას მოიცავს. ამ მიზნით, სკოლის მასშტაბით მან წამოიწყო პროექტი “დემოკრატიული რევოლუცია”, რომლის მიზანია მოსწავლეთა გააქტიურება, მათი იდეებისა და ინიციატივების რეალიზება. მის მიერ ინიცირებულმა არაერთმა პროექტმა ფართო აღიარება მოიპოვა. მაგალითისთვის, პროექტს “ეთნო რძლები” საერთაშორისო ჯილდოც გადაეცა. პროექტი მულტიკულტურალიზმის და ტოლერანტობის განვითარებას ისახავდა მიზნად. მის საქმიანობას მუდმივად გამოარჩევს დევიზი “ბავშვი უპირველეს ყოვლისა”. სწორედ ამ ხედვას ეფუძნება მისი, როგორც პედაგოგიური მიდგომა, ასევე სამოქალაქო აქტივიზმი. 2017 წლის 5 ოქტომბერს გადაეცა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო .
  • ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მიმდინარე სხდომა დატოვა

    ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის დროს დატოვა. ამის მიზეზად კობახიძემ პარალელურად, ანალოგიურ თემაზე მიმდინარე შეხვედრა დაასახელა. 

    პარლამენტის პლენარულ სესიაზე ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებს და რომელმაც უმრავლსეობასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

    კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.

    ეკა ბესელიას თქმით, ინიციატივა სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაშვებას არ ისახავს მიზნად და გარკვეული პირების მიერ გაკეთებული განცხადებები, თითქოსდა კანონპროექტი სასამართლო კორპუსის განახევრებას გამოიწვევს, ხელოვნურად შექმნილი არგუმენტია.

  • სესია პარლამენტში კობახიძის არყოფნის გამო ვერ იწყება


    საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე ირაკლი კობახიძის არყოფნის გამო, ოპოზიცია სესიის ამ ნაწილის გადადებას მოითხოვს. საპარლამენტო უმცირესობის მიერ აღნიშნული მოთხოვნის დაყენებამდე, ანალოგიური მიმართვით გამოვიდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან კობერიძე, თუმცა ვიცე სპიკერი, ზვიად ძიძიგური განხილვის გაგრძელების მომხრეა.

    რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, ის შეხვედრაზე იმყოფება. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა აღნიშნული შეხვედრის შესახებ გუშინ დააანონსა. მისი მიხედვით, 17:00 საათზე გაიმართება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით.

  • კობახიძე: კონსესუსი “ნაცმოძრაობასა” და უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატს შორის ყველაფერზე მეტყველებს

    პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ ლევან გოგიჩაიშვილსა და  “ნაციონალურ მოძრაობას” შორის კონსესუსი ნიშანდობლივია, უკვე მოჰყვა მმართველ გუნდთან დაპირისპირებული დეპუტატების ემოციური განცხადებები. 

    ეკა ბესელია: კობახიძე გოგლი მოგლზე გაზრდილი პატარა ბიჭია

    ფოფხაძე: გოგიჩაიშვილი რომ “ნაცმოძრაობის” მოსამართლეების მსხვერპლი იყო, კობახიძე ბრტყელ-ბრტყელ საუბარს სწავლობდა

    ლევან გოგიჩაიშვილი: ირაკლი კობახიძეს ყველაფერი დაკარგული აქვს, მორალურობაზე აღარ ვსაუბრობ

  • გაუმჭვირვალე სასამართლო სისტემა, მზარდი კორუფცია და არაფორმალური მმართველი – Freedom House-ს კრიტიკული დასკვნა

    გაუმჭვირვალე სასამართლო სისტემა, მზარდი კორუფცია და ბიძინა ივანიშვილი-როგორც არაფორმალური მმართველი- გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია- Freedom House  2019 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში, საქართველოსთან დაკავშირებით ყველა იმ პრობლემას ეხება, რომელზეც ქვეყნის შიგნითაც საუბრობენ. ანგარიშის მიხედვით საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყნების რიგშია. მას 100 –დან 63 ქულა აქვს მინიჭებული. შარშან საქართველოს 64 ქულა ქონდა.
    სასამრთლო სისტემა, რომელიც უკვე დიდი ხანია ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა და ქართულ ოცნებაში განხეთლიქების მიზეზია ფრიდომ ჰაუსის ანგარიშშიც კრიტიკულად შეფასდა. დოკუმენტში წერია, რომ მიმდინარე რეფორმის მიუხედავად სასამართლო სისტემაში გამჭვირვალობისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა და კორუფცია პრობლემად რჩება.
    „2018 წლის აგვისტოში ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მიზეზების გამო, თუმცა ბევრი დამკვირვებელი ვარაუდობს, რომ ეს გადადგომა ზეწოლის ქვეშ მოხდა. ახალი საკონსტიტუციო ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიშნებიან და არა პრეზიდენტის მიერ და შემდეგ მათ პარლამენტი ამტკიცებს. დეკემბერში საბჭომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების სია წარადგინა, მაგრამ არასამთავრობოების ჯგუფმა განაცხადა, რომ გამოყენებული იყო გაუმჭვირვალე პროცესი და შელახული რეპუტაციის მქონე მოსამართლეები იყვნენ შერჩეულნი. არასამთავრობოების ჯგუფმა პარლამენტს მოუწოდა კვალიფიკაციის უფრო ძლიერი წესები და გამჭვირვალე პროცედურები მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისთვის, ვიდრე საბჭოს მიერ წარდგენილი რომელიმე კანდიდატის განხილვას შეუდგება.“
    ანგარიშში, ისევე როგორც წინა წლებში კვლავაც საუბარია ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე და ივანიშვილის არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ფინანსურ და ბიზნეს გავლენებზე. ნახსენებია ყოფილი პრემიერი-გიორგი კვირიკაშვილიც, რომელიც ფრიდომ ჰაუსის დაკვირვებით ივანიშვილთან ეკონომიკური პოლიტიკის საკითხში უთანხმოების გამო გადადგა.
    „ბიძინა ივანიშვილი, მდიდარი ბიზნესმენი, რომელმაც 2011 წელს პარტია ქარტული ოცნება დაარსა, 2013 წელს პრემიერის პოსტიდან გადადგა, თუმცა რჩება არაფორმალურ მმართველად. არჩეული თანამდებობის პირების უნარი, განსაზღვრონ და განახორციელონ მთავრობის პოლიტიკა, შესუსტებულია ივანიშვილის არაფორმალური როლით. ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების გადაწყვეტილებების მიღებაზე. მისი დე ფაქტო ძალაუფლების დემონსტრირება 2018 წლის ივნისში მოხდა, როდესაც პრემიერი კვირიკაშვილი ივანიშვილთან ეკონომიკური პოლიტიკის საკითხში უთანხმოების გამო გადადგა.“
    ბიძინა ივანიშვილის გავლენებზე საუბრის ნაწილში მოხვდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვენებიც. ფრიდომ ჰაუსის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ არჩევნების პროცესს ჩრდილი მიაყენა ბრალდებებმა ხმების მოსყიდვაზე. დოკუმენტში საუბარია ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო უბნებთან მმართველი პარტიის აქტივისტების სიებით მორიგეობაზე. ხაზგასმულია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე 600 ათასი მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის საკითხიც.
  • ეკა ბესელია: კობახიძე გოგლი მოგლზე გაზრდილი პატარა ბიჭია

    პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებამ მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელიას აღშფოთება გამოიწვია. დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას ემოციური კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კობახიძე გოგლი მოგლზე გაზრდილი პატარა ბიჭია.

  • ფოფხაძე: გოგიჩაიშვილი რომ “ნაცმოძრაობის” მოსამართლეების მსხვერპლი იყო, კობახიძე ბრტყელ-ბრტყელ საუბარს სწავლობდა

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელიას თანამოაზრე, გედევან ფოფხაძე პარლამენტის თავმჯდომარეს ცინიზმსა და უტიფრობაში ადანაშაულებს. მისივე შეფასებით, კობახიძეს ასეთი საუბრის მორალური უფლება არ აქვს. ფოფხაძის ეს შეფასება პარლამენტის პლენარულ სხომაზე შესვენების გამოცხადებამდე, კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი მისი პოზიციის გამო “ნაციონალურ მოძრაობასთან” დააკავშირა.

    “როგორც ჩანს, ჩვენი დისტანცირება უმრავლესობის შიგნით ხდება ღირებულებების დონეზე. როცა ლევან გოგიჩაიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მოსამართლეების მხრიდან დანაშაულებრივი რეჟიმის მსხვერპლი იყო და იმ სისტემის გამო ციხეში იჯდა, ბატონი კობახიძე ამ ბრტყელ-ბრტყელ საუბარს სწავლობდა. მისი მხრიდან უხერხულია ამ კონტექსტში საუბარი. ვხედავ, რა დღის წესრიგი აქვს მომზადებლი ჩვენთვის – რომ ჩვენ ვართ “ნაციონალები”, ამას არამარტო კობახიძისგან, ბევრი სხვა ადამიანისგან არ მოვითმენ”,განუცხადა ფოფხაძემ ჟურნალისტებს.  

    მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ნაციონალიზაციის პროცესი ღრმავდება. 

    პარლამენტის პლენარულ სესიაზე ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებს და რომელმაც უმრავლსეობასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

    კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.

    ეკა ბესელიას თქმით, ინიციატივა სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაშვებას არ ისახავს მიზნად და გარკვეული პირების მიერ გაკეთებული განცხადებები, თითქოსდა კანონპროექტი სასამართლო კორპუსის განახევრებას გამოიწვევს, ხელოვნურად შექმნილი არგუმენტია.