Author: news

  • არ მჭირდება ადვოკატი, მინდა მარტო ვიყო – კაცი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა

    არ მჭირდება ადვოკატი, მინდა მარტო ვიყო – კაცი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა

    არ მჭირდება ინტერესების დაცვა, მე მინდა მარტო ვიყო, – ასე უპასუხა,  საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ როსტომ მაზმიშვილმა მოსამართლეს კითხვაზე, სურდა თუ არა მისი ინტერესები ადვოკატ ილია ნაცვლიშვილს დაეცვა.

    “არ ვიცი, ადვოკატი სახაზინოა თუ კერძო. მე ასე მაქვს გადაწყვეტილი. იყოს სახაზინო, კერძოს მე ფულს ვერ გადავუხდი. თუ დედაჩემი ასე თვლის, იყოს ასე, მაგრამ მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა, მე მინდა მარტო ვიყო”, – განაცხადა ბრალდებულმა.

    აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე წუთიანი შესვენება გამოცხადდა. შესვენების შემდეგ ბრალდებულმა თანხმობა განაცხადა, მისი უფლებები ადვოკატ ილია ნაცვლიშვილს დაეცვა.

    ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, როსტომ მაზმიშვილი 2026 წლის 20 მაისს, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ავტომანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. „შლაგბაუმი“, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა.

    როსტომ მაზმიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვის ნივთის დაზიანება) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე საკუთარ სახლში დააკავეს

    სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე საკუთარ სახლში დააკავეს

    სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე თბილისში, დღეს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა, ანტიკორუფციული სამსახურის ყოფილმა უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განუცხადა.

    ამასთან, როგორც მან “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებებს ესწრება.

    “ამ ეტაპისთვის სხვას ვერაფერს გეტყვით, მერე საერთო განცხადებას გავაკეთებთ. ალბათ, მომიწევს [მისვლა სუს-ში]. თავის საკუთარ სახლში, დღეს დააკავეს“, -განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებთან სატელეფონო კომენტარში.

    ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა. შესაბამისი განცხადება სუს-ში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.ლევან ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.

    ლევან ახობაძე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე იყო.

    „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, დაკავებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილში, იკავებდა რა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილის თანამდებობას, მისთვის ცნობილი გახდა, რომ კერძო მეწარმეს, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ჩამოერთვა არადეკლარირებული ფულადი თანხა 40 000 000 რუსული რუბლის (ეროვნული ბანკის კურსით 1 164 000 ლარი) ოდენობით. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად ან არასწორი დეკლარირებით, ჯარიმდება ნაღდი ფულის ღირებულების 10%-ის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას. ხსენებულმა მეწარმემ კანონით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდისა და კუთვნილი თანხის დაბრუნების მიზნით, სამართლებრივი პროცედურების დაცვით, მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამის ორგანოებს, თუმცა თანხის დაბრუნებაზე უარი მიიღო. ამის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე, შუამავალი პირების მეშვეობით დაუკავშირდა მას და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა. მოლაპარაკებების შედეგად, კანონით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმის გადახდის გზით, მეწარმემ 2024 წლის 30 აპრილს, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დაიბრუნა ჩამორთმეული ფულადი თანხა, რის შემდეგაც ლევან ახობაძე შუამავლების მეშვეობით, კვლავ დაუკავშირდა მას და დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 500 000 ლარის გადახდა მოსთხოვა, თუმცა როგორც ერთ-ერთი ჩვენებიდან ირკვევა, სუს-ის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, მოთხოვნილი თანხა განახევრდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, აღნიშნულმა პირმა, ლევან ახობაძისთვის გადასაცემად, შუამავალს გადასცა 250 000 ლარი. ასევე დადგენილია, რომ ქრთამის სახით გადახდილი თანხა იმავე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის იმჟამინდელ მოადგილეს მისსავე სამუშაო ოთახში გადაეცა. აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა მხილებისა და შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვების, ასევე სხვა მსგავსი დანაშაულების გამოვლენის მიზნით“, – განაცხადა სუს-ში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ.

  • საქართველო საკვანძო როლს ასრულებს სომხეთი-EU ურთიერთობებში – ფაშინიანი

    საქართველო საკვანძო როლს ასრულებს სომხეთი-EU ურთიერთობებში – ფაშინიანი

    “საქართველო საკვანძო როლს ასრულებს სომხეთი-EU ურთიერთობებში”- გამოცემა ArmenPress იუწყება, რომ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 22 მაისის პრესკონფერენციაზე სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში საქართველოს როლზე ისაუბრა.

    “რაც შეეხება საქართველოს, მე ნათლად განვაცხადე, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში და ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ არსებული მდგომარეობით. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მდგომარეობა უნდა მოგვარდეს,” – განაცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებთან.

  • მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა „დიფ სთეითზე“. დაგვცინის ფაქტობრივად ქართველებს – პაპუაშვილი ფიშერზე

    მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა „დიფ სთეითზე“. დაგვცინის ფაქტობრივად ქართველებს – პაპუაშვილი ფიშერზე

    ბატონი პეტერი ქართველი ხალხის წარმოდგენაში დარჩება გერმანიის იმ ელჩად, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა და ადამიანებს, რომლებიც ფაშისტური სლოგანით თავს დაესხნენ ქალ დეპუტატს, არასრულწლოვან შვილთან ერთად, უწოდა საქართველოს მომავალი. ეს არის ყველაზე სამწუხარო, რომ ამ ადამიანმა საქართველო-გერმანიის 30-წლიანი მეგობრობა სამ წელიწადში ჩამოანგრია და დაიყვანა იმ დონემდე, რომ გაიგივებულია დღეს გერმანიის წარმომადგენელი საქართველოში ძალადობის, დეზინფორმაციის, პროპაგანდის ხელშემწყობად, წამქეზებლად და მხარდამჭერად.

    მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა „დიფ სთეითზე“ – აბა სად არის, ოთახში არ იყო, გადავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდაო. დაგვცინის ფაქტობრივად ქართველებს. პარალელურად დასცინის ამერიკელებს, პრეზიდენტ ტრამპს, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლიზ ტრანსს, რომელიც ასევე საუბრობდა „დიფ სთეითზე“ ბრიტანეთში. ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანელი ადამიანისგან ასეთ ცხვირაწეულ დამოკიდებულებას ვხედავთ სხვა ხალხების მიმართ. გამოდის, რომ ერთი ისაა ამ ქვეყანაზე, ვისაც პრეტენზია აქვს სრულ ჭეშმარიტებაზე. სამწუხაროა, რომ მან უცხო ქვეყნის ელჩი გააიგივა სტუმართან, რომელიც სახლში გივარდება, ძალადობას, პროპაგანდას აქეზებს.

    თქვა ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში გერმანიის ელჩზე პეტერ ფიშერზე საუბრისას.

  • მძროლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაენიშნა

    მძროლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაენიშნა

    პირს, რომელიც 20 მაისს საქართველოს საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაენიშნა.  ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

    მას ბრალდება წარუდგინეს და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ 20 მაისს ბრალდებული, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, მანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. „შლაგბაუმი“, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა. ავტომობილის დაზიანების შემდგომ, იგი ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა, ძალადობის მუქარით გამოხატავდა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. ბრალდებულის ქმედების შედეგად, დაზარალებულებს 9 350 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგათ.

    სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვის ნივთის დაზიანება) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა”. – წერია პროკურატურის განცხადებაში.

  • კაცს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს

    კაცს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს

    კაცს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ხულიგნობის და ნივთის დაზიანების მუხლებით.

    პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 20 მაისს ბრალდებული, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ავტომანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. „შლაგბაუმი“, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა. ავტომანქანის დაზიანების შემდგომ, იგი ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა, ძალადობის მუქარით გამოხატავდა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. ბრალდებულის ქმედების შედეგად დაზარალებულებს 9350 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგათ.მძღოლს, რომელიც 20 მაისს საპატრიარქოს რეზიდენციის ეზოში ავტომობილით შევარდა ავტომობილით, პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წარუდგინა – ხულიგნობა და ნივთის დაზიანება.“

    კაცი პოლიციამ იმავე დღეს დააკავა.

    “მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა”.

    დაკავებულს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
    პროკურატურის ინფორმაციით ბრალდებულის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა.

  • ტრამპი ამბობს, რომ შვილის ქორწილში მისვლას „შეეცდება“, თუმცა დრო „არახელსაყრელია“

    ტრამპი ამბობს, რომ შვილის ქორწილში მისვლას „შეეცდება“, თუმცა დრო „არახელსაყრელია“

    პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი და „სხვა საქმეები“ ამ შაბათ-კვირას შვილის ქორწილში მისვლას გაურთულებს. ის ამბობს, რომ ამ საკითხში ნებისმიერი გადაწყვეტილება მისთვის მომგებიანი არ იქნება.

    ამ თემაზე კითხვა მას ჟურნალისტმა დაუსვა:

    ჟურნალისტი: „სხვათა შორის, ამ შაბათ-კვირას თქვენი შვილის ქორწილში მიდიხართ?“

    პრეზიდენტი ტრამპი: „თუ წავალ — გამანადგურებენ. თუ არ წავალ — მაინც გამანადგურებენ, ოღონდ fake news-ებით!“

    „მას უნდა, რომ წავიდე, მაგრამ ეს პატარა, პირადი ღონისძიება იქნება და ვეცდები, მოვახერხო. შუა პროცესში ვარ. ვუთხარი, იცი, ჩემთვის ეს დრო მაინცდამაინც კარგი არ არის-მეთქი!“

    „ერთი საქმე მაქვს, რომელსაც ‘ირანი’ ჰქვია, და კიდევ სხვა საქმეებიც.“

    „ძალიან კარგი ადამიანი ჰყავს გვერდით, დიდი ხანია ვიცნობ, და იმედი მაქვს, შესანიშნავი ქორწინება ექნებათ.“

    დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილი, გავრცელებული ინფორმაციით, ბაჰამებზეა დაგეგმილი. ტრამპ უმცროსი პალმ-ბიჩის წრეებში ცნობილ ბეტინა ანდერსონზე ქორწინდება. მათი ნიშნობის შესახებ ტრამპმა ჯერ კიდევ დეკემბერში, თეთრი სახლის სადღესასწაულო ღონისძიებაზე განაცხადა.

    აშშ–ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 5 შვილი ჰყავს, სამი ქორწინებიდან.

    პირველი ქორწინებიდან დონალდ ტრამპ უმცროსი, ივანკა ტრამპი და ერიკ ტრამპი.

    მეორე ქორწინებიდან ტიფანი ტრამპი.

    მესამე ქორწინებიდან, მელანია ტრამპთან მას ერთი შვილი ჰყავს–ბერონ ტრამპი.

  • Air France და Airbus 2009 წლის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით გაუფრთხილებლობით მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.

    Air France და Airbus 2009 წლის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით გაუფრთხილებლობით მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.

    Air France და Airbus დამნაშავედ ცნეს გაუფრთხილებლობით მკვლელობის საქმეზე, რომელიც უკავშირდება რეის AF447-ის კატასტროფას. თვითმფრინავი რიო-დე-ჟანეიროდან პარიზში მიფრინავდა და 2009 წელს ატლანტის ოკეანეში ჩავარდა. კატასტროფის შედეგად 228 ადამიანი დაიღუპა. პარიზის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ავიაკომპანია და თვითმფრინავის მწარმოებელი ტრაგედიაზე „განსაკუთრებულ და სრულ პასუხისმგებლობას“ ატარებენ.

    შტორმის დროს თვითმფრინავმა მართვა დაკარგა, შევიდა ვარდნის რეჟიმში და წყალში ჩავარდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი — ეკიპაჟის 12 წევრი და 216 მგზავრი — დაიღუპა.

    მგზავრებს შორის იყვნენ 126 კაცი, 82 ქალი, შვიდი ბავშვი და ერთი ჩვილი.

    მანამდე, 2023 წლის აპრილში, სასამართლომ Air France და Airbus გაამართლა, თუმცა რვაკვირიანი პროცესის შემდეგ სააპელაციო ინსტანციამ ხუთშაბათს საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო.

    თვითმფრინავის ნამსხვრევების აღმოჩენა მხოლოდ ხანგრძლივი ძებნის შემდეგ მოხერხდა — ზღვის ფსკერის დაახლოებით 10 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობზე. თუმცა ბორტის თვითმწერები მხოლოდ 2011 წელს იპოვეს, მრავალთვიანი ღრმაწყლოვანი ოპერაციების შემდეგ.

    თვითმფრინავი ოკეანეში 11.5 კილომეტრის სიმაღლიდან ჩავარდა. ეს კატასტროფა მსხვერპლის რაოდენობით ფრანგული ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდა.

    განაჩენის გამოცხადებას ხუთშაბათს დაღუპულთა ნათესავები დაესწრნენ — ძირითადად საფრანგეთის, ბრაზილიისა და გერმანიის მოქალაქეები.

    პროკურატურამ ორივე კომპანიისთვის მაქსიმალური ჯარიმის დაკისრება მოითხოვა — თითოეულისთვის 225 ათასი ევრო. თუმცა დაღუპულთა ოჯახების ნაწილმა ეს თანხა გააკრიტიკა და სიმბოლური სასჯელი უწოდა.

    რეის AF447-ის დაღუპულთა ნათესავების ასოციაციის ხელმძღვანელი დანიელ ლამი, რომელმაც კატასტროფაში შვილი დაკარგა, სასამართლოს გადაწყვეტილება მიესალმა.

    „საბოლოოდ მართლმსაჯულების სისტემამ აღიარა იმ ოჯახების ტკივილი, რომლებიც აუტანელი სისასტიკის კოლექტიურ ტრაგედიას შეეჯახნენ, — განაცხადა ლამიმ. — ეს პრესტიჟული კომპანიები ვეღარ დაიმალებიან თვითკმაყოფილებისა და ტექნოლოგიური ქედმაღლობის უკან“.

    Airbus-მა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას იღებს ცნობად, თუმცა მისი გადასინჯვის მოთხოვნას აპირებს.

    თავად ვერდიქტმა შესაძლოა სერიოზული დარტყმა მიაყენოს ორივე კომპანიის რეპუტაციას.

    ბრალის სრული აღიარება

    ნოემბერში გამართული დასკვნითი მოსმენების დროს პროკურორის მოადგილეები Air France-ისა და Airbus-ის ქცევას „მიუღებელს“ უწოდებდნენ და კომპანიებს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ისინი „სისულელეებს ლაპარაკობდნენ და არგუმენტებს გზადაგზა იგონებდნენ“.

    მაშინ პროკურორმა როდოლფ ჟუი-ბირმანმა მკაცრად გააკრიტიკა Air France-ისა და Airbus-ის ქცევა კატასტროფის შემდეგ გასული წლების განმავლობაში.

    „არაფერი მოჰყოლია — გულწრფელი თანაგრძნობის ერთი სიტყვაც კი, — განაცხადა მან. — ეს არის თავდაცვა, რომელიც ციხესიმაგრესავით არის აგებული. ერთი სიტყვით, ყველაფერს ამას შეიძლება ეწოდოს: უხამსობა“.

    2012 წელს ფრანგმა გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ კატასტროფა გამოიწვია სიჩქარის სენსორების ტექნიკური გაუმართაობისა და პილოტების შეცდომების კომბინაციამ, როდესაც ისინი თვითმფრინავის ვარდნის რეჟიმზე რეაგირებდნენ.

    სიჩქარის არასწორი ჩვენებების გამო ეკიპაჟი დეზორიენტირებული აღმოჩნდა, ხოლო როდესაც თვითმფრინავმა ამწევი ძალის დაკარგვა დაიწყო, პილოტებმა შეცდომით ლაინერის ცხვირი ზემოთ ასწიეს, ნაცვლად იმისა, რომ ქვემოთ დაეწიათ და მართვა აღედგინათ.

    კატასტროფის შემდეგ შეიცვალა პილოტების მომზადების პროგრამები, ხოლო თავად სიჩქარის სენსორები შეცვალეს.

    ტრაგედიის შემდეგ Air France აცხადებდა, რომ ხომალდის მეთაურს 11 ათასზე მეტი საფრენი საათი ჰქონდა, მათ შორის 1700 საათი სწორედ ამ ტიპის თვითმფრინავზე.

    თვითმფრინავმა ბოლო ტექნიკური მომსახურება 2009 წლის 16 აპრილს გაიარა.

    როგორც Airbus, ისე Air France მთელი პროცესის განმავლობაში თანმიმდევრულად უარყოფდნენ ბრალს.

    თუმცა საბოლოოდ სასამართლომ ორივე კომპანია ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

    Airbus — იმაში, რომ სათანადოდ არ შეაფასა სიჩქარის სენსორებთან დაკავშირებული პრობლემების სერიოზულობა, რომელთა შესახებაც, როგორც სასამართლოში დადგინდა, კატასტროფამდე უკვე ცნობილი იყო.

    Air France — იმაში, რომ კომპანიამ არ უზრუნველყო პილოტების სპეციალური მომზადება იმ სიტუაციებისთვის, რომლებიც უშუალოდ ამ პრობლემას უკავშირდებოდა, და ეკიპაჟებს საჭირო ინფორმაცია არ მიაწოდა.

    Airbus-ის წარმომადგენელმა კრისტოფ კაილმა ჯერ კიდევ ოქტომბერში სასამართლოში განაცხადა, რომ კომპანიის მიზანია „ნულოვანი რაოდენობის კატასტროფა“.

    „ყველაზე მცირე ავარიაც კი ჩვენი მთელი საზოგადოების მარცხია“, — ამბობდა ის.

    Air France-ის ადვოკატმა პასკალ ვაილმა მაშინ აღიარა, რომ ავიაკომპანიას ჰქონდა შესაძლებლობა, პილოტებისთვის მაღალ სიმაღლეებზე მოქმედების ტრენინგები ჩაეტარებინა, თუმცა ეს არ ხდებოდა.

    „ჩვენ გულწრფელად მიგვაჩნდა, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა“, — თქვა მან.

    კატასტროფამ ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სამძებრო-სამაშველო ოპერაციას დაუდო საფუძველი.

    თვითმფრინავი ატლანტის ოკეანის მოშორებულ ნაწილში ჩავარდა — სამხრეთ ამერიკის სანაპიროდან 1100 კილომეტრზე მეტ მანძილზე.

    ძებნის პირველ ეტაპზე კატასტროფის მიზეზების გამოძიებას ფრანგული ხელისუფლება კოორდინირებდა, ხოლო ცხედრების ამოყვანით ბრაზილიური სამსახურები იყვნენ დაკავებული.

    ოპერაციის პირველი 26 დღის განმავლობაში წყლიდან 51 ცხედრის ამოყვანა მოხერხდა — ბევრი დაღუპული კვლავ სავარძლებზე იყო მიბმული.

    დაღუპულთა ერთ-ერთი ნათესავი 2019 წელს მედიას უყვებოდა, რომ საკუთარი შვილის ნეშტის დაკრძალვა მხოლოდ ტრაგედიიდან ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ შეძლო.

    მისმა შვილმა — 40 წლის ინჟინერი ნელსონ მარინიო ფილიო — რიო-დე-ჟანეიროს გალეანის აეროპორტში რეისს ძლივს მიუსწრო და, Air France-ის თანამშრომლების თქმით, ბოლო მგზავრი იყო, რომელიც ბორტზე ავიდა.

    რეისის მგზავრები მსოფლიოს 33 ქვეყანას წარმოადგენდნენ. დაღუპულთა შორის იყვნენ 61 ფრანგი, 58 ბრაზილიელი, გერმანიის 26 მოქალაქე, ორი ამერიკელი, ხუთი ბრიტანელი და სამი ირლანდიელი.

    ბრიტანელ მგზავრებს შორის იყო 11 წლის ალექსანდერ ბიოროი ბრისტოლიდან, რომელიც ბრაზილიაში სასკოლო არდადეგების შემდეგ საფრანგეთის გავლით შინ ბრუნდებოდა.

    სამი ირლანდიელი ქალი — ეთნე უოლსი, ჯეინ დიზი და ეშლინგ ბატლერი — ექიმები იყვნენ და ბრაზილიაში დასვენების შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ.

    კატასტროფაში დაიღუპა 26 წლის ბრაზილიელი პრინციც — პედრუ ლუიშ ორლეან-ბრაგანსა.

    ეკიპაჟი 11 ფრანგისა და ერთი ბრაზილიელისგან შედგებოდა.

  • ვინ ფლობს ფოთის  სტრატეგიულ სიმდიდრეს –  TI

    ვინ ფლობს ფოთის სტრატეგიულ სიმდიდრეს – TI

    ვინ ფლობს ფოთის  სტრატეგიულ სიმდიდრეს – ამ სათაურით აქვეყნებს კვლევას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.

    ქალაქი ფოთი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობითა და საზღვაო ინფრასტრუქტურით, საქართველოსა და რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ კვანძს წარმოადგენს. ქვეყნის მთავარი ნავსადგური, ტერმინალები და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ქალაქს საერთაშორისო ლოგისტიკური ჯაჭვისა და ეკონომიკური უსაფრთხოების ქვაკუთხედად აქცევს. სწორედ ამ სტრატეგიული მნიშვნელობის გამო, ფოთის ეკონომიკური რესურსების განკარგვის პროცესი განსაკუთრებულ გამჭვირვალობასა და კეთილსინდისიერების მაღალ სტანდარტს საჭიროებს.

    წინამდებარე კვლევის მთავარი მიზანია დაადგინოს, თუ ვინ მართავს რეალურად ფოთის სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებს და რა ტიპის კავშირები არსებობს მსხვილ ბიზნესსა და მმართველ პოლიტიკურ ელიტას შორის.

    კვლევა ჩატარდა საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციისა და სახელმწიფო მონაცემთა ბაზების (საჯარო რეესტრი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და სხვა) ანალიზის საფუძველზე. კვლევაში მიმოხილულია ინფორმაცია იმ კომპანიათა შესახებ, რომლებზეც ინფორმაციის მოძიება და დამუშავება სწორედ საჯარო მონაცემთა ბაზების მეშვეობით გახდა შესაძლებელი.

    დოკუმენტი მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას:

    • თევზჭერა და შავი ზღვის რესურსების ათვისება: ლიცენზიების განაწილების პრაქტიკა და მმართველი გუნდის დონორი კომპანიების ექსკლუზიური უფლებები;
    • საზღვაო ინფრასტრუქტურა, პორტები და ტერმინალები: თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა (FEZ) და ტერმინალების მფლობელთა კავშირები მაღალი რანგის პოლიტიკურ ფიგურებთან და ოფშორულ კომპანიებთან;
    • სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სექტორი: სახელმწიფო შესყიდვები და ინტერესთა შეუთავსებლობის რისკები მმართველ რგოლებში;
    • კვების პროდუქტების წარმოება: მსხვილი აგრო-სამრეწველო ჯგუფების პრივილეგირებული ურთიერთობა სახელმწიფო ინსტიტუტებთან და საგადასახადო შეღავათები.

    1 .ეკონომიკური რესურსების განაწილება ფინანსური და პოლიტიკური ჯგუფების მიხედვით.

    კვლევაში წარმოდგენილი მონაცემები შეგვიძლია დავაჯგუფოთ იმ ძირითადი ფინანსური, პოლიტიკური და ნათესაური კავშირების მიხედვით, რომლებიც აკონტროლებენ ქალაქ ფოთის სტრატეგიულ აქტივებს.

    ჯგუფი I: დავით წიწილაშვილი, სულხან პაპაშვილი, ხახუბიების ოჯახი  და ხვიჩა მაქაცარიასთან დაკავშირებული პირები (თევზჭერა და ლოგისტიკა)

    • ამ სექტორში ჩამოყალიბებულია ოლიგოპოლიური მდგომარეობა. შავ ზღვაში თევზჭერის სტრატეგიულ ლიცენზიებს 5 კომპანია ფლობს. ამ კომპანიების მფლობელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მმართველი პოლიტიკური ჯგუფის შემწირველია და ყველა მათგანს სახელმწიფომ თევზჭერის ექსკლუზიური ლიცენზიები 2036 წლამდე გაუგრძელა;
    • თევზჭერის ლიცენზიების მფლობელი კომპანიების წარმომადგენლებმა პოლიტიკური შეწირულებების სახით 1,488,100 ლარი გაიღეს, ყველაზე მეტი – 1,282,000 ლარი მმართველი პარტიას მისცეს;
    • პოლიტიკურ შემწირველებს შორის ყველაზე მეტი გაიღო წიწილაშვილების ოჯახმა, მამა-შვილის – გურამ და დავით წიწილაშვილების ჯამური პოლიტიკური შეწირულება 410,000 ლარია. დავით წიწილაშვილი თევზჭერის სექტორის გარდა, ფლობს და მართავს 28 სხვა კომპანიის წილებს (მათ შორის, ისეთ გავლენიან ლოგისტიკურ კომპანიებში, როგორიცაა შპს “ლოჯისტექსი”, შპს “ესპერანსი”, შპს “მეტალ ტრეიდი”, შპს “ფელინ გლობალი” და სხვა);
    • შპს „დრომონის“ 67% წილს ფლობს სულხან პაპაშვილი, რომლის ბიზნესპარტნიორია დავით წიწილაშვილი. სულხან პაპაშვილი, ძმასთან ლაშა პაპაშვილთან ერთად Forbes-ის 100 ყველაზე მდიდარ ქართველს შორისაა. იგი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსია.
    • ორი ლიცენზიანტი კომპანიის მფლობელებს შორის არის “ქართული ოცნების” დეპუტატი, გიორგი ხახუბია და მისი ოჯახის წევრები;
    • თევზჭერის სექტორის წამყვან ფიგურებს (დავით წიწილაშვილი, ალექსანდრე თავაძე), სხვადასხვა ბიზნესწილების მეშვეობით, უკავშირდება რუსული გავლენებით გამორჩეული ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია, რომელიც Forbes-ის მდიდარ ქართველთა  სიაში მე-9 ადგილს იკავებს. თევზჭერის ლიცენზიის მქონე შპს “გეოფიშ კომპანის” დამფუძნებელია მასთან დაკავშირებული შპს “გუგოლპლექსი”. ხვიჩა მაქაცარია დავით წიწილაშვილის ბიზნესპარტნიორიცაა („აქვამარინი“).
    • თევზჭერასთან ერთად, ტვირთების გადაზიდვის (შპს “ინვესტ გრუპ ჯორჯია”) და სატერმინალო სფეროში (შპს “ფოთი ტრანსტერმინალი”) წარმოდგენილია კახაბერ ლატარია, რომელიც ხახუბიების ბიზნესპარტნიორია შპს “აისბერგი 2”-ში.

    ჯგუფი II: მმართველ პარტიასთან დაკავშირებული მოქმედი და ყოფილი პოლიტიკური ფიგურები

    ამ ჯგუფში ერთიანდებიან პარლამენტის წევრები, ყოფილი მერები და მაღალჩინოსნები, რომლებიც ფოთში უმსხვილეს სტრატეგიულ ბიზნესებს ფლობენ.

    ა) გოდერძი ჩანქსელიანი („ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი) და მისი ოჯახი:

    • გოდერძის ჩანქსელიანი ფლობს შპს „ბევრილი ჯგუფის“ 70% წილს. ეს კომპანია გადაამუშავებს მარცვლეულს,  აქვს საწყობები და წისქვილი ფოთში. კომპანიის გენერალური დირექტორი და 29.84%-ის მფლობელია მისი ძმა, ნერუ ჩანქსელიანი. „ბევრილს“ აქვს შვილობილი კომპანიები: „ბევრილი ბეიქერ ჯგუფი“, „ბევრილი რიეთეილ ჯგუფი“ (მინი მარკეტები ფოთში), „ბევრილი თრეიდინგ ჯგუფი“ და „გრუზბელი“.
    • კორუფციის რისკები: სახელმწიფომ ჩანქსელიანის კომპანიებს („ბევრილი ჯგუფი“ და „გრანდე ჯგუფი“) საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე ჯამში 5.4 მილიონი ლარის გადახდა აპატია (შეუმცირა 160,000 ლარამდე). არსებობს დეპუტატის მხრიდან ინტერესთა შეუთავსებლობის, უკანონო საჩუქრის მიღებისა და ქონების დამალვის ნიშნები. ძმებმა ჩანქსელიანებმა ჯამში 113,230 ლარი შესწირეს „ოცნებასა“ და სალომე  ზურაბიშვილს.

    ბ) გოჩა ენუქიძე („ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი):

    • შპს „ფოთპეტროლის“ 40%-ს ფლობს „იბერკომპანი ჰოლდინგი“, რომლის მფლობელია დეპუტატი გოჩა ენუქიძე. კომპანია ფლობს ლარნაკას ქუჩაზე მიწას (690 კვ.მ), რომელიც იჯარით აქვს აღებული გალფს („სან პეტროლიუმ ჯორჯია“). გოჩა ენუქიძემ 160,000 ლარი შესწირა „ოცნებას“, 60,000 – სალომე ზურაბიშვილს, 60,000 – „ენმ“-ს.

    გ) გიორგი ხახუბია („ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი) და მისი ოჯახი:

    • შპს „აისბერგი 2“: თევზის გადამამუშავებელი საწარმო, ფლობს თევზჭერის 1 ლიცენზიას. მფლობელები: კახაბერ ლატარია (25%)ეკატერინე ხურცია (25%), დეპუტატი გიორგი ხახუბია და მაკა ხახუბია (25%), თურქული კომპანია (25%). კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა ჯამში 893,100 ლარის შეწირულება გაიღეს (702,000 ლარი – „ქართულ ოცნებას“);
    • შპს „სათნოს“ 100% წილის მფლობელია ეკატერინე ხურცია (დეპუტატ გიორგი ხახუბიას სიდედრი). იგი მართავს ნავთობბაზებს, საბაჟო საწყობებს და სერვის ობიექტებს.

    დ) მამუკა მერკვილაძე (რუსეთში ქართული დიასპორის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ყოფილი ხელმძღვანელი):

    • შპს „ფოთი ტრანსტერმინალი“: ფლობს 9 ჰექტარ ტერიტორიას (წლიურად 80 ათასი კონტეინერი, $15 მლნ ინვესტიცია). 50%-ს ფლობს ყაზახური „PTC HOLDING“, 35%-ს – მამუკა მერკვილაძე, 10%-ს კახაბერ ლატარია;
    • შპს „ფოთი ქარ ტრანზიტი“ და „ფოთი ტრანზიტი“: 100% და 95% წილებით მერკვილაძის საკუთრებაა;
    • შპს „ინვესტ გრუპ ჯორჯია“: გადაზიდვების მომსახურება. მფლობელები: მ. მერკვილაძე (35%), ყაზახური „PTC HOLDING“ (50%). ფლობს 88,243 კვ.მ მიწას;
    • მერკვილაძე ასევე ფლობდა 35% წილს ბალდის კანიონის სკანდალურ პროექტში.

    ე) ფოთის ყოფილი მერები და მაღალჩინოსნები:

    • გოჩა კურდღელია (ყოფილი მერი) არის შპს „კავკასიან მეტალს ტერმინალის“ დირექტორი და 15% წილის მფლობელი (რომლის 85%-ს კვიპროსული ოფშორი ფლობს, დაკავშირებული ავსტრიისა და მონაკოს მოქალაქეებთან). ასევე ფლობს 3.5%-ს შპს „მეტალექსში“ (შავი და ფერადი ლითონები). მან ჯამში 120,000 ლარი შეწირა პარტიებს;
    • ვახტანგ ალანია (ყოფილი მერი) არის შპს „სოფმარში“ (საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები) დირექტორი;
    • ჯემალ ინაიშვილი (ყოფილი პარლამენტარი, ფოთის პორტის ყოფილი უფროსი): სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შპს „მედლოგ ფოთში“ (რომლის 80%-ს შვეიცარიული „მედლოგ ეს.ეი“ ფლობს).

    ჯგუფი III: საზღვაო ინფრასტრუქტურა, პორტები და ტერმინალები

    • კვლევამ აჩვენა, რომ სტრატეგიული დარგების – ნავსადგურების, ტერმინალების, ტვირთების გადამზიდი კომპანიების, საწყობებისა თუ ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილის მმართველობაში ჩართულები არიან ან წარსულში იყვნენ მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები თუ მათი ოჯახის წევრები;
    • ამ ნაწილში ფიგურირებენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, “ქართული ოცნების” დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, ფოთის ყოფილი მერი, გოჩა კურდღელია, რუსეთში ქართული დიასპორის ვიცე-პრეზიდენტი და რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ყოფილი ხელმძღვანელი, მამუკა მერკვილაძე და სხვები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო რესურსებზე წვდომა ხშირად პოლიტიკური გავლენების შედეგია;
    • ფოთში შექმნილი ახალი საზღვაო ნავსადგურის მფლობელები “ქართული ოცნების” მნიშვნელოვანი დონორები არიან. “პეის ჯორჯიას” დირექტორმა, მფლობელებმა და მასთან დაკავშირებული კომპანიების წარმომადგენლებმა ჯამში 1,146,340 ლარის შეწირულება გაიღეს. ჯგუფი ფოთში განკარგავს 264,534 კვ.მ ტერიტორიას. ირაკლი კობახიძის განკარგულებით მათ სიმბოლურ ფასად, 49 წლის ვადით გადაეცათ ზღვის ფსკერზე არსებული 5,239 კვ.მ მიწა;
    • ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაშია რეგისტრირებული ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილისა და “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის, ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანია  შპს “კ და ქართული სპირტი”, რომელიც ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია საქართველოში.

    ჯგუფი IV: რუსული კაპიტალი და ოფშორული გავლენები

    ფოთის სტრატეგიულ ეკომონომიკურ სექტორებში აღსანიშნავია რუსული კავშირების მქონე პირთა წარმომადგენლობა. სამი მათგანი რუსეთის მოქალაქეა, ექვსი პირი კი საქართველოსა და რუსეთის ორმაგ მოქალაქეობას ფლობს. ამ ჯგუფში შედის ტერმინალები, რომელთა საბოლოო ბენეფიციარები რუსეთის მოქალაქეები ან ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიები არიან.

    • შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ – საქართველო“: ფლობს ნავთობის ტერმინალებს (აქტივები: 60 მლნ ლარი 2020 წელს). კომპანიის 75%-ს ფლობს გიბრალტარული ოფშორული კომპანია, რომლის საბოლოო ბენეფიციარი იყო დავით იაკობაშვილთან დაკავშირებული „Petrocas Energy International“, რომლის 49%-ს სანქცირებული რუსული „როსნეფტი“ ფლობდა 2022 წლამდე. კომპანია ასევე ფლობს წილს შპს „ფოთი ტერმინალ ჰოლდინგში“ ვირჯინიის კუნძულების ოფშორთან ერთად;
    • შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“ (PGT): 50%-ს ფლობს ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული TOWER CAPITAL TRADING, რომლის საბოლოო მფლობელები რუსეთის მოქალაქეები ალექსეი ჩემერიჩკო და მარატ შაიდაევი არიან;
    • სს „ფოთი სტორიჯ სოლუშენს“: ტვირთის დასაწყობება/შენახვა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე, ჯანი მიხაილოვი (იგი ასევე მართავდა სააქციო საზოგადოება „რუსელოისს“, რომლის გაკოტრების საქმე მიმდინარეობს ამჟამად რუსეთში. ეს კომპანია მოიპოვებდა მანგანუმს თერჯოლაშიც. მიხაილოვი ფლობს უძრავ ქონებას რუსეთში);
    • შპს „ფოთის ლოგისტიკური პარკი“ ეწევა  სატერმინალო მომსახურებას, ფლობს 22,891 კვ.მ მიწას. კომპანიის 49%-ს ფლობს სენ კიტსისა და ნევისის (და სავარაუდოდ, რუსეთის) მოქალაქე ანდრეი ბარანოვი;
    • შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“: დაარსდა 2008 წელს არაბული RAKIA-ს მიერ. 2017 წელს 75% ჩინურმა CEFC China Energy-მ შეიძინა (ხელმძღვანელი დააკავეს). ამ პერიოდში მმართველ კომპანიაში მრჩევლად მუშაობდა ირაკლი ღარიბაშვილი. კომპანიის გაკოტრების შემდეგ, 2025 წელს სახელმწიფომ 100%-იანი წილი დაიბრუნა.

    ჯგუფი V: მსხვილი ქართული კორპორაციები

    • “ვისოლ ჯგუფი” (ძმები ფხაკაძეები):
      • შპს „მპ დეველოპმენტი“: სამეთვალყურეო საბჭოში არიან Forbes-ის სიაში მყოფი ლევან და სოსო ფხაკაძეები. კომპანია ფოთში ფლობს 2,682 კვ.მ ფართობის მქონე სავაჭრო ცენტრს „ფოთი მოლი“. ჯგუფთან დაკავშირებულ პირებს 207,700 ლარი აქვთ შეწირული.
      • უჩა მამაცაშვილის პარტნიორები:
      • შპს „კ და ქართული სპირტი“: მდებარეობს ფოთის ინდუსტრიულ ზონაში. საქართველოში ალკოჰოლის უმსხვილესი მწარმოებელი. 80%-ს ფლობს ვახტანგ კარიჭაშვილი (მამაცაშვილის პარტნიორი, უკრაინის მიერ სანქცირებული). კომპანიის დირექტორებმა და კარიჭაშვილის სხვა კომპანიებმა ჯამში 557,000 ლარი შესწირეს „ოცნებას“.
      • სააქციო საზოგადოება „ნიკორა“:
      • შპს „კორიდა“: ხორცპროდუქტების მწარმოებელი ფოთში. მიღებული აქვს 224,932 ლარის ტენდერები.
      • კაჭარავა-ჭიორელის ჯგუფი:

    ამ ჯგუფს ფოთში რამდენიმე მსხვილი ბიზნესი გააჩნია შპს „აისბერგი ფოთი“ (სასაწყობო-სამაცივრე, 70% ბ&ჯ, 30% ყაზახეთის მოქალაქე იგორ მარტინოვი); შპს „ამერიქენ მონოლით“შპს „რეალ ტრანსი“ (სატვირთო გადაზიდვები ფოთი-თბილისი-ერევანი-ბაქო); შპს „ვიტამინი 2017“ (ბანანისა და ხილის მსხვილი იმპორტიორი). ლევან კაჭარავასა და ლევან ჭიორელს. პოლიტიკური შეწირულებების სახით 290,000 ლარი აქვთ გაღებული.

    ჯგუფი VI: სამშენებლო სექტორი და სახელმწიფო შესყიდვები

    ამ ჯგუფში შემავალი კომპანიები დიდწილად სახელმწიფო შესყიდვებზე არიან დამოკიდებულნი.

      • შპს “პრაიმ ბეტონმა” 2012 წლიდან მიიღო 72,901,804 ლარის ღირებულების კონტრაქტები. სამეთვალყურეო საბჭოს წევრია თავდაცვის ძალების ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლე;
      • შპს “გზა მშენებელი 13”-მა მიიღო 36,429,600 ლარის კონტრაქტები. კომპანიის მფლობელები “ქართული  ოცნების” შემწირველები არიან;
      • შპს “ტოტალმა”  მიიღო 12,985,565 ლარის ხელშეკრულებები.

    2. კვლევის ძირითადი მიგნებები

    კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ფოთის სტრატეგიული სექტორი რამდენიმე გავლენიანი ჯგუფის ხელშია კონცენტრირებული. გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:

      • სისტემური კორუფციის ნიშნები: სახელმწიფო რესურსებზე წვდომა  მიუთითებს პრივილეგირებული ჯგუფების არსებობაზე. კომპანიების უმრავლესობა, მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაღებული სოლიდური შეწირულებების სანაცვლოდ, ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ლოიალობასა და ექსკლუზიურ პრივილეგიებს (ლიცენზიები აუქციონის გარეშე 2036 წლამდე, მილიონობით ლარის საგადასახადო პატიება) იღებს;
      • პოლიტიკური ლოიალობა, როგორც ბიზნესის პირობა. ფოთში მოქმედი ბიზნესის უდიდესი ნაწილი პოლიტიკურ სიმპათიებს იმის მიხედვით იცვლის, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში და შეწირულებებსაც სწორედ ამ ნიშნით აკეთებს. იდენტიფიცირებულმა პირებმა და კომპანიებმა გაიღეს 5,396,370 ლარის ოდენობის შეწირულება. „ქართულმა ოცნებამ“, მისმა სატელიტმა “ხალხის ძალამ” და ასევე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მათ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა  მიიღეს 4,671,980 ლარი (საერთო მოცულობის დაახლოებით 86,5%). “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც” პოლიტიკური შეწირულება მაშინ მიიღო, როდესაც ეს პარტია მმართველობაში იყო (2012 წელი);
      • რუსული/ოფშორული გავლენები და გამჭვირვალობის დეფიციტი: ფოთში მნიშვნელოვნად იკვეთება რუსული ინტერესები. რუსეთის 3  მოქალაქე, რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე 6 პირი და ასევე ერთი რუსული კომპანია ფლობენ სტრატეგიულ ტერმინალებს. სხვადასხვა სექტორში წარმოდგენილია  მნიშვნელოვანი რუსული კავშირების მქონე პირები. 7 მსხვილი კომპანიის მფლობელები  დაკავშირებული არიან კვიპროსში, გიბრალტარსა და ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ ოფშორებთან, რაც ართულებს მათი რეალური მესაკუთრეების იდენტიფიცირებასა და საზოგადოებრივ კონტროლს;
      • ოლიგოპოლია და ურთიერთდაკავშირებული ქსელები: თევზჭერის, ლოგისტიკისა და პორტების სექტორში მოქმედი კომპანიები ერთმანეთთან და მმართველ გუნდთან არიან გადაჯაჭვულები (მაგ. წიწილაშვილების, ხახუბიების, პაპაშვილის, მაქაცარიასა და პეის ჯგუფის ქსელები);
      • თანამდებობის პირების ბიზნეს-ინტერესები: ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსები  (დეპუტატები: გოდერძი ჩანქსელიანი, გოჩა ენუქიძე, გიორგი ხახუბია. ჯემალ ინაიშვილი; ყოფილი მერები: გოჩა კურდღელია, ვახტანგ  ალანია; რუსეთში ქართული დიასპორის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა მერკვილაძე) უშუალოდ მონაწილეობენ სტრატეგიული დარგების მართვაში. მათი აქტივობა ადასტურებს, რომ ბიზნესში წარმატებას ხშირად ხელისუფლებისადმი ლოიალობა განაპირობებს
  • მართვის მოწმობის აღება მარტივდება – რა ცვლილებები შედის პრაქტიკულ და თეორიულ ნაწილში

    მართვის მოწმობის აღება მარტივდება – რა ცვლილებები შედის პრაქტიკულ და თეორიულ ნაწილში

    ცვლილებები შედის მართვის მოწმობის გამოცდის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილში.  ბრძანებას ხელი “ქართული ოცნების”   შს მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ხელი მოაწერა.

    • დღეიდან ქალაქის გამოცდის რიგების მართვის პროცესი იცვლება

    კანდიდატების თანაბარი გადანაწილების პირობების უზრუნველყოფისთვის, სააგენტო უფლებამოსილია შეიმუშაოს შესაბამისი ალგორითმი, რომელიც უზრუნველყოფს მძღოლობის კანდიდატთა ბაზის ანალიზს.

    უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვინც მაგალითად, პირველად გადის გამოცდაზე, რიგის დაჯავშნის ლოდინის დიდი პერიოდი აქვს, უფიქსირდება გამოცდაზე ნაკლები გასვლა და ასე შემდეგ.

    • თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად 25 ქულა საკმარისი იქნება

    B კატეგორიისა და B1 ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდაზე კანდიდატებმა უნდა უპასუხონ 30 ქულიან ბილეთს, რომლისთვისაც ექნებათ 30 წუთი და უნდა დააგროვონ მინიმუმ 25 ქულა. აქამდე გამოცდა ჩაბარებულად მინიმუმ 27 სწორი პასუხის შემთხვევაში ითვლებოდა.

    15 ივნისიდან კანდიდატს ექნება საშუალება პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვებული მცირე ხარვეზები გამოასწოროს

    მაგალითად, თუ კანდიდატი გამოცდის დაწყებამდე, ან მოძრაობის დასაწყებად მომზადებისას რაიმე უსაფრთოების წეეს არ შეასრულებს სწორად, მას შეცდომას დაუყოვნებლივ არ ჩაუწერენ. ბრძანების თანახმად, გამომცდელი ვალდებულია კანდიდატს მისცეს მინიშნება (“გთხოვთ კიდევ ერთხელ შეამოწმოთ საგზაო მოძრაობისთვის მზადყოფნა”), ამასთან “გამომცდელი უფლებამოსილია გააჩეროს საგამოცდო ავტომობილი ან მძღოლობის კანდიდატს მისცეს საგამოცდო ავტომობილის გაჩერების მითითება.”

    ხოლო თუ კანდიდატი მითითების შემდეგაც ვერ შეასრულებს წესს სათანადოდ, ამ შემთხვევაში შეცდომა ოფიციალურად დაფიქსირდება.

    15 ივნისიდან მსუბუქი შეცომების ლიმიტიც იზრდება და 12-ის ნაცვლად, 15 ან მეტი იქნება.

    ასევე შეიცვალა საგამოცდო მარშრუტები გორსა და ბათუმში. შეცვლილი მარშრუტები იხილეთ ბმულზე.